Items filtered by date: ორშაბათი, 11 ნოემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხილვა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეხვედრის მთავარი თემა.

აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას ასევე განხილული იყო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს.

ხაზი გაესვა დღემდე არსებული სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალ პროგრამასაც კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ექნება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და იმ პროცესებს, რომელიც ევროპის საბჭოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს. პრემიერმა გენერალურ მდივანს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მტკიცე მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

"საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი კედლები მავთულხლართები, სიძულვილის ენა და გაუტანლობაა, სანამ ამ კედლებს არ დავანგრევთ, ვერ ვიქნებით გაერთიანებული ქვეყანა"
 
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საპატიო სტუმრის სტატუსით, ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
 
"დღეს თავისუფლების დღეა. "დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება", - ჩვენი ჰიმნის სიტყვები დღეს, როგორც არასდროს, გამართლებულია.
 
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი დღეა, არა მხოლოდ გერმანიისა და არსებული ევროკავშირისათვის,  არამედ ყოფილი აღმოსავლეთის ბანაკის ქვეყნებისა და საქართველოსათვის.
 
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლისა და თავისუფლებისაკენ მისწრაფება ყოველთვის იმარჯვებს. რა დროც არ უნდა დასჭირდეს მას, ბოლოს სიცოცხლე და თავისუფლება მაინც გამარჯვებული იქნება.
 
მაგრამ დღეს გრძელდება ახალი კედლების აღმართვა, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს.
 
დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი კედლები მავთულხლართებია, კედლებია სიძულვილის ენა, გაუტანლობა და სანამ ამ კედლებს არ დავანგრევთ, ვერ ვიქნებით გაერთიანებული ქვეყანა და ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც მიაღწია გერმანიამ.
 
ამ კედლების ნგრევა ჩვენზეა დამოკიდებული.         
 
გერმანია იმედის მაგალითია, რომ ოკუპირებული ქვეყნის გაერთიანება შეიძლება.
 
შეიძლება იყოს სირთულეები, მაგრამ ბოლოს მაინც ერთი ერი და ერთიანი სახელმწიფო შენდება და  ეს დრო როცა მოვა, ჩვენ კიდევ უფრო მხიარულნი ვიქნებით, ვიდრე ეს ახალგაზრდები არიან ამ ფოტოებზე",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 
პრეზიდენტს მიღებაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა უმასპინძლა.
 
მიღებაზე ბერლინის კედლის აღების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ქართული ფარიკაობის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარება. FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს.
28 წლის თათია აფციაური, ხმლით ფარიკაობაში ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, 2013 წლიდან FIE-ს არბიტრი, პირველი ქართველი მსაჯია, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში გამართულ შეხვედრებს იმსაჯებს.
იაპონიის დედაქლაქი პარალიმპიურ თამაშებს, 2020 წლის 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, ეტლით ფარიკაობა 26-30 აგვისტოს ტოკიოს მაკუჰარი მესსეს საგამოფენო ცენტრში ჩატარდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია სპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის დახვედრის ცერემონია. მას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

გენერალური მდივნის ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

"მოგეხსენებათ, 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება.
გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია გაეცნოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და დაისახოს საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

თავმჯდომარეობის პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი სხვადასხვა დონის ღონისძიება, რაც ფართოდ წარმოაჩენს საქართველოს სტრასბურგში" - განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს 10-11 ნოემბერს სტუმრობს. საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია კი 27 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური