Items filtered by date: პარასკევი, 01 მარტი 2019 - NEWSDAY GEORGIA

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციას წარმატებით ახორციელებს.

„განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, მეტი ძალისხმევაა საჭირო. ჩემი შეხედულებით, ჩვენ გვაქვს რესურსი, ვალდებულებების გარკვეული ნაწილი ვადაზე ადრე შევასრულოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია 5 მარტს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის შესახებ, რომელზეც ქართული მხარე „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას" წარადგენს.

„საბჭოს სხდომაზე, ევროპულ მხარესთან ერთად შევაჯერებთ ევროინტეგრაციის ფარგლებში არსებულ პროგრესს და  წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს - „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას", რომელიც საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ევროინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებული ჩვენი პროგრესის კონსოლიდაცია და ასევე, ასოცირების შეთანხმების მიღმა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციისკენ", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

სხდომაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიმდინარეობას. პრემიერ-მინისტრმა პროცესის შეუფერხებლად ფუნქციონირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მსურს, შეხვედრის ნაწილი დავუთმოთ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობის განხილვას. უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რადგან პრაქტიკული სარგებლის გარდა, უვიზო მიმოსვლას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომისიების ერთობლივ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

„საქართველო არის ნატოს განსაკუთრებული და საიმედო პარტნიორი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენ ამ თვალსაზრისით  ძალიან ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ. წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ ნატოს გენერალურ მდივანს, სამხედრო კომიტეტსა და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რაც არის განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად - პასუხისმგებლობა, თუმცა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ახალ დონეზეა გადაყვანილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წარადგინა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და DCFTA-ის შესრულების ერთი წლის ანგარიში. სხდომაზე ასევე მიიღეს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნება, რომელიც არსებულ გამოწვევებს და მათი დაძლევის საშუალებებს სრულად ასახავს, - ამის შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-4 სხდომაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროს ნატალია ჯალიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ძალადობისგან ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოკითხვის მულტიდისციპლინური მოდელის განვითარების საკითხს. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც აღნიშნული მოდელის განვითარების საფუძველს მოამზადებს. ამ პროცესში კომისიას ტექნიკურ დახმარებას გაეროს ბავშვთა ფონდი გაუწევს.

სხდომის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. რეგლამენტთან დაკავშირებით სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა მიაწოდა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ დოკუმენტს მთავრობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დასამტკიცებლად მომავალ კვირას წარუდგენს, რის შემდეგაც დაწესებულებების ავტორიზაციის წესიც დამტკიცდება. 

სხდომაზე ასევე იმსჯელეს კომისიის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაწეულ ტექნიკურ მხარდაჭერაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. 
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომას ასევე დაესწრნენ სახალხო დამცველის აპარატისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები. 
უწყებათაშორისი კომისია გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის და გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, 2016 წლის დეკემბერში შეიქმნა და მის ძირითად ფუნქციას ეროვნულ დონეზე გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის განხორციელების პროცესის კოორდინირება წარმოადგენს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური