Items filtered by date: ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა.

მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ დაუშვილმა მიულოცეს.

პირველ სამუშაო დღეს, მართლწესრიგის ოფიცრები ძველი თბილისის მოსახლეობას შეხვდნენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

ოფიცრები, ასევე, ეწვივნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს ბულინგის შესახებ და ამ პრობლემის ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ.

მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე თბილისის მასშტაბით მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონში მუშაობდნენ. დაახლოებით, 10-თვიანი მუშაობის შედეგად, მართლწესრიგის ოფიცრებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის მიზნით, არაერთ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

ოფიცრების შერჩევა მოხდა როგორც მოქმედი თანამშრომლებიდან, ასევე, საკონკურსო წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

ღია კონკურსის მეშვეობით მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა კვლავ გრძელდება. სამომავლოდ შერჩეული ოფიცრები ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება.

გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. ამის შესახებ „ნიუსდეი საქართველოს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იანმა, „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, დიპლომატიური კორპუსისა და ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

როგორც ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ჯემალ ფუტკარაძემ აღნიშნა, საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტში და ამ მიმართულებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიზანი საქართველო-ჩინეთს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობების ხელშეწყობა და აკადემიური კავშირების გაძლიერებაა.

„ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში. უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაარსება ჩვენი და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი ინიციატივაცაა. ჩვენთვის დიდი პატივია ჩინეთთან თანამშრომლობა. ინსტიტუტი აქტიურად იმუშავებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შემუშავებაზე, ასევე, ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედებაზე ჩინეთის სოციალურ მეცნიერებებათა აკადემიასა და აკადემიის შემადგენლობაში არსებულ ასზე მეტ ინსტიტუტში. ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, როგორც სამეცნიერო ისე ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იანმა, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეებს კიდევ ერთი კვლევითი ინსტიტუტის დაარსება მიულოცა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როგორც ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან. მოხარული ვართ, რომ შეიქმნა კვლევაზე ორიენტირებული აკადემიური ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. მისი შექმნა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს. ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია სოციალურ მეცნიერებებში კვლევების ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კი საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მხარეებს შორის შედგება დიდი მნიშვნელობის და ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გააგრძელებს განვითარებას, ახალ სტანდარტს დააწესებს და გახდება აკადემიური კვლევების, ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთვიზიტების განხორციელების პლატფორმა, ქართველი ხალხისთვის კი - ჩინეთის გაცნობის საუკეთესო საშუალება და ჩვენი ხალხების დამაკავშირებელი მეგობრობის ხიდი“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა ვანგ ლეიმ აღნიშნა, ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაარსებას შორს მიმავალი მიზნები და ორმხრივი სოლიდური სარგებელი ექნება.

„დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სიკეთეს მოუტანს მომავალ თაობებს. საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს პოზიტიური დამოკიდებულება. ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბება კიდევ ერთი ახალი არხია, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ვინაიდან ინსტიტუტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა, ეს ორივე მხარის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ერთმანეთთან. ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ სამომავლო გეგმები და განვსაზღვრეთ მთელი რიგი პერსპექტიული საკითხები, რომლებზეც ერთობლივად ვიმუშავებთ. მომავალი წლის დასაწყისში კი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ერთობლივ კონფერენციას ჩავატარებთ. ვაპირებთ თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ანტიკორუფციული პოლიტიკა. ვფიქრობთ, მომავალში ამ პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, მეტიც, ეს გასცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს მეზობელ ქვეყნებსაც. ვფიქრობთ, ჩვენ დავაფინანსებთ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებსა და პროექტებს, მივცემთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს საშუალებას, ეწვიონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს უნივერსიტეტებს“, - განაცხადა პროფესორმა ვანგ ლეიმ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები - აკადემიური დიალოგი ნათელი მომავლისათვის“.

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური