Items filtered by date: ორშაბათი, 11 მარტი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. 

მხარეებმა განიხილეს მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ მდგომარეობას უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით და ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იანვრის შუა რიცხვებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო ხაზის დაკეტვაზე და ამ დესტრუქციული ნაბიჯის სავალალო შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის. აღინიშნა, რომ ქართული მხარისა და თანათავმჯდომარეების ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა მდ. ენგურის ხიდზე მიმოსვლის აღდგენა, თუმცა კვლავ დახურული რჩება ე.წ. გადასასვლელები ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეჩერება სრულ იზოლაციაში აქცევს ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას და კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე. საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილეს ამ კუთხით სოფლებში - წარღვლი, ჩორჩანა და ატოცი - ბოლო დროს განვითარებულ უკანონო მოვლენებზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე და აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გალისა და ახალგორის რაიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, გალში მცხოვრები ქართველობის იძულებას უცხოელებად დარეგისტრირებასა და იდენტობის შეცვლაზე. განხილულ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხი და ხაზი გაესვა ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის მიზნით ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას. 

საქართველოს დელეგაციამ კვლავ მწვავედ დააყენა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.  

შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნება -  შედეგების მიღწევის აუცილებლობა.

ყურადღება გამახვილდა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ნაბიჯების შედეგად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (iprms) შეჩერების გამო. აღინიშნა, რომ ქართული მხარისა და თანათავმჯდომარეების ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ერგნეთის შეხვედრების აღდგენა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუყოვნებლივ აღდგენას, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით.

ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი გაიმართება 2019 წლის 2-3 აპრილს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი თეა-ჰომ. 

აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში 30 დღის შემდეგ შევა. 

შეთანხმება ითვალისწინებს კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის  ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესწავლას ორივე მხარისთვის მომგებიან სფეროებში, მათ შორის საინვესტიციო,  ვაჭრობის, ტურიზმისა და მრეწველობის სექტორებში და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას ქვეყნებს შორის სოციალურ-კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის ჩათვლით.

ხელშეკრულების ეფექტიანად განხორციელების და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებების შესწავლის მიზნით კორეის რესპუბლიკა და საქართველო ერთობლივ კომისიის შექმნიან. კომისიის ფარგლებში მოხდება არსებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებისა და  პერსპექტივების განხილვა.

საქართველოსთან შეთანხმების გაფორმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის კორეული კომპანიების  საქართველოს ბაზარზე უფრო ფართოდ წარმოდგენის გზით.

„შეთანხმება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი ამოქმედება წაახალისებს მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ხელმოწერის შემდეგ. 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, დაიწყონ მოლაპარაკებები კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების შესახებ, ორმხრივად ხელსაყრელ დროში.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 11 მარტი 2019 14:03

საქართველოში ბენზინი გაიაფდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში, თითქმის ყველა ბრენდირებულ ქსელში ბენზინი სამი თეთრით გაიაფდა. ინფორმაცია კომპანიების ოფიციალურ ვებგვერდებზეა ხელმისაწვდომი.

„რომპეტროლის“ ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.35 ლარი იყო და 2.32 ლარი გახდა; „ლუკოილმა“ ევრო რეგულარის ფასი 2.28 ლარიდან 2.25 ლარამდე შეამცირა; „სოკარის“ ნანო ევრო რეგულარის ფასი 2.29 ლარიდან 2.26 ლარამდე შემცირდა; „ვისოლის“ ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.35 ლარიდან 2.32 ლარამდე დაიწია.

ფასების კლება დაფიქსირდა პრემიუმისა და სუპერის ტიპის ბენზინზეც. ამასთან, ფასები არ შეცვლილა დიზელის საწვავზე.

ავტოგასამართ სადგურებში ფასები თებერვალშიც შემცირდა, მანამდე კი, ბენზინისა და დიზელის ღირებულება რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).

მნიშვნელოვანი სიახლე:

ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

გამოქვეყნებულია განათლება

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ 3 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეძლებდა მის დასაქმებას საჯარო სამსახურში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 2 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით" - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოქვეყნებულია სამართალი

საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეხვედრებს გამართავს.

დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგში, როგორც მმართველი კოალიციის შემადგენელი პარტიების, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრები, ასევე, იგეგმება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე.

„გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ძლიერი პარტნიორია. ვფიქრობთ, ეს ვიზიტი მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გერმანიიდან უფრო მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, პირველყოვლისა, ბუნდესტაგის დონეზე. გერმანიის მხარდაჭერა დიდ და პოზიტიურ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური