Items filtered by date: ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ კონკურსის - „ჯილდო ცოდნისთვის” გამარჯვებულები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პროექტი - „ჯილდო ცოდნისთვის“ 2019 წელსაც გაგრძელდება და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 3655 მოქალაქემ, რომელთაგან 50 გამარჯვებული გამოვლინდა. ყველა გამარჯვებულს თავდაცვის სამინისტროსგან სამხედრო თემატიკის წიგნები, ხოლო პირველ საპრემიო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს - ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

თავდაცვის სამინისტროს ონლაინ-ტესტირების კონკურსი სამხედრო ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამხედრო-პოლიტიკურ, ასევე უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა და 2018 წლის 7 ნოემბერიდან 28 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კონკურსი მიზნად თავდაცვის ძალებისა და სამხედრო ისტორიის პოპულარიზაციას, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.

პროექტი - „ჯილდო ცოდნისთვის“ შეიქმნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების მიერ, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელთან ნიკა დობორჯგინიძესა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგოების მიმართულების ექსპერტთან სანდრო ასათიანთან ერთად საზოგადოებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

„ახალი სკოლის მოდელი“ ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღებს.

მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 50 სკოლაში განახლდება კომპიუტერული კლასები და აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიები პედაგოგისთვის და მოსწავლისთვის იქნება დამხმარე საშუალება უნარების განსავითარებლად. სასწავლო პროცესში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება ცოდნის შეძენის, ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის მიზნით. მასწავლებლები თავადაც შექმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურსებს და კოლეგებს გაუზიარებენ.

განათლების რეფორმის ფარგლებში Microsoft-თან და ტალინის უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით სასწავლო პროცესში ციფრული საგანმანათლებლო რესურსები დაინერგება. მასწავლებლები და მოსწავლეები ელექტრონული რესურსებით იქნებიან უზრუნველყოფილი, რათა შეძლონ ინფორმაციის მარტივად გაცვლა, საკუთარი საკომუნიკაციო არხების აწყობა, ინფორმაციის გავრცელება, სწავლა-სწავლების პროცესში ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ეფექტური გამოყენება. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებში მედიაწიგნიერების განვითრებას.

სამინისტრომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით 2019 წლიდან საპილოტე სკოლებში დაიწყო სასწავლო პროცესში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში წარმატებით აპრობირებული პროგრამების დანერგვა. შედეგად მოსწავლეები დაეუფლებიან კომპიუტერული მეცნიერების საწყისებს. განსაკუთრებულად გამახვილდება ყურადღება ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებზე, როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებში, ასევე მშობლებში.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად იგეგმება არსებული ელექტრონული რესურსების, მათ შორის, ვებგვერდის el.ge-ის განვითარება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პორტალზე თავს მოიყრის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები: ელექტრონული წიგნები, ვიდეო და ფოტო მასალა, ნოტები და სხვადასხვა სახის გრაფიკული გამოსახულებები.

სანდრო ასათიანის თქმით, სასწავლო პროცესში სთრიმინგ გაკვეთილები დაინერგება, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს: „საუბრები მომავალზე“, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული და ალგორითმული აზროვნების განვითარებაზე, სწავლის პროცესში კრეატიულობის ამაღლებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

 

გამოქვეყნებულია განათლება

22 იანვარს,  სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“ თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში  და მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებას უკეთ გაეცნო ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესები. ასევე, ჩინეთში  გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები, იქაური გამოცდილება მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლა და იმ წარმატებების მიზეზები, რამაც ჩინეთის სწრაფი განვითარება უზრუნველყო.

კონფერენციას ესწრებოდნენ:  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე,  წამყვანი ჟურნალისტები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები.

კონფერენციის პირველი ნაწილი  შემდეგნაირად წარიმართა:

 ზოგადი მოხსენება - მალხაზ გულაშვილი - მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი

 მისასალმებელი სიტყვა - ძი იენჩი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში 

 მომხსენებელი -  ჩინეთის გეოპოლიტიკურ გავლენაზე - ვახტანგ მაისაია -  პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამხედრო პოლიტოლოგი. თემა: როგორ შეიძლება საქართველომ ეს გავლენები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. 

 მომხსენებელი სიმონ კილაძე, პოლიტოლოგი. თემა: ჩინეთის გამოცდილება შრომითი პერსონალის მართვაში, კორუფციასთან ბრძოლაში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

მომხსენებლების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კონფერენციის დამსწრე საზოგადოებამ, თემაზე, - ჩინეთის ეკონომიკური როლი საქართველოსთვის, კითხვა-პსუხის რეჟიმში ზოგადი დისკუსია გამართა. 

კონფერენციის მნიშვნელობაზე „ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა - მალხაზ გულაშვილმა ისაუბრა:

„დღევანდელი  კონფერენციის ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ჩინეთმა მოახერხა და  უმოკლეს დროში შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო. შექმნა ახალი ეკონომიკა, ტექნოლოგიები, უნიკალური სოფლის მეურნეობა, უკვე კოსმოსის ათვისებაზეც კი გადავიდა. ასევე, შექმნა სოფლის ტურიზმის განვითარების მოდელი, რითაც ჩინეთი გახდა ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში.

საქართველოს აინტერესებს ჩინეთთან ურთიერთობა,რადგან ერთდროულად წარმოშობილი ცივილიზაციებია. ის ფაქტიც, რომ აბრეშუმის გზა საქართველოზე გადიოდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც,  რომ  საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა, რამაც ხელი შეუწყო ქართული ბიზნესის განვითარებას ჩინეთის ბაზარზე. დღესდღეობით, ბევრი ქართული კომპანია ჩინეთის ბაზარზე დომინანტთა როლს ასრულებს.

ჩინეთის მთელ რიგ რეგიონებში გაიხსნა საქართველოს პოპულარიზაციის კუთხეები. ცოტა ხნის წინ, „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე დავაჯილდოვეთ ადამიანი, რომელმაც ჩინეთში პატარა საქართველო შექმნა.

ჩინეთის გეოპოლიტიკური როლი განუზომელად იზრდება მთელ მსოფლიოში. მან ეტაპობრივად მოახდინა იმ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო დაკარგა.

რაში შეიძლება ეს ყველაფერი საქართველომ გამოიყენოს? ზუსტად ამ საკითხებს ეხება კონფერენცია.

ჩვენი მიზანია, ჩინეთის გეოპოლიტიკური გავლენა საქართველომ ისე გამოიყენოს, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც მოხდეს.

გვსურს, რომ როგორც ჩინეთში ებრძვიან სიღატაკეს, ზუსტად ასევე ვებრძოლოთ საქართველოში ამ პრობლემას.  ჩინეთში 1 700 000 000 ადამიანია და აქედან მხოლოდ 50 000 000 აქვს სიღარიბის ზღვარს ქვევით სტატუსი.  როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა განაცხადა, 2020 წლისთვის საერთოდ აღარ იქნება ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი.  ჩინეთს აქვს უნიკალური მოდელი მოხუცებულთა მოვლის. ასევე საპენსიპო რეფორმა. შემციერებული აქვს საპენსიო ასაკი 50-55 წლამდე.

დღეს, მსოფლიო ეკონომიკის 2/3 ჩინეთში იქმნება. ეს ყველაფერი კი ნამდვილად მისაბაძია,“ - განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში მალხაზ გულაშვილმა.

კონფერენციის  მიზნებზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ძი იენჩიმ:

“დღევანდელი კონფერენცია ჩინეთის საელჩოსა და მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით ტარდება. ეს კონფერენცია ჩინეთის რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებიდან ორმოც და „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ინიციატივის გაჟღერებდან ხუთი წლისთავს ემთხვევა. ჩვენ ამ კონფერენციას ექსპერტებისა და ჟურნალისტების თხოვნით ვატარებთ. 

აღსანიშნავია, რომ ორმოცი წლის მანძილზე, ჩინეთმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია როგორც ეკონომიკაში, ასევე, სხვადასხვა სფეროებში. იგი დღესდღეობით მსოფლიოში რიგით მეორე ადგილზეა ეკონომიკის დონის მხრივ. ქართველებისთვის ძალიან საინტერესოა ჩინეთის განვითარების შესაძლებლობები და აღმშენებლობის გზაზე მის მიერ მიღწეული წარმატება. კონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებიდან და ექსპერტებიდან ბევრი არაერთხელაა ჩინეთში ნამყოფი. ჩევნი კონფერენციის მიზანიც ის არის, რომ უკეთ გავაცნოთ მათ ჩინეთის გამოცდილება და ერთად განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს საქართველომ ეს გამოცდილება ქვეყნის აღმშენებლობისა და მეტი კეთილდღეობის მისაღწევად," - განაცხადა  ძი იენჩიმ.

როგორც „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა, - დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთის, როგორც სწრაფად მზარდი ეკნომიკისა და უზარმაზარი ბაზრის მქონე  ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„ორ ქვეყანას შორის არსებული ურთუერთობები და  თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები დიდ და ახალ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მეწარმეებს. მოხარული ვარ, რომ „საპარტნიორო ფონდს“ თავისი წვლილი შეაქვს საქართველო-ჩინეთს შორის ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებასა და ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისთვის. ქართველ მეწარმეებს ჩინეთის მილიარდ ნახევრიანი ბაზრის კარი ექხსნებათ და ეს ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.  

კონფერენციის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოებისთვის ჩინეთში ყოფნის შთაბეჭდილებების გაზიარებას დაეთმო. აქცენტები გაკეთდა ჩინეთის საპენსიო რეფორმაზე, მის ეკონომიკურ მოდელზე, „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ კონცეფციაზე, ჩინური ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მოდელზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე და სხვა.

„მსგავსი კონფერენციის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. სხვა, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, დანერგვა და იმ  გაკვეთილების ჩვენს რეალობაზე მორგება, ვფიქრობ, ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ ქვეყანა გეოპოლიტიკურ, სტრატეგიულ ჭრილში განვითარდეს. 

იმედია, დღევანდელი ღონისძიება პირველი, პიონერული სვლა იქნება იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ისეთი განვითარებული ქვეყნის გამოცდილება გაიზიაროს, როგორიცაა ჩინეთი.

რაც შეეხება ჩინეთს, ამ ქვეყანამ, გასული საუკუნის 80-90 წლიდან დღემდე, არნახულ წარმატებას მიაღწია თითქმის ყველა სფეროში. 

რა მიმართულებით შეიძლება გამოიყენოს ჩინური გამოცდილება საქართველომ? მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ სამხედრო სტრატეგია, საგარეო პოლიტიკა, რეგიონული ინიციატივის თანამშრომლობის პოლიტიკური ბჟენი, რომელიც, ჩვენთვის ძალიან აქტუალურია თუნდაც კავკასიისა და შავიზღვისპირეთის აუზის რეგიონების ფორმატში. ჩვენთვის საინტერესოა ასევე, ჩინეთის პოლიტიკური მოდელი. 

ძალიან კარგია, რომ ამ ყველაფერზე დიალოგი უკვე დაიწყო და მეც, რა თქმა უნდა, მივესალმები ამ კარგ ინიციატივას,“ - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. 

სპეციალურად კონფერენციისათვის, პოლიტიკურმა მიმომხილველმა, - სიმონ კილაძემ შეადგინა და გამოსცა ბროშურა სახელწოდებით „საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა: ისტორიული ასპექტები“.  სიმონ კილაძის განმარტებით, კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობისთვის, ვინაიდან, ის პირველად იმართება და შეიძლება ითქვას, გაკვალული გზაა ამ მიმართულებით:

"ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობას ძალიან მდიდარი ისტორიული წარსული აქვს.  ამას მოწმობს აბრეშუმის დიდი გზის არსებობა, რომელიც, ჯერ კიდევ  მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში საქართველოზე, კავკასიაზე გადიოდა. მოგვიანებით, მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეებში, უკვე ჩინეთის მასშტაბური პროექტი განხორციელდა კავკასიაზე. ამ პროექტით, ერთ-ერთი მარშუტი აბრეშუმის დიდი გზის გავლით გადის და აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკისათვის და საერთოდ, გეოპოლიტიკური მდგომარეობისათვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ჩინური ეკონმიკური სასწაული - ცნობილი გამოთქმაა და ჩვენთვის საინტერესოა გავიგოთ, თუ როგორ მიაღწია მან ამ შედეგს. 

რაც შეეხება ჩემს ბროშურას, მასში განხილულია საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა ჯერ კიდევ აბრეშუმის დიდი გზიდან, მეთორმეტე საუკუნიდან დაწყებული. მოგეხსენებათ, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანშიც“ ნახსენებია ჩინეთი, რაც ამ ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას მოწმობს. 

განხილულია ასევე, ის ფაქტიც, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში პირველად სწორედ ჩინეთიდან შემოვიდა ჩაი,- ლაუ ჯინ ჯოუს მიერ. 

მოგვიანებით, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა უკვე კულტურისა და მეცნიერების დარგების მიმართულებით ვითარდებოდა. სწორედ ამ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება ჩემს ბროშურაში, “ - განაცხადა სიმონ კილაძემ.

კონფერენციის დასასრულს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ძი იენჩიმ,  დამსწრე საზოგადოებას ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ, მსგავს აქტივობაში ჩართვაში საკუთარი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღუთქვა:

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კონფერენცია ჩავატარეთ. მე დღეს მოვისმინე ქართველი ექსპერტების, ჟურნალისტებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები  ჩინეთ-საქართველოს მაგალითზე. მათ არა მარტო აკადემიური კუთხით, არამედ, პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე შეაფასეს ჩინეთის ეკონომიური მიღწევები. მე დღეს აღმოვაჩინე, რომ ბევრი ქართველი ექსპერტი ძალიან მაღალ დონეზე იცნობს ჩინეთს. სამწუხაროა, რომ აქამდე არ მქონია მათთან შეხება. ამ კონფერენციამ მათი სახით ბევრი მეგობარი  შემძინა. 

რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ დღეს გამოთქმულ მოსაზრებას, რომ შემდგომში მსგავსი კონფერენცია, უკვე ბიზნეს სექტორის თანდასწრებით ჩატარდეს. დიდი მადლობა კონფერენციის ორგანიზებისათვის!“  - განაცხადა ძი იენჩიმ. 

ცნობისათვის, დღეს საქართველოს ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობა და მთელი რიგი კომპანიები უკვე ამ ქვეყნის ბაზარზე ოპერირებენ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა უფრო ინტენსიურ მოქმედებებზე გადასვლა ჩინეთის ახალი კონცეფციიდან - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“ - გამომდინარე.

 

/თამუნა დუღაშვილი/

/ნინო ოთარაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის წენგ ცინჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კომპანია ქვეყანაში არსებულ გარემოს შეისწავლის, რის შემდეგაც ინვესტიციის განხორციელებისა და ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი Guangzhou Automobile Group-ი ს თავმჯდომარეს შეხვედრისას იმ ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე ესაუბრა, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, ასევე გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში გახსნიან.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა კომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.

Guangzhou Automobile Group ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელია, რომელსაც 84 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჯგუფი აწარმოებს სამგზავრო და კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებს, მოტოციკლებს, საავტომობილო ნაწილებს, ასევე, საქმიანობს ფინანსურ და სადაზღვევო სფეროში.

კომპანიის საბაზრო კაპიტალის მოცულობა 18 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ინიციატივებსა და საქართველო-ჩინეთის მზარდ ურთიერთობებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტ ლიუ ბენსიანს, რომელსაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

ყურადღება დაეთმო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით იმყოფებოდა.

CMIG-ის პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განვითარების პროცესი, რაც ქვეყანაში ინვესტირებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებითაც, შესაძლოა, ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდეს.

CMIG-ი ჩინეთში ლიდერი გლობალური კერძო საინვესტიციო ჯგუფია, რომლის რეგისტრირებული კაპიტალის მოცულობა დაახლოებით 15 მილიარდი დოლარია. სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში საქმიანობს, აქტიურად არის დაინტერესებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებით "სარტყლისა და გზის" ინიციატივის ქვეყნებში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. აღინიშნა, რომ 2019 წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის.

სალომე ზურაბიშვილმა იოჰანეს ჰანთან შხვედრაზე ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას და ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 10:54

PSP ჯგუფმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა

2018 წელი PSP ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წარმატებული იყო. ჯგუფში შემავალმა ყველა კომპანიამ ზრდას განაგრძო. განსაკუთრებული ზრდა ექსპორტის მიმართულებით აღინიშნა.  მხოლოდ გასულ წელს PSP ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ძირითადად, ეს გადასახადები  საშემოსავლო გადასახადის სახით დაფიქსირდა. აღნიშნული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის  ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია.

PSP ფარმაში 2018 წლის ბოლოს მმართველობითი ცვლილებები განხორციელდა. 2019 წლის დასაწყისიდან კომპანიის გენერალურ დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი, ხოლო კომერციულ დირექტორად დავით მდივანი დაინიშნა. PSP ჯგუფის პრეზიდენტის პოსტი კი გოჩა გოგილაშვილმა დაიკავა.  

PSP ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით ჯგუფში 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური