Items filtered by date: ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამშობლოში კმაყოფილი ბრუნდება, რადგან საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მზადყოფნამ  ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
,,საფრანგეთმა გამოთქვა საქართველოს მხარდაჭერის ძალიან დიდი მზადყოფნა. ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ გადავა ეს განცხადებები რეალურ ქმედებებში.
მე ვიტყოდი, რომ საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალა. ეს ეხება სამხედრო თანამშრომლობისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას. ასეთი ძლიერი მხარდამჭერი პოზიცია რამდენიმე წლის წინ საფრანგეთისაგან არ გამიგია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც ეხება, გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს გერმანიასთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის განვითარებაც მთლიანად ჩვენს ქვეყნებზეა დამოკიდებული.
,,თანადგომა, მხარდაჭერა და მეგობრობა - ასე შეიძლება შეფასდეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც ასეა დღეს, ასეთი იყო საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის პერიოდშიც და ასე იქნება მომავალშიც“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.
17 -21 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან.
ემანუელ მაკრონთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის დეკლარაციას “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა  და ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.
ორივე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა საფრანგეთისა და გერმანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან. ასევე, ორივე ქვეყანაში შეხვდა ქართველ სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს. 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ათეულში ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა მოხვდა. 2019-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა, ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

ვებგვერდზე განთავსებულია სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებლის, ვლადიმერ აფხაზავს ბიოგრაფია და მოკლე ვიდეორგოლი, სადაც ის საკუთარი მიზნების შესახებ ჰყვება.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული პრიზის სახით 1 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. საერთო ჯამში 10 ათასამდე განაცხადი 179 ქვეყნიდან შევიდა.

გამოქვეყნებულია განათლება

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიციის მიერ ბოლო პერიოდში აღკვეთილი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონო შემოტანის, შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო.

სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ა.ჯ. და 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე - ნ.კ. დააკავეს, რომლებსაც დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, თურქეთის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიიდან ნ.კ.-ს სახელზე ამანათით გამოიგზავნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ვ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების 274 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, პოლიციამ, საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით, თბილისში დააკავა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი - დ.კ. და ზ.შ., რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება იტალიიდან საქართველოში, საფოსტო გზავნილის სახით გამოგზავნეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ მოათავსეს და ფოსტის მეშვეობით საქართველოში გამოგზავნეს. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ს დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ფოსტიდან ახლად გამოტანილი ველოსიპედი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 268 აბი და 10 ნატეხი იყო მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის კიდევ ერთი პირი დააკავა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსთავში დაკავებულია 1996 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე - გ.ჯ. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 48 შეკვრად დაფასოებული და ასევე, დასაფასოებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019 13:50

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, თიბისელებო, ჩემი და თიბისი გუნდის გულშემატკივრებო!

უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის.

ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე.

აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯგუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.

სამწუხაროდ, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.

მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული.

ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე.

ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მით უმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა.

დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერებისა და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება, წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.

სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას.

ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, – აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის” ვალი.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური