Items filtered by date: ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (საბოლოო ვარიანტი).

2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს, ასევე ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე დამტკიცებული 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტს და მთავრობას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ის ძირითადი მიმართულებები დაასახელა, სადაც დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება: 

2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია როგორც სოციალური სფეროს, ისევე, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსების ზრდა: 2020 წლის 1 იანვრიდან იზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური გასაცემლები; მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურება 2020 წლის 1 ივლისიდან იზრდება 100 ლარით; დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია ჯამურად 122 მილიონ ლარზე მეტი, რაც შემდეგი წლის განმავლობაში მთლიანად მოხმარდება დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას; მოგეხსენებათ, 2019 წლიდან გაიზარდა საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატი ხელფასზე და ეს იქნება ასახული 2020 წლის ბიუჯეტშიც, გარდა ამისა, 2020 წელს მასწავლებელთა ხელფასები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე დამატებით 150 ლარით გაიზრდება; 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2020 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 280 მილიონ ლარზე მეტი; ახალი ბიუჯეტით, ხელფასები ეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რაზეც მიიმართება 50 მილიონ ლარამდე, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები გაეზრდებათ 2020 წლის 1 ივლისიდან საშუალოდ, 125 ლარით; 2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, გამოყოფილი იქნება 3.7 მლრდ ლარი, რაც არის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ეს ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას და ახალ სამუშაო ადგილებს; ასევე, გათვალისწინებულია 2020 წლის ბიუჯეტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე 240 მილიონ ლარზე მეტი; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის (”რეგფონდი”), 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 350 მილიონი ლარი; რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდს, და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათთვის 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ლარი; ასევე, თბილისის ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 90 მილიონი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტში არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ჩართულობისთვის, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. მსგავსი ჩართულობის შედეგია, მოქალაქეზე მაქსიმალურად ორიენტირებული ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელშიც რესურსები მაქსიმალურად არის გადანაწილებული და სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით. კერძოდ, 2020 წელს: შევინარჩუნეთ ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები; სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოვყავით 300,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი გახდა პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა. 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა; მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის, დამატებით გამოიყო 120,0 მლნ ლარი. შეგახსენებთ, რომ წელს, პირველი ოქტომბრიდან მასწავლებელთა დანამატები უკვე გაიზარდა 150 ლარით და მომდევნო წელს, ახალი სასწავლო წლიდან კიდევ 150 ლარით გაიზრდება. ეტაპობრივად გაზრდილი ხელფასები გათვალისწინებულია: პოლიციელების, სახანძრო-სამაშველო სამსახურების, ჯარისკაცების, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წელს, 1 მილიონზე მეტ მოქალაქეს გაეზრდება პირადი სარგებელი ბიუჯეტიდან, რაც გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშიც.

ბიუჯეტის საბოლოო პროექტი ეფუძნება 2019-2020 წლების განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზებს, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა დამატებითი რესურსის მოძიება. დამატებითი რესურსები მაქსიმალურად გადანაწილდა იმ საჭიროებების დაფინანსებაზე, რაც გამოთქმული იყო თქვენ მიერ ბიუჯეტის განხილვისას, საჯარო თუ სამუშაო შეხვედრებზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური