Items filtered by date: სამშაბათი, 29 იანვარი 2019 - NEWSDAY GEORGIA

კახა ბენდუქიძის კამპუსს საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობა ეწვია. საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ სე ვუნგი თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს ვახტანგ ლეჟავას შეხვდა. მათ განიხილეს უნივერსიტეტთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები კორეული ენის სწავლებისა და კორეული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით.

 

გამოქვეყნებულია განათლება

ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოსეფ ბორელ ფონტელიესმა ქ. მადრიდში ქართველ კოლეგასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-ესპანეთის ურთიერთობებს და საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ქვეყნის განვითარების გზაზე.

 მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, დავით ზალკალიანის განცხადებით ესპანეთი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის ურყევი პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ესპანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  დავით ზალკალიანმა კოლეგას დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებული ვითარება და რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობას.
 
მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ ბიზნეს და ეკონომიკურ კავშირებს, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში წარმატებით ოპერირებენ წამყვანი ესპანური კომპანიები. ამ მხრივ ორივე ქვეყნის საგარეო მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო შესაძლებლობებს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ასევე საქართველოს პოზიტიური საერთაშორისო რეიტინგები კარგ საფუძველს იძლევა ევროპული კომპანიებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს - როგორც აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებზე გამავალი ხიდის ფუნქციით.

მხარეებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს ესპანელი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მზარდი ინტერესი. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობას, აღნიშნა ამ მხრივ მიღწეული შთამბეჭდავი შედეგები და გამოთქვა დაინტერესება საქართველომ გაიზიაროს ესპანეთის წარმატებული გამოცდილება ამ მიმართულებით.
 
ევროკავშირში ინტეგრაციის  საკითხებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან განხორციელებულ წარმატებულ და ხელშესახებ რეფორმებს, რომელიც შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზას და ასევე ესპანურ მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს რაც ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებას უკავშირდება.

დავით ზალკალიანმა ესპანელი კოლეგა მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში მიიწვია, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით.

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ხაზი გაესვა ქვეყნის წარმატებულ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აღინიშნა, რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინტრუმენტი ნატოში წევრობისთვის, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს არსებით როლს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ორივე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მადრიდში განხორციელებული ვიზიტი ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობის განვითარებას ყველა მიმართულებით.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ (ICCA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, თანამშრომლობის ფორუმს „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“ უმასპინძლა.

ღონისძიების მთავარი თემა საქართველოში სამშენებლო სექტორში პროფესიული კვალიფიკაცია იყო. ფორუმზე სამშენებლო კომპანიების, ასოციაციების, სასწავლო საწარმოებისა და სამინისტროების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართა, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ სამშენებლო სექტორი ევროპული სტანდარტების შესაბამისი უნარების მქონე პროფესიონალი კადრებით. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დუალური პროფესიული სწავლების განხორციელებას დაეთმო, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე მშენებლობის მიმართულებით 7 პროფესიულ პროგრამაზე, ათ სამშენებლო კომპანიასა და სამ პროფესიულ კოლეჯში დაიწყო.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის დაცვასთან, სამშენებლო სექტორში (OHS) შრომის უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული პროფესიული უნარების განვითარების აუცილებლობას.

„სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამიური სექტორია საქართველოში. კერძო კომპანიები მუდმივად ეძებენ ახალგაზრდებს, რომლებსაც გააჩნიათ როგორც თანამედროვე თეორიული განათლება, ასევე აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და საჭირო პროფესიული უნარები“ - განაცხადა მან. სამშენებლო კომპანიებმა ასევე ხაზი გაუსვეს კერძო სექტორის როლსა და მათ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების მომზადებას საქართველოს სამშენებლო სექტორში.

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით. პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან – ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!! ვერ შეძლებ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა, რომელსაც უფრო მეტად გაუმყარე საკუთარი თავის რწმენა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც, რომ მას სხვების დაცვა საკუთარ თავზე მეტად შეუძლია!!! შემდეგ მივმართავ ოჯახს, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ჩემს გამო მთელი ეს წლები, რაც მე პოლიტიკაში ვარ. მე მათ პატიებას ვთხოვ ამდენი განცდისთვის, მაგრამ ისე, როგორც ყოველთვის მჯერა, რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. მივმართავ ყველა ქალს – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება, რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არა ვიყო სხვისი ხელის შემყურე...სწორედ იმიტომ, რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დასჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს. ახლა მივმართავ ყველა დანარჩენს: შინაარსში ასახსნელი არაფერია, რაც გაავრცელეს, ფორმაა ამაზრზენი. ოჯახური თანაცხოვრების ხელყოფა და ფარული კამერით შეჭრა პირად სივრცეში, იქ, სადაც არავის არასოდეს არაფერი ესაქმება!!! ის რაც ხელშეუხებელია!!! ამას ჩადიოდა ყველა საჯარო პირის მიმართ სააკაშვილის რეჟიმი, მან შექმნა სისტემა, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. ანადგურებდა ფიზიკურად და მორალურად. ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობდა. სწორედ იმიტომ, რომ ამის ატანა და შეგუება არ შემეძლო, გამოვიხურე იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი, ვიდრე მქონდა და მიმზადებდნენ და გავედი ქუჩაში ბარიკადებზე, აქციებზე, მიტინგებზე სხვათა დასაცავად!!! ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ვიდექი ფეხმოუცვლელად მაშინაც, როცა სააკაშვილის ზონდერები ჯერ ქვებს, ხოლო შემდეგ მომწამვლელ გაზს, პლასტიკურ აკრძალულ ტყვიებს გვიშენდნენ მე და ჩემს მეგობრებს და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ. ვიდექი მე, ქალი ამ სასტიკი დარბევების დროს და გაიხსენოს ვინც იდგა ჩემთან ერთად – არასოდეს გავქცეულვარ! არასოდეს შემშინებია! არასოდეს მინანია!!!და ყველაზე მძიმე გამოცდა – 2009–11 წლებში ჩემი სკოლის მოსწავლე შვილის და 11 წლით უმცროსი ძმის ერთად დაპატიმრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა დედის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები. ისე როგორც ასამართლებდნენ სხვებს. არავის ვუნახივარ აცრემლებული, შეშინებული, გატეხილი და უკანდახეული. და მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. როგორც არ უნდა გავნაწყენდე, ვერასოდეს დავუვიწყებ ბიძინა ივანიშვილს იმ თავდადებას, როცა ყველაფერი სასწორზე დადო და ამ ბრძოლაში წინ დადგა. მე მან მიხმო მესამე დღეს მისი პოლიტიკაში ჩართვიდან და მითხრა ამ ბრძოლაში გავყოლოდი. ჩემი პირველივე შეხვედრის სათქმელი იყო – რისთვის ვიბრძოდი? სამართლიანობა უნდა აღგვედგინა ამ ქვეყანაში! ეს ვუთხარი როგორც მიზანიც და პირობაც! დანარჩენი ის იყო, რაც ყველამ ნახეთ. დამარცხდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი 1 ოქტომბერს და პირველი რაც გავაკეთეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა –ნაწამები და ნაგვემი ციხე – თავისუფლების მანიფესტით გავათავისუფლეთ. "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმა მივაყენეთ და 215 პოლიტიკური პატიმარი ვცანით პარლამენტის დადგენილებით იმ მოწვევის უმრავლესობამ. ათასობით კი სასჯელის შემცირებით გათავისუფლდა. ამ დარტყმის პასუხი იყო ის არაერთი თავდასხმა და ცილისწამება, რაც დღემდე არ ცხრება ჩემს მიმართ. ამით ცდილობდნენ შურისძიებას ოპონენტები. არასოდეს მინანია, უფრო მეტიც, იმ დღის ბედნიერების ემოცია მომყვებოდა ეს წლები, როცა ციხის კარი გავაღეთ და გმინვაში მყოფი პატიმრები გამოვიყვანეთ მზის სინათლეზე. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც სხვისი თავისუფლებისთვის უბრძოლია. ვისთვისაც მატერიალური გამორჩენა არაა სიცოცხლის აზრი და ვისაც ერთი ადამიანი მაინც უანგაროდ დაუცავს. მართალია დღეს ჩვენს "გუნდში" აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მანიფესტს და ღირსების აქტს ჩრდილს აყენებენ, მაგრამ ეს ისტორიის კუთვნილება გახდა და თავისუფლების ფასი არ არის არაფერი სხვა. სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება –ესეც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხელით მოხდა. მახსოვს ლევან გოგიჩაიშვილის ემოციური კითხვა, როცა ვთხოვე ნაწამები პატიმრების საჩივრები გაეანალიზებინა დასკვნის წერის დროს, "რა დაგიშავე, რომ ეს გზა თავიდან რატო გამატარეო". ეს გზა გავიარეთ ყველამ ერთად, ვინც ვიყავით მსხვერპლნი და არა მოძალადენი....და გვინდოდა ამ თავისუფლებისთვის და სამართლიანობის აღსრულებისთვის ეს გამარჯვება! გამოგვივიდა? და ახლა ბოლოს "ქართულ ოცნებას" მივმართავ: გამოგვივიდა? შევძელით ეს? დავიწყეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში". შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი. არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში. ვერ მიიღო სამართალი ამ აზელილი "გუნდით“. ვერ მივიყვანეთ სამართლის აღსრულება ბოლომდე. მე-7 წლისთავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა! სახელი დავარქვათ ყველაფერს! მოძალადის რეინკარნაციამდე მანძილს ვამცირებთ მათივე ანასხლეტების შეფარებით. ამ დროს კი რამდენს ვატკინეთ გული უსამართლოდ ჩვენივე თანამებრძოლს. აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში. მე ამას ვერ შევეგუებოდი! მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და ვთქვი რომ არ დავიხევ უკან ამ ბრძოლაში. ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადგმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია! ჩემი პასუხი? არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით! ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ იმიტომ, რომ მე დავამარცხე ჩემში ყველა შიში ერთის გარდა – გალაკტიონის ენით რომ გადმოვცე – მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ გავს და უარესია! ამიტომაც, ერთად წავიდეთ წინ და ჩვენი თავისუფლება და სამართლიანობა ერთად მოვიპოვოთ!!!", - წერს ეკა ბესელია "ფეისბუქში".

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური