Items filtered by date: ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთის ინიციატივით  გრძელდება საგანმანათლებლო სოციალური პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული ადამიანები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის შემსწავლელ კურს უფასოდ გაივლიან.

დღეისათვის დარეგისტრირებულ პენსიონერთა რაოდენობამ  400 -ს  გადააჭარბა. სწავლება ყოველდღიურად, ორ ლოკაციაზე განხორციელდება.  კურსის გავლის მსურველებს ტრადიციულად უმასპინძლებს ლიბერთის მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად შექმნილი დარბაზი - Liberty Digital Hall და ლიბერთი ბანკის ტრეინინგ ცენტრი.

,,ჩვენ ვაგრძელებთ სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის შექმნილ კომპიუტერული სწავლების პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს უფროს თაობას მარტივად ინტეგრირდნენ თანამედროვე ცხოვრებაში. საგანმანათლებლო ერთგვარი ექსპერიმენტის სახით დაწყებული პროექტის მიმართ მზარდმა ინტერესმა  განაპირობა  პროექტის  გაგრძელების  გადაწყვეტილება. კურსის გავლას ყველა დარეგისტრირებული პენსიონერი შეძლებს. მომავალში ვეცდებით პროექტი თბილისის გარეთ, რეგიონებშიც გავიტანოთ.“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA 2-ის („მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“) ფარგლებში, აგრძელებს მუშაობას დიასპორის ჩართულობის საკითხებზე. პროექტის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2019 წლის გაზაფხულზე მართავს რიგით მეორე  ღონისძიებას სახელწოდებით „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, რომლის მიზანია ქვეყნისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების აღიარება.

ღონისძიების პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების ნომინირება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:

  • მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
  • ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
  • საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის
  • სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის
  • საქართველოს უცხოელი მეგობარი

კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 1 თებერვლიდან – 1 მარტის ჩათვლით.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორცილებელი პროექტების წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კერძო სექტორის ჩართულობაზე და მათთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნერლოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია,“ - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, სამინისტროს მხრიდან კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება, როგორც დასაქმების, ასევე ახალი პროგრამებისა და სასწავლებლების დაფუძნების კუთხით.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ კვლავ გაგრძელდება კერძო სექტორის ხელშეწყობა, რადგან სამინისტროს მიზანია, რაც შეიძლება ბევრ კომპანიას გაუჩნდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში.

 

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს უშგულში იმყოფებოდა. 

მთავრობის მეთაური უშგულის ლამარიას - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობისგან წინადადებები მოისმინა.

ადგილობრივების ძირითად პრობლემას გზების მოწესრიგება, უძველესი კოშკების აღდგენა-გამაგრება, წყლის სისტემის გაუმართაობა და ელექტრობოძებისა და გაყვანილობის რეაბილიტაცია წარმოადგენს. 
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2019-2020 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რისთვისაც 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უშგულში ტურიზმი სწრაფად ვითარდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება.

მამუკა ბახტაძემ უშგულის ურბანულ განახლებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე დასრულებულია მუშაობა გენერალურ გეგმაზე, რაც უშგულის გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს, ისე, რომ უძველესი სახლებისა და კოშკების პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობისა და თანადგომის მნიშვნელობას.

მოსახლეობა ასევე დაინტერესდა პროგრამით, რომელიც საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პრემიერ-მინისტრმა მათ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
უშგულის მცხოვრებლების თხოვნის შესაბამისად, მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებისა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხებები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

გამოქვეყნებულია სამართალი

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. 

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

თბილისი - საჩუქარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იენჩმა პირადად გადასცა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შალვა მაისურაძეს. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა.
ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრები და პარასპორტსმენები.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თავის კომენტარში აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია  და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საჩუქარი მიიღო პარაოლიმპიურმა მოძრაობამ, პარაოლიმპიურმა საზოგადოებამ. ჩინეთის მთავრობის მხრიდან ეს არის ჩინელი ხალხის საჩუქარი ქართველი პარაოლიმპიელებისთვის, რომელიც ვფიქრობ,  ძალიან გამოადგებათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში , ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ ვარჯიშში და უფრო მეტი წარმატებების მომტანი იქნება ეს ყველაფერი. ზოგადად ესეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვთვლით, რომ ამ ხალხს დიდი დახმარება სჭირდებათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სულისკვეთების და განსაკუთრებული მონდომების, სამაგალითო ადამიანები არიან, რომლებსაც უნდა მიბაძოს ბევრმა ადამიანმა. ამ კონკრეტული ადამიანების გვერდში დგომა , მათი შეზღუდული უნარებიდან გამომდინარე , არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ესეთი ღონისძიებები უფრო მეტი იქნება და უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს ამ სულისკვეთებას, რომ მათ გვერდში დგომა სჭირდებათ და უფრო მეტი ადამიანი ჩაებმება ამ კამპანიაში. კიდევ უფრო მეტ საჩუქარს და მეტ დახმარებას მიიღებენ ჩვენი პარაოლიმპიელები. „-განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
ჩინური კომპანია ‘JAC Motors’ - ის მიერ წარმოებული ადაპტირებული მიკროავტობუსი პარასპორტსმენებს დღეიდან მოემსახურება და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
ბოლო წლებში, ქართული პარასპორტი საგრძნობლად განვითარდა. 2016 წელს პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 2018 წელი. გასულ წელს, პარასპორსტმენებმა საერთაშორისო ტურნირებზე 22 მედალი - 8 ოქრო, 3 ვერცხლი და 11 ბრინჯაო მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი ზვიად გოგოჭური გახდა, ხოლო ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა 5 მსოფლიო თასი მოიგო. გარდა ამისა, ძლიერთა თამაშების გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელთა ნაკრები.    

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური