Items filtered by date: ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 - NEWSDAY GEORGIA

დღეს იწყება მედია-კონკურსი სოციალურ ქსელებში: Facebook, Instagram და Vkontakte; კონკურსის მთავარი პრიზია ვირტუალური რეალობის შლემი გამარჯვებული პოსტისთვის!

კონკურსი გრძელდება 25 მარტამდე და წარმოადგენს ინიციატივის #EU4Energy პროექტს „ბებო“, რომელიც აზიარებს სასარგებლო რჩევებს და რეკომენდაციებს ენერგოეფექტურობის გაზრდის საშუალებით ენერგიის და თანხის დაზოგვის თაობაზე.

მონაწილეებს სთხოვენ დაპოსტონ ენერგოეფექტურობის საკუთარი რჩევები და რეკომენდაციები „ბებოს“ თითოეული რჩევის ქვეშ კომენტარების ნაწილში. ეს შეიძლება იყოს სკოლაში, სამსახურში ან სახლში ნასწავლი, წიგნში წაკითხული, ან მეგობრისგან ან მშობლებისგან მიღებული რჩევები. შეიძლება დაპოსტოთ ნებისმიერი რეკომენდაცია ან რჩევა, რომელიც უჩვენებს, თუ როგორ მოვიხმაროთ ნაკლები ენერგია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა; სულ გაიცემა ათი პრიზი, ხოლო პირველი პრიზია ვირტუალური რეალობის შლემი.

ეს #EU4Energy კონკურსი ორგანიზებულია EU4Energy საკომუნიკაციო პროექტის მიერ და მას აფინანსებს ევროკავშირი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://bit.ly/2Ep9yyF

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან. / ALL BOING 737-8  MAX AND 737-9 MAX AEROPLANES OPERATIONS ARE PROHIBITED IN GEORGIAN FIR. EFFECTIVE FROM 09:00 UTC; MARCH 13, 2019
 
სააგენტო (GCAA) თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი  ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
 
აქვე ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ  საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.
 
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ეთიოპიის ავიახაზების  კუთვნილი თვითმფრინავზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო (რეისი ET302), უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, საჰაერო ხომალდის ოპერატორ ავიაკომპანიას და შესაბამის საავიაციო ხელისუფლებას.
 
დამატებითი ინფორმაცია: ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის დირექტივა https://ad.easa.europa.eu/ad/2019-0051-E
გამოქვეყნებულია საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა "ურანის" გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს "ურან-238"-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

გამოქვეყნებულია სამართალი

კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 13 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ვაკის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილის ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბროსეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ტრაქტორის და ცისარტყელას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გარდაბნის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, საავიაციო ქარხნის დასახლების, საბარგოს დასახლების, ჯანელიძის, ამირეჯიბის, არველაძის, გუჯარეთის, კალანდაძის, თანდაშვილის, ონიანის, ნიაბის, რაზიკაშვილის, სომხეთის, გოლოვნის, კვესეთის, ბეთანიის, გედევანიშვილის, რუისის, საინგილოს, ფშავის, კვალეთის, თეძამის, კიკეთის, ბეღლეთის, სამრეკლოს, სამხედროს, გალავნის, კაიშაურის, რუისპირის, დომინიკა ერისთავის, ნაქერალის, განთიადის, ახალუბნის, ოძისის, შაქრიანის, ბზიფის, გუმბრის, ჟონეთის, გეთიას, ბოგდან ხმელნიცკის და არსენ იყალთოელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, 26 მაისის მოედნის, ვახუშტი ბაგრატიონის, გოთუას, ალმასიანის, ბერბუკის, აფაქიძის, ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, კვერნაძის, ასლანიდის, კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროსაც. ამის შესახებ „საქართვერლოს ახალგაზრდების დახმარებისა და საგანმანათლებლოს საზოგადოებას“ თავმჯდომარე მუსა გაჯიევმა განაცხადა.

მისივე თქმით იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის აღნიშნული ურთიერთობების მაღალი დონე შენარჩუნდეს, აუცილებელია ორი ქვეყნის საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის უღთიერთობებიც მაღალ დონეზე იყოს. „ორივე ქვეყნის პრობლემა დღეისათვის არის სეპარატიზმი და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სეპარატისტებმა საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვონ“, - აღნიშნა მ. გაჯიევმა. მან ასევე განაცხადა, რომ შემდგომი მუშაობის გაძლიერების მიზნით, აუცილებელია შეიქმნას სამმხრივი ფორმატის საკონსულტაციო ორგანო - საქართველო, აზერბაიჯანის და თურქეთის მონაწილეობით.

ეს განცხადება მ. გაჯიევმა „აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში საჯარო ორგანიზაციების როლი“ თემაზე ორგანიზებულ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის და თურქეთის საელჩოების ოფიციალური წარმომადგენლებიც. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივნის რაჰიმ რაჰიმზადეს განცხადებით, დღეისათვის განსახილველი საკითხები ძალიან აქტუალურია. საქართველო-აზერბაიჯანს შორის მაღალი დონის ურთიერთობებს საფუძველი ყოფილმა პრეზიდენტებმა ედუარდ შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა ჩაუყარეს და მას შემდეგ ეს ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ძლიერდება. „ამჟამად ჩვენ განვიხილავთ ორი ქვეყნის საჯარო სექტორის წარმომადგენლების მუშაობის გაძლიერების საკითხებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მათ შეაქვთ დიდი წვლილი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში“, - დასძინა რ. რაჰიმზადემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან „საქართვერლოს ახალგაზრდების დახმარებისა და საგანმანათლებლოს საზოგადოება“ /საქართველო/, „თანამედროვე განვითარება საჯარო ეთიანობა“ /აზერბაიჯანი/, „ჰილალ“ სოციალური კვლევის საჯარო ერთიანობა /აზერბაიჯანი/ და „ახალგაზრდების წვლილი“ საჯარო ერთიანობა /აზერბაიჯანი/.

გარდა ამისა „აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში საჯარო ორგანიზაციების როლი“ თემაზე ორგანიზებულ კონფერენციის მხარდამჭერები არიან აზერბაიჯანის და თურქეთის საელჩოები საქართველოში.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მედიაციის ინსტიტუტის შემოღებით სასამართლოები გათავისუფლდებიან მცირე დავებისაგან და ეს აისახება იმაზე, რომ საქართველოში დავები მაქსიმალურად მოკლე დროში გადაიჭრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იუსტიციის სამინისტრომ მედიაციის ინსტიტუტის შემოღების საკითხი დღეს წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის თქმით,  საქართველო იქნება რეგიონში როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით ლიდერი და  რეგიონული ცენტრი.

„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა სასამართლოსთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემად მიიჩნევს პროცესის ხანგრძლივობას, რასაც სასამართლოების გადატვირთულობაც განაპირობებს. მედიაციის ინსტიტუტის შემოღებით სასამართლოები გათავისუფლდებიან მცირე დავებისაგან და ეს აისახება იმაზე, რომ საქართველოში დავები მაქსიმალურად მოკლე დროში გადაიჭრება. ჩემთვის ამ ინსტიტუტების შემოღებას აქვს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა. მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა სასამართლოსთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემად პროცესის ხანგრძლივობას მიიჩნევს, რასაც სასამართლოების გადატვირთულობაც განაპირობებს. რა თქმა უნდა, მედიაციის შემოღებით სასამართლოები გათავისუფლდებიან მცირე დავებისაგან და შესაბამისად, ეს ზოგადად აისახება, რომ საქართველოში დავების გადაჭრა მოხდება მაქსიმალურად მოკლე დროში. ამასთან ერთად, პირადად ჩემთვის აქვს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა. მოგეხსენებათ, რომ შარშან ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო არბიტრაჟთან მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თბილისი გახდეს რეგიონული ცენტრი არბიტრაჟის თვალსაზრისით. დღევანდელი ინიციატივით, არბიტრაჟს დაემატება მედიაცია. დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში სწორედ საქართველო იქნება როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით ლიდერი და შესაბამისად, რეგიონალური ცენტრი, რომელიც ამავე დროს არის წინაპირობა, იმისთვის, რომ საქართველო იყოს რეგიონში ეკონომიკური ცენტრი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური