Items filtered by date: სამშაბათი, 12 ნოემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ყაზახური მხარე საქართველოში ტურისტული მიმართულებების განვითარებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ინტერესს გამოხატავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრისას აღინიშნა. 

პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს ყაზახურ კომპანიებს ინვესტიციების განხორციელებაში.
საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ ყაზახეთი საქართველოში ვიზიტორების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნებს შორისაა. 

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს.

გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.

გამოქვეყნებულია სამართალი

„ჩვენს მიერ მიღწეული წარმატებები ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მომზადდა და აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს. ამასთან, სამოქმედო გეგმის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პარტნიორების მხრიდან წარმატებულად შეფასდა წინა ორი გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, რომლებმაც უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, კერძოდ, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობები ადამიანის უფლებათა დაცვის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, პენიტენციალური სისტემის რეფორმირებისა და თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფის მიმართულებით. წინა გეგმებზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია და ზოგადად, გენდერული თანასწორობისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით გაწეული ძალისხმევა. ზალკალიანის თქმით, აღნიშნული გეგმების ფარგლებში, საქართველომ ნათლად გამოავლინა ევროპული ფასეულობებისადმი სწრაფვის სულისკვეთება. როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებაში.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს წინა სამოქმედო გეგმის განხორცილებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ნამდვილად ეფექტიანად ახორციელებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ნაკისრი აქვს ევროპის საბჭოს ფარგლებში.
ზალკალიანის თქმით, საქართველო მომავალშიც განაგრძობს ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების ანგარიშებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამასთან, პრიორიტეტები საქართველოსთვის კვლავ უცვლელია: საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს სრულყოფა და მოქალაქეებისთვის პრაქტიკული სარგებლის მოტანა. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია აფერხებს საქართველოს ხელისუფლების დაუღალავ ძალისხმევას ეს სარგებელი ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც გახადოს მისაწვდომი. ზალკალიანის თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, რომელთა მიზანი ომისგან დაცალკევებული მოსახლეობის გაერთიანებაა.
2019 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას უმასპინძლა. სამოქმედო გეგმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩთან ერთად წარადგინა, რომელიც საქართველოს ვიზიტით 1 ნოემბერს ეწვია.
როგორც წინა შემთხვევებში, აღნიშნული სამოქმედო გეგმის მიზანია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების გზით, ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის და დემოკრატიის სფეროში ქვეყნის კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. ახალი სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი შეადგენს 17.5 მილიონ ევროს. უკვე მობილიზებულია დაახლოებით 5 მილიონი ევრო (24 %), რომელიც კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
ახალი სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს: ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა და ხელშეწყობა; სოციალური უფლებების უზრუნველყოფა; მართლმსაჯულების უზრუნველყოფა; სამართლის უზენაესობის განმტკიცება და ამ სფეროში არსებულ საფრთხეებთან ბრძოლა; დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და ინოვაციის წახალისება; ჩართულობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა; ნდობის აღდგენის მექანიზმები.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს 2019-2022 წლის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უძღვებოდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის, შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა.

ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის. მისი თქმით, გამოცდილებამ დაადასტურა, რომ უწყებათაშორისი საბჭო ნამდვილად ქმედითი ინსტრუმენტია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კოორდინირებისა და ერთიანი სამთავრობო მიდგომით განხორციელების კუთხით და იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშისა და 2020 წლის საგარეო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური