Items filtered by date: პარასკევი, 07 დეკემბერი 2018 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - ეროვნულ ასამბლეასა და სენატში შეხვედრებით დაიწყებს. ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენში“ ფრანგ კოლეგასთან ფლორანს პარლისთან შეხვედრით გაგრძელდება. დახვედრის ცერემონიალისა და პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლევან იზორია და ფლორანს პარლი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო საკითხებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანიასთან „Thales“ საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპზე მორიგი კონტრაქტის ხელმოწერა იგეგმება, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას გულისხმობს.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი ფრანგი კოლეგა ფლორანს პარლი ტექნიკურ შეთანხმებასაც გააფორმებენ. შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (EUTM RCA) მონაწილე ქართული კონტინგენტის ფრანგული მხარის მიერ ლოგისტიკურ მხარდაჭერას შეეხება. 

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.


აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი, თუმცა ამით შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საბერძნეთის იმ მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს.

„მისასალმებელია, რომ დღეს პარლამენტი მასპინძლობს მნიშვნელოვან ფორუმს, რომლის მიზანია დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის განვითარებისა და მმართველობითი სისტემის სრულყოფის პროცესის ხელშეწყობა. საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან, თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანა და მიზანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება და სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება.

„ეს კი შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობს ადგილებზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

„რა თქმა უნდა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს მთავრობის აქტიური ჩართულობით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თვითმმართველობებთან კონსულტაციითა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაქსიმალურად ვიზიარებდეთ მომავალი რეფორმების სულისკვეთებას და გეგმაზომიერად ვიმუშაოთ ამ გზაზე საერთო წარმატებისათვის. ამ მხრივ სახეზეა მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ურყევად მივიწევთ დეცენტრალიზაციის გზით, ადგილებზე დემოკრატიული მექანიზმების მყარად დასამკვიდრებლად დამატებითი ფინანსური რესურსები წლიდან წლამდე იზრდება და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ იქნება 2019 წლის ბიუჯეტი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი.

„მოგეხსენებათ, წელს არის საქართველოში საერობო-თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლისთავი და სიმბოლურია, რომ წელს ვასრულებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის ფორმირებას და რაც მნიშვნელოვანია, ვიწყებთ ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისი ინიციატივითაც შეიქმნა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პლატფორმა. ეს ფორუმი საშუალებას იძლევა, გვქონდეს ერთგვარი საკონსულტაციო მექანიზმი, სადაც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობებმა დასვან კითხვები, მიიღონ მათზე პასუხები, გაიზიარონ გამოცდილება, დასახონ სამომავლო გეგმები და განსაზღვრონ შესასრულებელი ამოცანები, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ჩამოვაყალიბოთ ის მოდელები, რომლებიც გვჭირდება დღეს, რომელიც სჭირდება საქართველოს, რომ თვითმმართველობის სისტემა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორმა, ადამ შმიდტმა და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში, გიგი ბრეგაძემ მიმართეს.

ფორუმზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას განიხილავენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 1984 წელს დაბადებული ნ.შ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

გამოქვეყნებულია სამართალი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური