Items filtered by date: ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის 28–ე წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
 
დავით ზალკალიანმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით, თურქმენ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
 
მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.
 
„ჩვენ ერთად გადავლახეთ ის გამოწვევები, რაც დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან და, ამ პროცესში, არაერთხელ დავხმარებივართ  ერთმანეთს, რაც არასდროს მიეცემა დავიწყებას.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა  სატრანსპორტო და სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოც და თურქმენეთიც ისტორიული „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე მდებარეობენ და სწორედ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება არის ის მთავარი მიზანი, რომლის მისაღწევად ჩვენ ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ. საქართველო მხარს უჭერს იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც კასპიის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს და მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა პერსპექტიულ წამოწყებას. „ -განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას, კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიკა და თურქმენეთიდან ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობის სიხშირის პოზიტიური დინამიკა.
 
დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დადებითი დინამიკა: „მისასალმებელია, რომ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ინტენსივობა შეიძინა პოლიტიკურმა თანამშრომლობამ და გახშირდა მაღალი დონის ვიზიტები, რომლებმაც ხელშესახები შედეგები მოიტანეს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.“-განაცხადა ზალკალიანმა.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
 
„ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის არცერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. როგორც თქვენთვის ცნობილია, თურქმენეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია მრავალმხრივ ასპარეზზე, ისევე როგორც საქართველო ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდება თურქმენეთთან დაკავშირებულ საკითხებს საერთაშორისო არენაზე“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა იმ პედაგოგებს უმასპინძლა, რომლებმაც წელს პირველად დაიწყეს მასწავლებლის პროფესიით სკოლებში მუშაობა. მიხეილ ბატიაშვილმა წარმატება უსურვა მათ პედაგოგიურ საქმიანობაში და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მასწავლებლის როლს მომავალი თაობის აღზრდაში.

განათლების კომპლექსური რეფორმის საკვანძო საკითხი მასწავლებლების პირობების გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიის დაფასება და აღიარება,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და პროფესიული ზრდისათვის  მრავალმხრივი შესაძლებლობების გაჩენა წარმოადგენს. რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო მიმართავს სრულ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს როგორც ახალ მასწავლებლებს, ასევე არსებულ, პრაქტიკოს პედაგოგებს მეტი განვითარებისა და სტატუსის ამაღლებისათვის.

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, წელს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება ოქტომბრის მონაცემებით 1890 პედაგოგმა მოიპოვა. აქედან საჯარო სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე  1400 დასაქმდა, 490 კი განათლების სისტემაში იყო დასაქმებული (კერძო სკოლა, სხვა პოზიცია).

მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდაზე რეგისტრირებული 30 000-მდე აპლიკანტიდან, 10 000 მასწავლებლობის მსურველი ახალი აპლიკანტი იყო, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკანტების 30%-მა დადგენილი უმაღლესი - 10 კრედიტიანი ბარიერი დაძლია.

„ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ განათლების რეფორმის შედეგად, მასწავლებლობა პრესტიჟული და მიმზიდველი პროფესია ხდება.  რაც შეეხება სკოლებში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებს, 1470 საჯარო სკოლის მიერ 4500-მდე ვაკანსია გამოცხადდა. Teacherjobs.ge-ზე სულ 17400 აპლიკანტი დარეგისტრირდა,   დაახლოებით 51350 საათზე“ - განაცხადა მინისტრმა.

დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში 100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული.  ლიდერობს ბიოლოგია (11), ისტორია (10), მუსიკა (10), ფიზიკა (10), მათემატიკა (16) და აშ.

რეფორმის მიზანია სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური