Items filtered by date: ხუთშაბათი, 28 მარტი 2019 - NEWSDAY GEORGIA

"ნატო-საქართველოს სწავლება 2019” აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწავლების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ.

სწავლების მიმდინარეობის გასაცნობად ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (jtec) საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადმირალი მანფრედ ნილსონი ეწვიენ.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, მოგვიანებით კი, სწავლების სამუშაო პროცესს გაეცნენ და მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი დაათვალიერეს.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილემ, ადმირალმა მანფრედ ნილსონმა მოწვეული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით jtec-ში იმართება და მასში 350 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს მონაწილეობას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

 სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის non article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (icrc) და გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი) რაც ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (sngp) ტარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

პირველად ხდება ისტორიაში ასევე, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები jtec-თან ერთად ხელმძღვანელობს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (act), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (landcom) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (jftc) უწევს.

წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ წინა სწავლებაში 15 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. ზაალ ლატარია, ზურაბ სოლომნიშვილი, თემურ ირემაძე და ანტონ ღლონტი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ იშუამდგომლა. როგორც პროკურორმა განმარტა, ამის საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოებები გახდა.

„მოვიძიე ინტერნეტში და შემდეგ გავუგზავნე რამდენიმე მეგობარს. აღიარებას რაც შეეხება, ამას თავიდანვე არ უარვყოფდი. ახლაც ვამბობ, რომ მოვიძიე ეს კადრები ინტერნეტში, გადმოვწიერე და რამდენიმე ადამიანს გავუგზავნე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანტონ ღლონტმა.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, 4 პირს კი, პატიმრობა.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

გამოქვეყნებულია სამართალი

კორეის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტს საბეჭდი მოწყობილობის-სტამბის შესაქმნელად, 50 ათასი აშშ-ის დოლარის შესაბამისი აპარატურა გადაეცემა. აღნიშნული ინფორმაცია კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კიმ სე ვუნგმა პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას დღევანდელ შეხვედრაზე აცნობა.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ კორეელ დიპლომატს და კორეის რესპუბლიკის მთავრობას მხარდაჭერისთვის და აღნიშნული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე პარლამენტში სტამბის განთავსების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც მოწმობს უკვე განხორციელებული აქტივობები, რომელთა შედეგების პრეზენტაცია, ცოტა ხნის წინ, ახალი რეგლამენტის ამოქმედებიდან 100 დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. მისივე განცხადებით, პარლამენტის გაზრდილი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი საბეჭდი მოწყობილობა შესაბამისი დოკუმენტების, ბუკლეტების, საცნობარო ინფორმაციის დაბეჭდვაში, მნიშვნელოვნად დაეხმარება.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, კორეის მთავრობა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პარლამენტის მიერ მიწოდებული სპეციფიკების საფუძველზე, სტამბის მოსაწყობ აპარატურას შეიძენს და საკანონმდებლო ორგანოს საჩუქრად გადასცემს, რომელიც სტამბისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსდება.

საქართველოს პარლამენტისთვის საბეჭდი მოწყობილობების აპარატურის გამოყოფა კორეის წარმომადგენლობასთან პარლამენტის აპარატის უფროსის მოლაპარაკებების და კორეაში პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები და შეხვედრები ქართველი და კორეელი დიპლომატების ორგანიზებით წარიმართა.

კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრას საელჩოს კულტურის ატაშე, ბიაუნ სეუნგვუ და პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, შოთა გოშაძედა პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დავით ჭურაძეესწრებოდნენ.

გამოქვეყნებულია განათლება

2019 წლის 27 მარტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა რეგიონულმა პროექტებმა მოაწყვეს არაოფიციალური შეხვედრა წამყვან მედია-საშუალებებთან საქართველოში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო იმ რეალური  შედეგების და შესაძლებლობების განხილვა, რომლითაც ევროკავშირი რეგიონული პროგრამების საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს უზრუნველჰყოფს, ასევე ჟურნალისტებთან თანამშრომლობის გაუმჯობესება. ღონისძიება მიეძღვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ სახის მედია-ღონისძიებას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამამ ქუთაისში ახლად დანერგილი ნარჩენების მართვის ნოვატორული პრაქტიკა წარმოადგინა. ეს გარემოსდაცვითი პროგრამა საქართველოს, მოლდოვის და სომხეთის ადგილობრივი ხელისუფლებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მეცნიერების და აქტივისტების ერთობლივი ძალისხმევით, მიზნად ისახავს მდინარეებში პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირებას. ქართველი კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რომელიც ევროკავშირის პროექტის მიერ მომზადებულ საპოპულარიზაციო ვიდეორგოლში იყო გადაღებული, ღონისძიებაზე ინიციატივის მხარდასაჭერად მოვიდა: „სიხარულით დავთანხმდი ამ ვიდეოში გადაღებას, რადგან ვფიქრობ, რომ პროექტი საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებს - ახორციელებს პლასტმასის ნარჩენების დახარისხებას და გადამუშავებას.პლასტმასი სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, ის ტოქსიკურია ნიადაგისა და წყლისთვის. დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ყურადღების მიმართვა ამ პრობლემისკენ, ყველასთვის ჩვენება, რომ მდინარეში ან წყალში გადაგდებული პლასტმასის ბოთლი ან პოლიეთილენის პარკი აზიანებს გარემოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, აღნიშნა ანატოლი ბოისამ მიმართვაში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამამ წარმოადგინა საკუთარი ინიციატივები ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე:„ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების სწავლების გზით“, „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისთვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ და „გაიცანი მეზობელი“. ეს პროექტები ხელს უწყობს კულტურულ გაცვლებს ახალგაზრდებს შორის ღონისძიებების, ტრენინგების, სასკოლო საქმიანობის, ვიდეო-ისტორიების და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერების საშუალებით. ერთ-ერთი პროექტის ბენეფიციარმა, ლუკა დოლიძემ, ჟურნალისტებს საკუთარი ისტორია გაუზიარა: „მე ვარ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. მიუხედავად ამისა, ამ პროექტის ფარგლებში, ტურიზმის ბიზნეს-ტრენინგებში მივიღე მონაწილეობა. 3–თვიანი ტრენინგების და პრაქტიკული ტურების შემდეგ გავხდი ექსტრემალური და ეკოტურიზმის გიდი. ტრენინგის პერიოდში ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობით პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღე. ვცხოვრობ მანგლისში. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ტურისტული მარშრუტებიდან/ღონისძიებებიდან. ჩემი ინიციატივით, ჩვენი სახლი საოჯახო სასტუმროდ გადავაკეთე. ახლა შემიძლია ტურისტებს ვუმასპინძლო და გავუწიო მათ გიდობა ჩემი ქვეყნის გასაოცარ ადგილებში. ახალგაზრდებს ვურჩევდი, ნუ შეუშინდებიან ახალ ინიციატივებს და ნუ გაუშვებენ ხელიდან სწავლის შესაძლებლობას“.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ინიციატივამ მერები ეკონომიკური ზრდისთვის წარმოადგინა საქართველოს გორის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული ევროკავშირის დაფინანსება აგრობიზნესის და ტურიზმის განვითარების მიზნით რეგიონებში.

ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამამ ჰორიზონტი 2020 წარმოადგინა საკუთარი საქმიანობა საქართველოში და მისი გრანტის მიმღები - პროექტი CURE („ეუბიოზის აღდგენის თერაპიის“ შექმნა ასთმისთვის), რომლის მიზანია ასთმით დაავადებული ადამიანების მკურნალობის კვლევა. სიახლე ამ მკურნალობის ამ სტრატეგიაში ემყარება რესპირატორული მიკრობიომის აღდგენას მასში ბაქტერიოფაგების შეყვანით - ეს კომპონენტი ასთმით დაავადებულ პაციენტებს არა აქვთ. აღნიშნულ პროექტში სულ ჩართულია 10 სამეცნიერო ჯგუფი შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი, ბრიტანეთი, შვეიცარია, ბელგია, პოლონეთი და საქართველო.  საქართველოს მხრიდან კვლევას ახორციელებს გიორგი ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი.

Erasmus+“ პროგრამები ქართველ ახალგაზრდებს ევროკავშირში სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს; აღნიშნული პროგრამების ბენეფიციარებმა მობილობის პროგრამებიდან მიღებული გამოცდილების  შესახებ ისაუბრეს. „ჩემს ცხოვრებაში მომხდარ რადიკალურ და გადამწყვეტ ცვლილებებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის მოკლე- და გრძელვადიანი პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საზღვარგარეთ სწავლას შევძლებდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰელსინკის უნივერსიტეტში, ფინეთში“, თქვა მარიამ ბიწაძემ, პროგრამის „Erasmus +“ სტუდენტმა თბილისიდან. 

„ჩემი აზრით, ამ ვიზიტის დროს მოხდა ნამდვილი კულტურული გაცვლა, რომელიც ჩემთვის, უსინათლო ადამიანისთვის, უმნიშვნელოვანესია. „Erasmus+“ პროგრამის ორივე სემესტრის განმავლობაში შესაძლებლობა მომეცა გამეუმჯობესებინა ჩემს თანატოლებთან გუნდური მუშაობის უნარები. „Erasmus+“ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ ასევე მომცა იშვიათი შესაძლებლობა დამოუკიდებლად, მარტო მეცხოვრა საერთო საცხოვრებელში, ჩემი საკუთარი ან მასპინძელი ოჯახის  გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული უნარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის.როგორც რუმინეთში, ისე გერმანიაში შესაბამისი დახმარებით ვიყავი უზრუნველყოფილი“… თქვა ესმა გუმბერიძემ, რომელმაც ორჯერ მიიღო მონაწილეობა „Erasmus+“ მოკლევადიანი მობილობის საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში. 

ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განსაზღვრულია მასშტაბური ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით.

ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო იღებს რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელების ვალდებულებას შემდეგ სფეროებში: დემოკრატიული მმართველობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ღია და კარგი მმართველობა და ეკონომიკური განვითარება. აღნიშნულის შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ორიენტირებულია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის რეალურ და თვალნათლივ გაუმჯობესებაზე.

ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზა-ლიბერალიზაციამ ხელი შეუწყო სოციალურ-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, რის შედეგად საქართველოს 300,000-მდე მოქალაქემ იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით უზრუნველჰყოფს ქართველ ფერმერებს. ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა 1600-ზე მეტი ფერმერული კოოპერატივი. შედეგები უჩვენებს შემოსავლების 20%-ზე მეტით ზრდას და დასაქმების მაჩვენებლების გაორმაგებას.

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომლის წილი ქვეყნის მთლიან ვაჭრობაში 25%-ს აღემატება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური