Items filtered by date: ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ფსიქოლოგებისა და ოკუპაციური თერაპევტების ჩართულობით, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის დამხმარე გზამკვლევები შეიქმნა.

სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური რესურსი მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის პრაქტიკული სახის რეკომენდაციებს მოიცავს და როგორც მშობლებს, ასევე სფეროს სპეციალისტებს დახმარებას გაუწევს მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური, ფუნქციონალური, ქცევითი, ემოციური, კომუნიკაციური და სხვა უნარების განვითარების მიზნით აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

გზამკვლევის შექმნის მიზანს წარმოადგენს ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერის შესახებ სკოლის პერსონალის ინფორმირება, რომელიც ტრადიციული სასკოლო დისციპლინისგან განსხვავებით, აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ არასასურველ ქცევაზე სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე, არამედ ქცევითი სირთულეების პრევენციაზე. დასჯის ნაცვლად კი, იყენებს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლისთვის სასურველი ქცევის მოდელირების, წახალისებისა და სწავლების მეთოდს.

გზამკვლევში დეტალურადაა წარმოდგენილი კლასის მართვის რეკომენდებული ტექნიკა და განხილულია ქცევის პოზიტიური მხარდაჭერის პროგრამის სპეციფიკა და მახასიათებლები, ასევე ინდივიდუალური შემთხვევები და კრიზისული სიტუაციებისისას სკოლებში ქცევის მართვა.

ეს გზამკვლევებია: ინტელექტუალური სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; მოტორული შეზღუდვის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; აუტიზმის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; სმენის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; მხედველობის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერა სკოლებში - პრევენციული აქტივობები; ქცევის მართვის ინდივიდუალური ქეისები; ქცევის მართვა სკოლებში კრიზისულ სიტუაციების დროს.

 

გამოქვეყნებულია განათლება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრი გერმანელ დიპლომატს ქვეყანაში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე ესაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების რეფორმას და აღნიშნულ სფეროში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობას.  ხაზი გაესვა პროფესიული განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და გერმანულ მოდელთან მაქსიმალური დაახლოების საჭიროებას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების რეფორმა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია პროფესიები, რომლებშიც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და შესაბამისი სასწავლო პროგრამების სწორად შემუშავებასა და დანერგვაში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე და ამ სფეროში GIZ-ის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე. დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და საქართველოში არსებული ბიზნესგარემო. პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ასევე იმსჯელეს საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე, რომლის გამართვა უახლოეს მომავალში იგეგმება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნატოს საზღვაო ძალების (MARCOM) სარდალს, ვიცე-ადმირალს, სერ კლაივ ჯონსტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის არსებულ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია "Sea Guardian"-ში საქართველოს სანაპირო დაცვის ქვედანაყოფების (სააბორდაჟო ჯგუფების) ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების შეფასებისა და სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება ნატოს სტანდარტებით მომზადებული, აღჭურვილი და სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები, რომელთაც ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სტატუსი მიენიჭებათ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ვიზიტების ინტენსიურობის გაზრდა საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური გზავნილია. მან ხაზი გაუსვა ნატოს მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს სანაპირო დაცვის ჩართულობისა და ნატოს საზღვაო ძალებთან ერთობლივი სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას.

გიორგი გახარიამ ნატოს საზღვაო ძალების სარდალს მადლობა გადაუხადა საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის აბორდაჟის ჯგუფების მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

ნატოს საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი, სერ კლაივ ჯონსტონი საქართველოს ხვალ დატოვებს. ეს ნატოს საზღვაო ძალების სარდლის პირველი ვიზიტია საქართველოში.

გამოქვეყნებულია სამართალი

ლესია უკრაინკას დაბადების დღის საპატივცემულოდ, ცნობილი უკრაინელი პოეტის შესახებ ფილმის გადამღები გუნდი წარმოადგენს მომავალი ბიოგრაფიული ფილმის პირველ თიზერს სამუშაო სათაურით «Леся Українка» (ლესია უკრაინკა).

თიზერის სიუჟეტში ასახულია ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი პოეტის ცხოვრებაში - ეს არის დრო, რომელიც მან გაატარა სერგეი მეჟინსკისთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლოს. ლესია უკრაინკა თავდაუზოგავად ზრუნავდა საყვარელ ადამიანზე, ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ცხოვრების ბოლო დღეები. სწორედ მაშინ, ერთ ღამეს, მან დაწერა ერთერთი თავისი ყველაზე ცნობილი პოემა - „შეპყრობილი“. თიზერში ლესია აღმოჩნდება მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტში, მაგრამ ის საკუთარ თავში ჰპოულობს ძალას იმისათვის, რომ უბედურება და დანაკარგით გამოწვეული ტკივილი ღრმა და ძალზე გულისამაჩუყებელ შემოქმედებად აქციოს. ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ სწორედ ეს მოვლენები იქცა გარდამტეხ მომენტად მის ცხოვრებაში, რომელმაც მას, როგორც შემოქმედს, ახალი ბიძგი მისცა, რის შემდეგაც მისი პოეზია უფრო მომწიფებული, ღრმა და დრამატული გახდა და მსოფლიო აღიარება მოუტანა მას.

„ფილმში, ისევე როგორც თიზერში, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ლესია უკრაინკას არაკლასიკური და უჩვეულო სახე“ - ამბობენ ფილმის პროდიუსერები, იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო. – „ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ სკოლის კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტსა და ლიტერატურის მასწავლებლის მიერ მოყოლილ მშრალი ფაქტებს. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ სრულიად განსხვავებული ლესია: ცოცხალი, თანამედროვე, ღრმად მგრძნობიარე ბუნებით. ჩვენ აღვადგენთ ნამდვილი ქალი-ენიგმას სახებას, მოვყვებით მისი ბედისწერის ყოველი მისტიური და წინააღმდეგობრივი შემობრუნებების შესახებ“. ფილმის გადაღება იწარმოებს უკრაინასა და საქართველოში.

ლესია უკრაინკას როლი ტიზერში შეასრულა ახალგაზრდა მსახიობმა დარია პოლუნინამ. ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორმა, ნანა ჯანელიძემ მოგვითხრო, რომ მას ძალიან უადვილდება დაშასთან მუშაობა:

„დაშა ძალიან არაორდინარული მსახიობია, რომელსაც წინ დიდი მომავალი ელის. პირველივე შეხედვით მივხვდი, რომ ის შესანიშნავად გაართმევდა თავს ლესია უკრაინკას როლს“, - აღნიშნა ნანამ. – „სინამდვილეში, მთელი გადამღები გუნდისათვის თიზერის გადაღება ერთგვარ გამოცდად იქცა: ჩვენ უნდა გაგვეგო, თუ რამდენად შეგვიძლია აღვადგინოთ იმ ლესიას სახე, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი ფილმის სცენარსა და იდეას, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად მუშაობისას. ვფიქრობ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა.“

თიზერის გადაღება კიევში მიმდინარეობდა - გოლოსეევსკის პარკში და ერთერთი სცენა სტუდიის დეკორაციებში. თიზერის სცენარი და კონცეფცია შეიმუშავა ნანა ჯანელიძემ. იდეა განხორციელეს პროდაქშენ კომპანიებმა JS Films და FX FILM Georgia-მ.

გადამღები ჯგუფი:

  • პროდიუსერები: იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო
  • რეჟისორი: ნანა ჯანელიძე
  • ოპერატორი: მიშა მარკოვი
  • დამდგმელი მხატვარი: იური ლარიონოვი
  • კოსტიუმების მხატვრები: ანტონინა ბელინსკაია, გალინა სოკოლოვსკაია

 

შეგახსენებთ, რომ ბაიოგრაფიული ფილმის გადაღებას ლესია უკრაინკას შესახებ მხარი დაუჭირა უკრაინის კულტურულმა ფონდმა.

იხილეთ თიზერის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=OYiy8XcUsfE

გამოქვეყნებულია კულტურა

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი" გამართულ ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.

,,თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია;
ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია.
დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას.
მინდა გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული  ფიგურა ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა - „თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპიზაცია“.
ჩვენთვის - ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს ეროვნულ ლოზუნგად აქცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ევროპიზაციის იდეას ქადაგებდა.
ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს გვისახავს.
ჩვენ ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს, გამოვცადეთ ფედერალური წყობაც, შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და გავიარეთ მძიმე საბჭოთა წნეხის პერიოდი. ბოლოს ჩვენ ასევე ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა.
საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მძიმედ დაგვაწვა. კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ დღემდე ერთად ვიბრძვით საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროდან იუნესკომდე, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღდგენილი. ამ ტრაგედიების მიუხედავად,  ჩვენ შევძელით თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა, თანამედროვე ეკონომიკის განვითარება და დიდი პროექტების განხორციელება.
ჩვენ კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოვაჩინეთ - თქვენ ამ რუკაზე ჩანხართ, როგორც გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ჩვენი სამეული - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ამ რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდა.
კავკასიის პოტენციალი მსოფლიოსთვის ამით არ იწურება. ამ რეგიონის გამორჩეული მდებარეობისა და უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, დიდი როლი გვაქვს შესასრულებელი.
ჩვენი ქვეყნები იმ გზაზე მდებარეობს,  რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ამ სატრანსპორტო დერეფნების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
იმისათვის, რომ ეს გზები მაქსიმალურად დაიტვირთოს და სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია, ჩვენმა რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ყველას გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პარტნიორი, მეტი ტურისტი, მეტი ბაზრები. ეს ყველაფერი ჩვენს სტაბილურობაზეა დამოკიდებული.

სტაბილურობისა და წინსვლის განუყოფელი ნაწილია კულტურა. ჩვენმა ქვეყნებმა ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ მსოფლიო და ევროპულ თანამეგობრობაში, რომელიც, ეკონომიკის გარდა, სწორედ კულტურის სფეროს მოიცავს.
მიმაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი კულტურა სავიზიტო ბარათად უნდა აქციონ. ჩვენ ვფიქრობთ ახალ სტრატეგიებზე: ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ვფიქრობთ მასშტაბურ კულტურულ პროექტებზე.
ახლახან, იუნესკოში ვიზიტის დროს, გამოიკვეთა რამდენიმე ასეთი მიმართულება. მათ შორის არის ინდუსტრიული მემკვიდრეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული გასული საუკუნის დასაწყისში ბაქოში ნავთობის აღმოჩენა და ინდუსტრიის განვითარება.
ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება და, თუ თქვენი სურვილი იქნება, ერთობლივად წარმოვადგინოთ კავკასიის ინდუსტრიული მემკვიდრეობა (ბაქო, რკინიგზა და ფოთი).
ეს პირადად ჩემთვის იქნება დიდი პატივი, რადგანაც ჩემი წინაპარი - ნიკო ნიკოლაძე  უშუალოდ იყო ჩართული ამ წამოწყებებში და ურთიერთობდა კაპიტალისტებთან, რომლებიც მაშინ კავკასიაში საქმიანობდნენ. ესენი იყვნენ: ნობელები - თქვენთან, როტჩილდები კი - ჩვენთან.
არ დავივიწყოთ ისიც, რომ ნავთობის ინდუსტრიის ისტორია ჩვენი რეგიონის მშვიდობის ისტორიაცაა. მისი ახლებური წაკითხვა და მსოფლიოსთვის წარდგენა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს და შეცვლის ცრუ წარმოდგენას რეგიონზე, რომელიც მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში აღიქმება.
არსებობს მრავალი პროექტი კულტურის, ეკონომიკის სფეროებში. მათ შეუძლიათ ჩვენი ქვეყნების, ხალხების, ახალგაზრდების უფრო მჭიდროდ დაკავშირება.
ჩვენს დედაქალაქების შორის უფრო აქტიური გაცვლები უნდა მოხდეს: თქვენი ტრადიციული ხელგარჯილობის, მხატვრების, კომპოზიტორების, მწერლების წარმოჩენა; გაიმართოს ფორუმები აქტუალურ საკითხებზე, - მაგალითად, გარემოს დაცვაზე,  რამეთუ კავკასიის ბიოდივერსიფიცირებული ფლორა და ფაუნა ჩვენი დასაცავია.
ამისათვის უნდა ვიმუშაოთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე მსოფლიო კონფერეციებზე. ახალგაზრდებს შორის ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამაღლება, ახალი მიდგომების დანერგვა შეიძლება გახდეს ძალიან ეფექტიანი დამაკავშირებელი ინსტრუმენტი.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოებენ ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ქართველები და აზერბაიჯანელები. 
ხვალ აქ ვესტუმრები ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს. მათ მიმართ ჩვენ  დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ და გვინდა, რომ ვიზრუნოთ მათზე - ისევე,  როგორც თქვენ გინდათ, ხელი გაუწოდოთ აზერბეიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანები ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებენ ჩვენს ქვეყნებს.
მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და დიდი თუ პატარა მეზობლების კეთილგანწყობით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი იმ რეგიონში, რომელიც კულტურებისა და ცივილიზაციების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენ მსოფლიოს წინაშე ვალდებული ვართ, დავიცვათ მისი უნიკალურობა!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
ილჰამ ალიევის განცხადებით, დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები და პერსპექტივები აზერბაიჯანსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის, ესენია: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის სფეროები.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური