Items filtered by date: ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიცირებით, საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციის მიმართულებით ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში. 

ცვლილებების მიხედვით: გადამხდელს ავტომატურად შეუმცირდება დარიცხული ჯარიმების 50 პროცენტი, თუ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება აღიარებულია და საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად გადახდილია დარიცხული გადასახადების და ჯარიმების 50 პროცენტი. 

გარდა ამისა, სამჯერ - 30%-დან 10%-მდე შემცირდა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის. ამასთან, თუ ვადაგადაცილების პერიოდი არ აღემატება 2 თვეს, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა განახევრდება და იქნება 5 პროცენტი, ხოლო თუ ვადაგადაცილების პერიოდი აღემატება 2 თვეს, გადამხდელი დაჯარიმდება გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 30 პროცენტისა. 

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის ჯარიმის შეფარდება ხორციელდება გადასახადის სამართალდარღვევის სიმძიმის ხარისხის მიხედვით. კერძოდ, თუ შემცირებული გადასახადის თანხა არ აღემატება დეკლარაციაში გადასახადის თანხის 5 პროცენტს, გადამხდელი დაჯარიმდება შემცირებული თანხის 10 პროცენტით, ხოლო თუ შემცირებული თანხა დეკლარაციაში მითითებული თანხის 5 პროცენტზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 20 პროცენტს, გადამხდელი დაჯარიმდება 25 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 50 პროცენტისა. 

ასევე, დაწესდა ზღვრული ოდენობა გადასახადის შემცირებისათვის არსებულ ჯარიმაზე - საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს გადასახადის შემცირებისთვის ვერ შეეფარდება აღნიშნულ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების თანხაზე მეტი ოდენობის ჯარიმა. 

გარდა ამისა, განხორციელებული ცვლილებებით, ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას, პირველ შემთხვევაში სანქციის სახით გამოიყენება გაფრთხილება, ფულადი ჯარიმის ნაცვლად. 

აღნიშნული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაამტკიცა და მისი მიზანია, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება. 

საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისა და სამართლიანი ადმინისტრირების კუთხით ცვლილებების განხორციელება მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ 2018 წელს დაანონსდა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარებით დაინტერესდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეო ასკალამ აღნიშნა, ACCIONA-ს დელეგაცია არსებული შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოს მომავალ თვეს ეწვევა. 

პრემიერი ინვესტორს ასევე ესაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მდიდარ ჰიდრორესურსებზე, საქართველოში არსებულ დაბალ გადასახადებზე, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე, ასევე - თანაინვესტირების ფონდზე, რომელიც ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფონდია. 

საუბრისას აღინიშნა, რომ მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აუთვისებელი რესურსების რაციონალურად გამოყენება, ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური განვითარება. 

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დაესწრნენ. 

ACCIONA ინფრასტრუქტურული  პროექტების, განახლებადი ენერგიისა და წყლის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს ლიდერი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 30 ქვეყანაში 32 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს არტურ ვანეციანს  შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს. საუბარი შეეხო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის  ელჩი რუბენ სადოიანი.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოში საფრანგეთის საელჩო 2013 წლის 12 ნოემბერს საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ გაფორმებული შეთანხმების განხორციელების თაობაზე განმარტებას ავრცელებს.

„2013 წლის 12 ნოემბერს პარიზში ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიზანიცაა დროებითი პროფესიული მიგრაციის გაადვილება, რომელიც ეფუძნება სტუდენტებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მობილობასა და უკან დაბრუნებას პროფესიული კომპეტენციის შეძენის შემდეგ. საქმე ეხება ლეგალური ეკონომიკური მიგრაციის ხელშეწყობას ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების პერსპექტივით, საიდანაც გამომდინარეობს განსაზღვრება „ცირკულარული“, – აცხადებს საქართველოში საფრანგეთის საელჩო.

მათივე განმარტებით, ეს შეთანხმება პირველი ორმხრივი დოკუმენტია, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის პროფესიული მიგრაციის სფეროში გაფორმდა.

შეთანხმება ითვალისწინებს:

– 12-თვიანი ხანგრძლივობის ბინადრობის ბარათის მოთხოვნის შესაძლებლობას საფრანგეთში დიპლომირებული ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლის შემდგომი პირველი პროფესიული გამოცდილება მიიღონ საფრანგეთში საქართველოში მათი დაბრუნების პერსპექტივით.

– ერთი წლის ხანგრძლივობის, განახლებადი დროებითი ბინადრობის ბარათის მითითებით „დაქირავებული მშრომელი“ მოთხოვნის შესაძლებლობას ისეთი პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია 50 პროფესიიდან ერთ-ერთს. საფრანგეთის მიერ წლიურად გაცემული დროებითი ბინადრობის ბარათების რაოდენობა ამ კატეგორიის მშრომელთათვის 500-ს არ უნდა აღემატებოდეს.

– 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების გაცვლის განვითარებას; რომლებიც საფრანგეთში ან საქართველოში გაემგზავრებიან კარიერული პერსპექტივის გასაუმჯობესებლად დაქირავებული შრომით მიღებული გამოცდილების წყალობით. ორივე ქვეყანაში მიღებული ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 150 ადამიანს წელიწადში.

2018 წლის 3 დეკემბერს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა კანონი აღნიშნული შეთანხმების აპრობაციის მიზნით, რაც ხელშეკრულების განხორციელების პირველი ეტაპია.

„საფრანგეთის საელჩო საქართველოში შესაბამის დროს გამოაქვეყნებს ყველა საჭირო ინფორმაციას შეთანხმების შესრულების პირობების შესახებ საქართველოს იმ მოქალაქეების შემოსვლისა და ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით, რომელთაც შეთანხმებით სარგებლობა სურთ“, – აცხადებენ საფრანგეთის საელჩოში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური