Items filtered by date: სამშაბათი, 12 მარტი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ქ.ბარსელონაში საქართველოს კონსულმა ქეთევან გოგოლაშვილმა ესპანურ მხარესთან ერთობლივი თანამშრმლობით თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მოინახულა, რომლებიც ქ.ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ღამეს ოჯახებთან ერთად ქუჩაში ათენებენ. 
 
საქართველოს კონსულისა და ესპანური მხარის საემიგრაციო სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ მათი მოთხოვნა თავშესაფარის მიღებაზე მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს და მიეცათ რჩევა სამშობლოში დაუყონებლივი დაბრუნების შესახებ. 
 
მათ შორის ესპანურმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებს გააცნო ესპანეთის კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც დაუშვებელია მცირეწლოვანი ბავშვების ქუჩაში ყოფნა, რის გამოც ესპანეთის შესაბამისი სამსახურები იძულებულნი იქნებიან ბავშვები სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანონ. 
 
საქართველოს კონსულმა მოქალაქეებთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის და ზოგადად თავშესაფრის მოთხოვნის წესების ბოროტად სარგებლობის დაუშვებლობას და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქები ხშირად არასათანადო ინფორმირებულობის და,  ასევე, მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციების და დაპირებების შედეგად  ტოვებენ საქართველოს და  ევროკავშირის/შენგენის ზონაში ითხოვენ თავშესაფარს, რაც ევროკავშირის/შენგენის წევრი სახელმწიფოების მხრიდან არ კმაყოფილდება, რადგან საქართველო მიჩნეულია უსფრთხო ქვეყანად, სადაც დაცულია ადამინის ფუნდამენტური უფლებები, არ ხდება მისი პოლიტიკურად თუ სხვა ნიშნით დევნა და შევიწროვება. თავშესაფრის მაძიებელი ადგილზე ჩასული საქართველოს მოქალაქეები კი მძიმე სოციალურ პირობებში ვარდებიან. 
 
შეხვედრის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ესპანეთში გამომგზავრებამდე ისინი დაეყრდნენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ.
  
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ შემთხვევას ადგილი აქვს საფრანგეთსი ქ. ამიენსში, სადაც ქუჩაში,  რკინიგზის სადგურზე ღამეს, ასევე, ათენებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საფრანგეთში ჩასული საქართველოს ათეულობით მოქალაქე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომლის შესახებაც უკვე დაიწერა ფრანგულ პრესაში.  ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მოქალაქეები მოინახულა საფრანგეთში საქართველოს კონსულმა რ. დიდებულიძემ და კიდევ ერთხელ სთხოვა საქართველოში დაბრუნება. 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განაცხადება არ კმაყოფილდება, მათ უარს ეუბნებიან სტატუსის მინიჭებაზე, რადგან საქართველო ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების მხრიდან მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყანად, სადაც დაცულია ადმაინის ფუნდამენტური უფლებები.
თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნით ჩვენი მოქალაქეები საკუთარი და თავიანთი შვილების მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული ჯგუფებს შეცდომაში შეყავთ მოქალაქეები და ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების შესახებ, რის გამოც დაზარალდა საქართველოს არაერთი მოქალაქე. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან უვიზო მიმოსვლის წესები. ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის, საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზის, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ცხელი ხაზის მეშვეობით.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

დღეს, 12 მარტს "ლიბერთი ბანკსა" და საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივს" შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული ითვალისწინებს საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას.

"ლოკომოტივის მთავარი ფასეულობაა წარმატებით იფუნქციონიროს როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ.

ვფიქრობ, დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს, ეს პრეცედენტი კარგი მაგალითი იქნება სხვა კომპანიებისთვისაც.

მოხარული ვარ, რომ ლიბერთის სახით ძლიერ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ ორგანიზაციას დავუმეგობრდით.

ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, ფინანსური სარგებელის გარდა, გავიჩენთ უფრო მეტ გულშემატკივარს. ყველა ვთანხმდებით რომ ფეხბურთი, გულშემატკივარს ეკუთვნის და მათი სტადიონზე დაბრუნება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია."- განაცხადა საფეხბურტო კლუბ თბილისის ლოკომოტივის პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ.

,,ლიბერთის არსებობის ისტორიაში ეს გახლავთ პირველი, ამ მასშტაბის პროექტი, რითაც ბანკი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ჩვენი დიდი სურვილია, თბილისის ლოკომოტივის ყოველი თამაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავერთვებით.

ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში არაერთ ერთობლივ და საინტერესო პროექტს შევთავაზებთ კლუბის და ზოგადად ფეხბურთის ქომაგებს“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 8 მარტს გლდანში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა.

ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კ.გ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.

ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.

დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

გამოქვეყნებულია სამართალი

კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს ლი ტე-ჰოს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, რათა საქართველოს და კორეას შორის დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება, შექმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მხრივ. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არაერთი მსხვილი კორეული კომპანია, როგორიცაა, მაგალითად,  „სამსუნგი“, „ელ ჯი“ და სხვა, დიდი წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე, გარდა ამისა, მსხვილი ინვესტორი კომპანიები კორეეიდან, როგორიცაა “K-Water” და “KHNP”, ასევე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამის მიუხედავად, საქართველო დაინტერესებულია, მეტი კორეული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში, მით უფრო, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების რეიტინგის“ თანახმად, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-6 ქვეყანაა.  

გიორგი ქობულიამ შეხვედრისას, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კორეაში იზრდება ინტერესი საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ. ამ მიზნით, 2019 წელს თბილისსა და სეულს შორის 7 ჩარტერული პირდაპირი რეისი განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინიცირებით, შეხვედრაზე საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულების საკითხები განიხილეს.

„კარგია, როდესაც ქვეყნებს შორის ჩარტერული რეისები სრულდება, მაგრამ რეგულარული რეისების ამოქმედება არა მხოლოდ გაზრდის კორეელი ტურისტების რიცხვს საქართველოში, არამედ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიან წრეებს სამომავლო თანამშრომლობაში. გარდა ამისა, პირდაპირი ავიარეისების განხორციელება კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს ცნობადობას მსოფლიოს ამ ნაწილში და დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებაში,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მისიების, გამოფენებისა და ბიზნესფორუმების ორგანიზებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს, დაამყარონ უფრო აქტიური საქმიანი კონტაქტი. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში წარმატებით მოქმედ ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სხვა სახელმწიფო ფონდების მონაწილეობით ხორციელდება. 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური