Items filtered by date: ორშაბათი, 18 მარტი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ  სფეროებში საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის საკითხები და ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებისა და განვითარების პერსპექტივებზე.
 
ლასლო კოვერმა ელჩს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა ქვეყნის  დემოკრატიული განვითარების პროცესში პარლამენტის როლის მნიშვნელობას. უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა ახლო მომავალში ვიზიტით ეწვიოს საქართველოს. შეხვედაზე კვლავ დადასტურდა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე  ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური  მისწრაფებების მიმართ. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ნაყოფიერი შეხვედრისა და  მტკიცე მხარდაჭერისათვის.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა უნგრეთის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორატის ხელმძღვანელი, სახელმწიფო მდივანი პიტერ სარდი.
 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისში.

ვაშინგტონში, დიმიტრი ცქიტიშვილი, ვერმონტის შტატის სენატორ, ბერნი სანდერსს შეხვდა.

დეპუტატი შეხვდა ამერიკის პროფესიული კავშირების (afl-cio) და ამერიკული სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტში შექმნილი შრომით საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. აქედან გამომდინარე, ვაშინგტონში გამართულ ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ შრომითი კანონმდებლობა, კერძოდ კი, შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, შეხვედრებს ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ:საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, გიორგი ციკოლია და საქართველოს კონსული აშშ-ში, ლევან ბერიძე.

ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტამდე დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (csw) 63-ე სესიას დაესწრო ნიუ-იორკში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

სომხეთის და საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები გასტროტურიზმის სფეროში განიხილეს ვიდეოხიდის მონაწილეებმა Sputnik-ის თბილისისა და ერევნის მულტიმედიურ პრესცენტრებში.

რეგიონში გასტროტურიზმის განვითარება და კულინარიული დიპლომატიის ჩამოყალიბება სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ტრადიციული სამზარეულოების საუკეთესო ნიმუშების პოპულარიზაციის გზით არის შესაძლებელი, მიაჩნიათ ერევანში.

საქმე ისაა, რომ სომხეთის დედაქალაქში დაიბადა იდეა დაწესდეს სომხური და ქართული კერძების ფესტივალი, რომელიც სომხეთში 2019 წლის ოქტომბერში გაიმართება. იდეის ავტორია სომხური კულინარიული ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების საზოგადოებრივი ორგანიზაცია. იგეგმება, რომ ფესტივალის შეჯიბრების ნაწილში საქართველოს და სომხეთს წარმოადგენს გუნდები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება როგორც პროფესიული კულინარებით და შეფ-მზარეულებით, ისე სტუდენტებით, რომლებიც კულინარიას ეუფლებიან.

საქართველოს სახელით სომხეთში ქართულ სამზარეულოს პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს კულინარიის ფედერაციის და პროფესიული კოლეჯ Icarus-ის წარმომადგენლები, სადაც ახალგაზრდები კულინარის, კონდიტერის და სომელიეს სპეციალობებს ეუფლებიან.

საქართველოს კულინარიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მანუელ ფაუნდეზ ბარანდას თქმით, ფესტივალი მნიშვნელოვანია თავისი საგანმანათლებლო კომპონენტით.

„გამოცდილების გაზიარება და სტუდენტური გაცვლა, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია. გარწმუნებთ, არსებობს ბევრი საგრანტო პროგრამა, სადაც ერთ-ერთ პირობას სწორედ ორი ან სამი რეგიონული ქვეყნის მონაწილეობა წარმოადგენს. ეს პროგრამები ეხება ტურიზმს, ეთნოგრაფიას, მათ შორის კულინარიას. ეს ერთი ასპექტია. მეორე ასპექტია - გაცვლა პროფესიულ დონეზე, ანუ პედაგოგების გაცვლა“, - აღნიშნა მანუელმა.

იზა ბრეგვაძე, პროფესიული კოლეჯ IKARUS-ის დირექტორის მოადგილე, რომლის სტუდენტები გადიან წარმატებულ პრაქტიკას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქმდებიან, სომეხ და ქართველ სტუდენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და მჭიდრო დიალოგში დიდ სარგებელს ხედავს.

„ჩვენი კულინარები პრაქტიკას მხოლოდ საქართველოში არ გადიან. ჩვენ გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი გერმანიასთან, ბალტიისპირეთთან. რამდენიმე წელია ჩვენი ფრიადოსნები გადიან პრაქტიკას გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. ამიტომ ყოველწლიურად ჩვენთან სხვადასხვა რეგიონების სტუდენტებს შორის კონკურსები იმართება. მოხარულნი ვიქნებით, თუ თქვენი სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ამ კონკურსებში, ჩვენები კი თქვენთან ჩავლენ. ეს შეიძლება იყოს რაღაც გაცვლითი პროგრამები, რათა თქვენმა სტუდენტებმა შეისწავლონ ქართული სამზარეულო, ჩვენებმა კი - სომხური“, - განაცხადა ბრეგვაძემ.

სომხური მხრიდან გაიჟღერა იდეამ, რომ კულინარიულ ფესტივალს სომხეთსა და საქართველოში გასტროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა შეუძლია, თუ, რა თქმა უნდა, გააქტიურდებიან ორივე ქვეყნის ტუროპერატორები და სახელმწიფო სტრუქტურები. სომხეთი არ გამორიცხავს, რომ ფესტივალის მოედანი თანდათან შეიძლება გაიზარდოს და სხვა ქვეყნები მოიზიდოს.

„ვგეგმავთ ჩავატაროთ ფესტივალი ერთხელ სომხეთში, მეორეჯერ - საქართველოში. აპრილის მეორე ნახევარში ქართულ დელეგაციას სომხეთში მოვიწვევთ და ფესტივალის ლოკაციებსა და პროგრამას დეტალურად განვიხილავთ. შემდგომში ეს არენა სხვა ქვეყნებისთვისაც გვინდა გამოვიყენოთ. ახლა ვაპირებთ დავამყაროთ კავშირები ირანისა და თურქეთის კულინარიულ კომპანიებთან, რათა ეს პლატფორმა ე.წ. კულინარიულ დიპლომატიად ვაქციოთ. რადგან კულინარიული სამყარო - სოლიდარობის სამყაროა, სადაც მახვილი კუთხეები არ არსებობს“, - განაცხადა სედრაკ მამულიანმა.

როგორც სომხეთის ტურიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მეხაკ აპრესიანმა განაცხადა, ფესტივალის ფარგლებში საქართველო და სომხეთი შეძლებენ ძალისხმევის გაერთიანებას და კონკურენტუნარიანობას მიაღწევენ.

„ჩვენ ვართ მეზობლები და ძმები. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, ჩვენი პოტენციალი და მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები გავხდებით. სამზარეულო კულტურის ძალიან მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ ამით ძლიერები ვართ, ორივე ქვეყანას ძალიან გემრიელი მრავალფეროვანი შესანიშნავი სამზარეულო გვაქვს. ჩვენ ამით ვამაყობთ და უნდა ვისარგებლოთ ამით“, - განაცხადა აპრესიანმა.

აღინიშნა, რომ ფესტივალის ლოკაციისთვის განიხილება ორი ქალაქი - ლორე და დილიჟანი. რაც შეეხება დილიჟანს, ის შემთხვევით არ აურჩევიათ: იქაც, როგორც თბილისში, დგას ხალხთა მეგობრობის ნამდვილი ნიმუშის - გიორგი დანელიას საკულტო ფილმ „მიმინოს“ ძეგლი.

Read more: https://sputnik-georgia.com/tourism/20190314/244678079/Gastro-Tourism-and-culinary-diplomacy-Armenia-and-Georgia-unite-the-forces.html

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ექსპერტებმა საქართველოდან და სომხეთიდან ერევანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეაჯამეს და საინტერესო წინადადება წამოაყენეს.

„ადამიანის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ თავმჯდომარემ ტევან პოღოსიანმა Sputnik-ის მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართული ვიდეოხიდის თბილისი-ერევანი მსვლელობისას წამოაყენა იდეა, რომ შეიქმნას ქართულ-სომხური ფონდი, რომელიც სხვადასხვა პროექტს განახორციელებს.

ვიდეოხიდი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის შედეგებს მიეძღვნა. ზურაბიშვილმა ერევანში შეხვედრები გამართა სომხეთის ხელმძღვანელობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორესთან.

„ჩვენ (სომხეთი და საქართველო) ხანდახან სხვადასხვა დონორზე ვართ დამოკიდებული. მოვა ვინმე დონორი გარედან, გააკეთებს რეგიონულ პროექტს და ჩვენ სადღაც შევხვდებით ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ გვექნება პროექტები პრაქტიკულ დონეზე. და რატომ არ უნდა შევქმნათ რამე სახის ერთობლივი სომხურ-ქართული ფონდი, რომელიც ჩვენსავე პროექტებს დაეხმარება? ამ ფონდს უხელმძღვანელებენ თბილისიდანაც და ერევნიდანაც - ქართველები და სომხები, და არავინ სხვა არ მოვა ჩვენთან სალაპარაკოდ. რეალურად უნდა გავაკეთოთ ის, რაც გვჭირდება, რაც საინტერესოა", – განაცხადა პოღოსიანმა.

ვიდეოხიდში, პოღოსიანის გარდა, მონაწილეობდნენ - ერევნიდან ექსპერტი ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხებში ჯონი მელიქიანი, თბილისიდან - სომხეთში საქართველოს პირველი ელჩი, სამცხე-ჯავახეთის ექს-გუბერნატორი გიგლა ბარამიძე.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

Read more: https://sputnik-georgia.com/caucasus/20190315/244686133/somxeTi-qarTul-somxuri-fuladi-fondis-Seqmnis-winadadebiT-gamodis.html





გამოქვეყნებულია საზოგადოება

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგმა გახსნეს.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით “წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში” (JTEC) გაიმართება და მასში 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები JTEC-თან ერთად ხელმძღვანელობს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) გაუწევს.

წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ წინა სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

სწავლებაში ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები - “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC), გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO)და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი).

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

 გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები  საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

 საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და 2,5 კგ ოქროს ნაკეთობანი, რომელთა საერთო  საბაჟო ღირებულება  240 000 ლარს აღემატება.

 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

გამოქვეყნებულია სამართალი

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი 18 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური