Items filtered by date: სამშაბათი, 17 დეკემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

დღეს, EIB-სა (European Investment Bank) და ს.ს. ლიბერთი ბანკს შორის ხელი მოეწერა საკრედიტო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ბანკი EIB-ისგან მიიღებს 15 მილიონ ევროს. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა EU4Business Initiative ფარგლებში და ეს თანხა მოხმარდება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას საქართველოში.

2017 წელს ბანკის აქციონერების ცვლილებასთან ერთად, ახალმა გუნდმა ბიზნესის განვითარების ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს:

·         ბანკის თანამშრომლების გადამზადებას და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურების ხარისხს;

·         მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო მომსახურების დანერგვას, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტებისთვის;

·         მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში.

მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ლიბერთის გააჩნია აუცილებელი რესურსები ამ საკრედიტო ხაზის ეფექტურად განთავსებისათვის, რის შესაძლებლობასაც იძლევა ბანკის ფილიალების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს.

EIB-ს სესხი საშუალებას მისცემს ლიბერთის გააგრძელოს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება გაუმჯობესებული პირობებით. ბანკი ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას EIB სატრასტო ფონდიდან საკრედიტო მომსახურებისა და პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით.

‘მოხარული ვართ EIB-სთან თანამშრომლობის დაწყებით. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ლიბერთი ბანკისთვის და ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს დამატებით სტიმულს დასახული  მიზნების მიღწევის გზაზე. EIB-ს მიერ დამტკიცებული საკრედიტო რესურსი საშუალებას მოგვცემს გავაღრმავოთ თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეებთან საქართველოს მასშტაბით.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

‘მინდა მადლობა გადავუხადო EIB-ს  გამოხატული ნდობისათვის. მჯერა, ეს თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ბანკს გაიმყაროს პოზიციები საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან და დინამიურ სეგმენტში, რაც ბანკისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ. 

მდგრადი, ინკლუზიური და ინოვაციური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა სექართველოში ევროგაერთიანების საკვანძო პრიორიტეტია. როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ მიზნად ვისახავთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელშეწყობას საქართველოში. ამ  მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერა. 

მოხარული ვარ, რომ არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამყარებასთან ერთად, ვიწყებთ თანამშრომლობას კიდევ ერთ ფინანსურ ინსტიტუტთან.

მცირე და საშუალო ბიზნესებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციები შეუქმნიან ახალ შესაძლებლობებს როგორც ამ ბიზნესებს, ასევე მთელ ქვეყანას’ - განაცხადა EIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ლილიანა პავლოვამ.

 

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.geმედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING .

The European Investment Bank (EIB) არის ევროკავშირის ბანკი და არის გრძელვადიანი დაფინანსების ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. ბანკი ახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციებს ევროკავშირის სტრატეგიის გათვალისწინებით.  გაცემული სესხების მოცულობის მიხედვით EIB არის უმსხვილესი საკრედიტო ორგანიზაცია. EIB აფინანსებს მაღალი ხარისხის საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ევროკავშირის სტრატეგიული ამოცანების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ EIB-ს მოღვაწეობის 90%-ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, იგი ასევე ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო და განვითარების სტრატეგიის რეალიზაციას. ევროკავშირთან ერთად EIB შეუერთდა Deep and Comprehensive Free Trade Agreement (DCFTA) Initiative East Programme-ს, რომელიც მიმართულია იმ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, რომლებიც შეურთდნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ქვეყნებია - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მხარდაჭერა ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის.

EU4Business წარმოადგენს ევროგაერთიანების ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესებს დააფინანსონ საკუთარი განვითარება და ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). EU4Business პროგრამას ახორციელებენ EIB და სხვა ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). EU4Business აერთიანებს ევროკავშირის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში.

EIB შეუერთდა ევრო კავშირის ინიციატივას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების ხელშეყობაზე იმ ქვეყნებში, რომლებიც შეურთდნენ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ეს ქვეყნებია - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მხარდაჭერა ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ამ ქვეყნებში. http://www.eu4business.eu

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა 1.4 მილიარდზე მეტი მოსახლეობით. 2019 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ აღნიშნა დაარსებიდან 70 წლისთვი. ამ დროის განმავლობაში, ჩინელმა ხალხმა რეფორმებისა და ღია პოლიტიკის წყალობით შეძლო თავისი ქვეყნის გარდაქმნა პროგრესულ და მდიდარ სახელმწიფოდ. ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) სახალხო რესპუბლიკის დაარსების პერიოდთან შედარებით 450-ჯერ გაიზარდა და დღეს  13,6 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს.
დღეს ჩინეთი უკვე გახდა მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა. იგი იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში, მისი წვლილი მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში აღემატება 30%-ს და, ამ მხრივ, მოწინავე ძალას წარმოადგენს. დღეისათვის 136 ქვეყანამ და 30 საერთაშორისო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი დოკუმენტს პეკინთან თანამშრომლობაზე ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინის ინიციატივის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში.
უკანასკნელ ხანს ქართულ-ჩინური ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის საელჩოს საქართველოში და მის ელჩს ქალბატონ ლი იან-ს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ, რაზეც ქალბატონი ელჩი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს: 
 

- ქალბატონო ელჩო, დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში იმყოფებით.  როგორია თქვენი შთაბეჭდილება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით?

ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და პატივია, ვიყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში. აქ მუშაობის ხუთი თვის განმავლობაში ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართველი ერის სტუმართმოყვარეობამ, სიკეთემ, უბრალოებამ და მრავალმხრივმა ნიჭიერებამ. საქართველო არის ევრაზიის რეგიონის უძველეს ცივილიზაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სახელმწიფო, აღსანიშნავია მისი შთამბეჭდავი პეიზაჟები და ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა. მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტს გავიგებ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ. 

- როგორ ჩაიარა 2019-მა წელმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე?

2019 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდებოდა, განხორციელდა ბევრი მაღალი დონის ვიზიტი. მაგალითად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი, ასევე, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების საბჭოს თავმჯდომარე ვანგ სიაოთაო ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლი ხუეიმ მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ რიგით მესამე ,,აბრეშუმის გზის’’ ფორუმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი, თავის მხრივ, დაესწრნენ ჩინეთში დავოსის ფორუმის ზაფხულის სესიას, ასევე, ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა’’ რიგით მეორე ფორუმს და ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენას.

ორ სახელმწიფოს კარგი ურთიერთობა აქვს ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებშიც. ჩინეთი არის საქართველოს მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო ჩინეთში უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ქართული ღვინო, თაფლი და მინერალური წყალი. გარდა ამისა, უწყვეტად ვითარდება თანამშრომლობა ტურიზმის სფეროშიც. წელს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და, ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის 40 ათასს გადააჭარბებს. წელს, საქართველოს ხელისუფლებამ ჩინური ენის სწავლება ჩართო ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთის კვლევითი ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალში ცნობადობის ამაღლებას და ორ საზოგადოებას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას. 2019 წელს, თითოეულ სფეროში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წარმატებული იყო, მომავალში კი უკეთესი შედეგებია მოსალოდნელი.

- რა როლი უკავია საქართველოს ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინის ინიციატივის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში და რა არის საჭირო ამ პროექტში მონაწილეობის გასაძლიერებლად?

საქართველო, ისტორიულად, იყო ,,აბრეშუმის გზის’’ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა საქართველოს როლი ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა’’ ინიციატის ფარგლებში. თქვენი ქვეყანა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ შეთავაზებულ პროექტს და ჩვენ ამ ეტაპზევე შეგვიძლია დავინახოთ მიღწეული შედეგები. მაგალითად, საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც გახდა პირველი მსგავსი ტიპის ხელშეკრულება ჩინეთსა და ევროპულ სახელმწიფოს შორის. შედეგად, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობამ გადააჭარბა 1 მილიარდ აშშ დოლარს და ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა’’ პროექტის ფარგლებში. ქართულმა მხარემ უკვე მესამედ ჩაატარა  ,,აბრეშუმის გზის’’ ფორუმი თბილისში, რაც იქცა ჩინეთის ფარგლებს მიღმა აღნიშნული ინიციატივისათვის მხარდაჭერის მნიშვნელოვან პლატფორმად. ამჟამად, 20-ზე მეტი ჩინური კომპანია არის ჩართული საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებში, რითაც შეაქვთ საკუთარი წვლილი სამომავლოდ ბაზრის გაფართოებასა და ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბებაში.

აღნიშნულ საფუძველზე, ჩინეთს სურს, რომ მომავალშიც განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოსთან ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა’’ ინიციატივის ფარგლებში, უწყვეტად გააღრმავოს პოლიტიკური, ინფრასტრუქტურული, სავაჭრო-ეკონომიკური, ფინანსური და ერთა შორისი თანამშრომლობა, რათა ორივე ქვეყნის მოსახლეობამ მიიღოს უფრო მეტი სარგებელი.

- რა დახმარებას სთავაზობს ჩინეთის ხელისუფლება ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ სწავლა გააგრძელონ ჩინეთში?

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მიესალმება სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან, და აქტიურად ზრუნავს მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. დღესდღეობით, ჩინეთის ხელისუფლება ყოველწლიურად გამოყოფს სტიპენდიას 25 ქართველი სტუდენტისთვის, ასევე, ბევრი სტუდენტი მოიპოვებს ჩინეთში სწავლის შესაძლებლობას ადგილობრივი ხელისუფლების, სასწავლებლისა და კონფუცის ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი სტიპენდიებით. ჩვენ მივესალმებით კიდევ უფრო მეტ ქართველს, მიიღონ განათლება ჩინეთში და შეიტანონ წვლილი ორ ერს შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებაში.

- რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობას, რა ეტაპზეა იგი ამჟამად?

ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამშრომლობას კულტურის სფეროში. ორივე ქვეყანას აქვს მრავალსაუკუნოვანი, უნიკალური ცივილიზაცია და კულტურული ტრადიციები, ასევე, დიდია ინტერესი ერთმანეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში გაიმართა ჩინელ ხელოვანთა არა ერთი წარმოდგენა, ასევე, ჩინეთში მოიპოვა ჯილდო ქართული კინემატოგრაფიის ნიმუშებმა. 2019 წლის სექტემბერში, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ერისიონმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის მიერ  შუა შემოდგომის ფესტივალის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე და დაიმსახურა ჩინეთის ათობით მილიონი მაყურებლის მოწონება. ჩინეთის ხუეის ოპერის დასი რამდენიმე დღეში გამართავს წარმოდგენას ბათუმში, თბილისში, გორში, თელავსა და სხვა ქალაქებში, წარმოადგენს ჩინური კულტურის მომხიბვლელობას. მჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ურთიერთცნობადობა და კულტურული თანამშრომლობა.

- ფიქრობთ, რომ ჩინელი ტურისტებისთვის საინტერესო იქნება საქართველოში ვიზიტი? და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავაინტერესოთ ჩინელი ტურისტები, რათა ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში?

საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტი და კულტურული მემკვიდრეობა ხიბლავს მთელს მსოფლიოს, მათ შორის, ჩინელ მოსახლეობასაც. როგორც ვიცი, ჩინელ ტურისტებს აღაფრთოვანებთ არა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და სვანეთის ულამაზესი ხედები, არამედ, გუდაურისა და ბაკურიანის ზამთრის კურორტებიც, ასევე, ქართული ღვინო და სამზარეულო. 2 წლის წინ, საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მხოლოდ 10 ათასი იყო, გასულ წელს მიუახლოვდა 30 ათასს, წელს კი მოსალოდნელია, რომ 40 ათასს გადააჭარბებს. სწრაფად მზარდი რიცხვები მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მოწონებით სარგებლობს საქართველო ჩინელ ტურისტებში. 

მე, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მოუთმენლად ველოდები ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდას და, ამ მიმართულებით, მაქვს აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა სტრუქტურასთან. ვფიქრობ, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჩინეთში საქართველოს პროპაგანდის გაძლიერება და სავიზო პროცედურების გამარტივება.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაიმართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის პრეზიდიუმის მეოთხე სხდომა, რომლის ფარგლებშიც დაამტკიცეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი. შეგიძლიათ უფრო დეტალურად ისაუბროთ ამ სხდომის მნიშვნელობაზე?

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის პრეზიდიუმის მეოთხე სხდომა ჩატარდა პეკინში, 28 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე. ამ სხდომის ფარგლებში დაამტკიცეს „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალისტური სისტემის გაუმჯობესებაზე, ასევე, ეროვნული მმართველობის სისტემის მოდერნიზებისათვის ხელშეწყობის აუცილებლობის საკითხზე.’’ აღნიშნულ სხდომაზე წამოიჭრა, ზოგადად, ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალისტური სისტემის სრულყოფის, ასევე, ეროვნული მმართველობის სისტემის მოდერნიზების საჭიროების საკითხი, ასევე, აღნიშნეს ამ  სისტემის უპირატესობებიც. გარდა ამისა, გაჟღერდა მოწოდება, ინსტიტუციური უპირატესობები უფრო მეტად აისახოს ეროვნული მმართველობის ეფექტურობაზე და ჩამოყალიბდეს ახალ ეტაპზე საჭირო მოქმედებების პროგრამა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70 წლის განმავლობაში, კომუნისტურმა პარტიამ გააერთიანა და განვითარების საერთო საფეხურზე დააყენა სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი, რითაც შექმნა ორი სასწაული: სწრაფი ეკონომიკური ზრდა და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა. ჩინეთის მშპ-ის მოცულობა 1978-2018 წლებში ყოველწლიურად 9.4%-ით იზრდებოდა, რაც საგრძნობლად აღემატებოდა ამავე პერიოდში მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლის 2.9%-ს. სულ რაღაც რამდენიმე ათეულ წელიწადში, ჩინეთი გახდა მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა მსოფლიოში, წარმოებისა და ვაჭრობის მოცულობით დაიკავა პირველი ადგილი, სასაქონლო მოხმარებისა და უცხოური ინვესტიციების მოცულობით - მეორე ადგილი, უცხოური ვალუტის რეზერვებით კი უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების დროს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 35 წელი, 2018 წელს კი ამ მაჩვენებელმა 77 წელს მიაღწია. რაც შეეხება ღარიბ მოსახლეობას, მათი რაოდენობა 40 წლის განმავლობაში 770 მილიონიდან შემცირდა 16.6 მილიონამდე (2018 წლის მონაცემები), რაც მთელი მსოფლიოს ისტორიაში სიღარიბის დონის შემცირების ნამდვილ სასწაულს წარმოადგენს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70 წლის, ასევე, რეფორმების გატარებიდან 40 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები ცხადყოფს, თუ რამდენად ეფექტურია სოციალისტური სისტემა ჩინური მახასიათებლებით. ეს არის წყობა, რომელსაც შეუძლია განვითარებისკენ უბიძგოს უზარმაზარ ქვეყანას 1.4 მილიარდი მოსახლეობითა და 5 000 წლიანი ისტორიით. ამ საფუძველზე, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აქვს საკუთარი წარმოდგენა დღესდღეობით მსოფლიო განვითარების მიმართულებაზე, რაც გულისხმობს შემდეგს: სრულყოს სოციალისტური სისტემა ჩინური მახასიათებლებით, ხელი შეუწყოს ინსტიტუციურ ინოვაციებს, უფრო ჩამოყალიბებული სახე მისცეს თითოეულ ორგანოს და მუდმივად შეუწყოს ხელი მმართველობის სისტემის მოდერნიზებას, რათა მიაღწიონ „ორი ასეული წლის’’ მიზანს და შექმნან მტკიცე გარანტია ჩინეთის საზოგადოების ოცნებების ასასრულებლად, დიდებული და აყვავებული ქვეყნის შესახებ.

ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური