ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება განათლებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე გამახვილდა.
ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას შორის აქტიური კავშირისა და ინტენსიური გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის ფორმატსაც, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, კონკრეტული ინიციატივები იქნება განხილული.
„საუბარი გვქონდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკურ განზომილებაზე, ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. გვქონდა ძალიან თბილი, საინტერესო შეხვედრა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხვედრა დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ვისაუბრეთ დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას და ამ ფორმატში განიხილება ყველა კონკრეტული ინიციატივა, რომლითაც ჩვენ გავამყარებთ ურთიერთობებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის და ეს ხელს შეუწყობს ასევე, პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარებასაც",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, დავით სონღულაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრით, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
დავით ზალკალიანი - გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს
გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა. ზალკალიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით თავშეკავებული პოზიცია არ აქვს და პოზიცია დააფიქსირეს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე თავად, საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, ამ თემაზე მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ფარგლებში.
„კანონიკური ეკლესიის შესაბამისი პროცესის გათვალისწინებით, ამ საკითხისადმი დამოკიდებულება საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება სახელმწიფოს, მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში. გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერი ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ ეს ფაქტი არ გვახარებდეს?! მე არ ვფიქრობ, რომ ეს თავშეკავებაა. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით. მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ეკლესიის ფარგლებში. პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება და საგარეო საქმეთა მინისტრმაც“, - განაცხადა ზალკალიანმა.
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
15 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის რ.გ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6584.37 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 58.7 გრამი) გამოავლინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6584.37 ლარის ოდენობით შეეფარდა.
გიორგი გახარია კატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამინისტროს დელეგაცია კატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სამინისტროს დელეგაციას კატარის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა - შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანმა უმასპინძლა.
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტამდე ინფორმაციის მიღება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან. საუბრისას აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცემა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ბატონი ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ქეთევან მახარაშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშების განყოფილების უფროსი ბატონი ანდრეა ხმიელინსკი ბიგაზი და ოპერაციათა განყოფილების უფროსის მოადგილე, ქალბატონი მაურა ო’ სალივანი.