Items filtered by date: პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს.

ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge-ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით, „Onoff.ge აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთარი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის.

Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის საშუალებით.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეის-კონფერენცია გამართა.
შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.
მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.
ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას.
შეხვედრის მონაწილეები აღნიშნულ ოჯახთან მუშაობის სტრატეგიასა და ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის საკითხებზე შეთანხმდნენ.
გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეროს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს რეზიდენტი სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის მნიშვნელობისა და ქვეყნის განვითარების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

მხარეებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში იმ მრავალფეროვანი პროგრამებისათვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდებოდა და ხელს უწყობდა როგორც რეგიონული განვითარების, ასევე უნივერსალური ჯანდაცვის, თანაბარი შესაძლებლობებისა და სამართლიანობის მიმართულებების განვითარების კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ისაუბრა ასევე, ისეთ გლობალურ გამოწვევაზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და აღნიშნა, რომ საჭიროა, ამ მიმართულებით საქართველო მსოფლიო საზოგადოების პარტნიორი და კონტრიბუტორი გახდეს.

,, სწორედ ეს იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც წელს გაეროში გამართულ სამიტზე მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, საქართველომ, გააზრებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა პრეზიდენტს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან გაეროს სააგენტოების თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გაეროს კვირეული დღეს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღით დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდება. წელს გაეროს დღის თემა - ‘’გლობალური მიზნების თაობა’’ კლიმატის სამიტს ეხმიანება, რომელიც სექტემბერში გაეროს შტაბბინაში ჩატარდა.
გაეროს დღის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კერძოდ: საჯარო ლექციები, გარემოსდაცვითი ღონისძიება ქუთაისში, შეხვედრები ახალგაზრდებთან, თანასწორობის ბიბლიოთეკისა და გამოფენის გახსნა უშგულში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

17 ოქტომბერს, თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა საკანალიზაციო სისტემის ინსპექტირების ვიდეოთვალის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი, რომელიც საკანალიზაციო სისტემის გაბიდვნის და დაზიანების აღმოჩენის საშვალებას იძლევა არხის გათხრისა და მოასფალტებული ზედაპირის დაზიანების გარეშე.

ეს, 300 000 ევროს ღირებულების სისტემა, პირველია საქართველოში, რომელსაც ჩეხური კომპანია „Zikmund“-ი პროექტ „Aid for Trade”-ის ფარგლებში საჩუქრად გადასცემს საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას, და ასევე ჩაატარებს უფასო ტრეინინგს მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში ზაზა სიხარულიძემ, კომპანიის თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს პროექტი ქართული და ჩეხური კომპანიების წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. „ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და შევეცდებით ასეთი სახის თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა მან სხვა სფეროებიც მოიცვას“, - დასძინა პ. მიკისკამ.

თავის მხრივ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს და კომპანია „Zikmund“-ის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისათვის და დაამატა, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მზად არის გააგრძელოს და კიდევ უფრო გააფართოვოს თანამშრომლობა ჩეხურ კომპანიასთან.

ავთანდილ ოთინაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით თბილისში 3–დღიანი საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. 30–მდე ქვეყნის 100–ზე მეტმა მონაწილემ ორგანიზაციის წინაშე არსებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის ნაციონალური საზოგადოების საქმიანობის პრეზენტაცია შედგა.

 წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის, ოლგა ჯუმაევას თქმით, ეს იყო განსაკუთრებული ფორუმი ფანდრაიზინგისა და კომუნიკაციების სფეროში. „ჩვენ ვეხმარებით უამრავ ადამიანს, ვისაც კრიზისი შეეხო. ფორუმის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ის საზოგადოებაში ფილანტროპიის განვითარებას უწყობს ხელს. ფილანტროპია – ეს ის პროცესია, როცა ადამიანები არ არინ გულგრილნი სხვათა გასაჭირის მიმართ. რაც უფრო განვითარებულია ფილანტროპია საზოგადოებაში, მით უფრო მაღალია სოციალური ცხოვრების, ურთიერთდახმარების, მეგობრობის, ბედნიერების სტანდარტები.

მრავალი წლის განმავლობაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ადგილობრივი, ეროვნული ორგანიზაციები საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან დოტაციებს იღებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი მათგანი დიდი თანხებით უკვე საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსდებოდა. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ მხოლოდ საერთაშორისო წითელი ჯვრის მიერ 250 მლნ დოლარზე მეტი შეგროვდა ამ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციოდ“, – განაცხადა ჯუმაევამ.

ამჟამად ვითარება თანდათანობით იცვლება. ქვეყნები ვითარდებიან, მათ საკუთარი შესაძლებლობები და ფინანსური სახსრები უჩნდებათ. იცვლება წითელი ჯვრის ნაციონალური ორგანიზაციების პარტნიორთა დონორული პრიორიტეტებიც და შესაბამისად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების პასუხისმგებლობა სულ უფრო მატულობს რესურსების მოზიდვისა და საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების კუთხით.

„ამ ფონზე აუცილებელია სახსრების მოზიდვა სწორედ კომუნიკაციების გაძლიერების გზით. 3–დღიან ფორუმში 30–მდე ქვეყნის 100–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პირველად ანალოგიური ფორუმი 2014 წელს ბუდაპეშტში შედგა, სადაც მაშინ 30 მონაწილე გვყავდა. თბილისის ფორუმი უკვე რიგით მე–6 ღონისძიებაა და ყოველწლიურად იზრდება როგორც მონაწილე ქვეყნების, ისე მათი წარმომადგენლების რაოდენობა.

პირადად მე სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში მიმდინარე წლის მაისიდან ვმუშაობ. ვსაქმიანობ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ადგილობრივ ნაციონალურ ორგანიზაციებთან. ჩემი მიზანია, გაფართოვდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, კერძოდ, მოვიზიდოთ მეტი პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები, ვინც დაინტერესებულია, მხარდაჭერა აღმოუჩინოს მსხვილ ჰუმანიტარულ პროექტებს. ახლახანს ჩვენ შევხვდით ავსტრიის ელჩს საქართველოში, ავსტრიული დელეგაციის მონაწილეობით.

საქართველოს წითელ ჯვარს გააჩნია ხანდაზმული ადამიანების მოვლის სფეროში შესანიშნავი გამოცდილება და შესაბამისი მოდელი, რათა ისინი არ გრძნობდნენ თავს საზოგადოების აქტიური ნაწილისგან მოწყვეტილად. ორგანიზაცია ეხმარება სხვა კატეგორიის ადამიანებსაც. ამ მხრივ იგი აქტიურად მუშაობს 28 ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მომზადება საგანგებო ვითარებებისთვის და შესაბამისი ოპერატიული რეაგირება ამჟამად ვასრულებთ მუშაობას იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მაისში, კახეთში, წყალიდოდიბის შედეგად დაზარალდნენ. 5000–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო შესაბამისი დახმარება”, – აღნიშნა ჯუმაევამ.          

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 2018 წელს 100 წლისთავი აღნიშნა. მისი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, თამარ კამკამიძის თქმით,  უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ეროვნული საზოგადოება ზრუნავს და ეხმარება ადამიანებს სოციალურ–ეკონომიკური კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების შედეგების დაძლევაში.

„საქართველოს წითელი ჯვარი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის ნაწილია და ჰუმანიტარულ სფეროში ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაციაა. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარე იქნება, რომელიც დეკემბერში ჟენევაში გაიმართება.

ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვყნისთვის, რადგანაც 33–ე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება, ასევე იმ არსებული გამოწვევების მიმოხილვა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ქალაქში თუ სოფლად. ეს არის ის მთავარი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობა, ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლება (რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ეროვნულ საზოგადოებასთან) და მთავარი ჰუმანიტარული პარტნიორები იხილავენ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იღებენ ერთობლივ ვალდებულებებს დაზარალებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, –აღნიშნა კამკამიძემ.     

ვასო კაპანაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური