Items filtered by date: ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 - NEWSDAY GEORGIA

დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია  90  მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ 2000-დე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას ამ პროგრამის ფარგლებში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

მთავრობის მეთაურის თქმით, თანხები განკუთვნილია როგორც ახალი ბინების მშენებლობისათვის ასევე, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსასყიდად.

„დარეგულირდა ბინების განაწილების რიგითობა, რომელიც ძალიან მტკივნეული პროცესი იყო.  მოგეხსენებათ, რომ გაუქმებულია 2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა თბილისში დევნილებისთვის ახალ მშენებლობებს. ჩვენ შევცვალეთ ეს დისკრიმინაციული მიდგომა. მთავრობა დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს ქართველი მენაშენეებისგან კონკურსის წესით შეისყიდის და მომავალ წელს ახალ ბინებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები დევნილები მიიღებენ.  დღეისათვის უკვე შესყიდულია და 342 ოჯახი მალე თბილისში მიიღებს საცხოვრებელ ფართობს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხის მობილიზაციიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყო ვიდრე 2018 წლის სასტარტო ბიუჯეტში, გაჩნდა  შესაძლებლობა, კაპიტალური ხარჯებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ კუთხით წელს დამატებით მოხდება 20 მილიონი ლარის მობილიზება, რაც მიმართული იქნება დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.  მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართობის დაკანონების პროცესიც.  

„აქ ხშირ შემთხვევაში პროცედურები და კანონმდებლობა იყო მოუქნელი. და ეს საკითხი უმოკლეს ვადაში დარეგულირდება. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ 2013 წლიდან უკვე 17 162 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში პირადად ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

„სწორედ ამ ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები განიხილებიან იმპორტის მთავარ წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია. პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იმ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც აქვს საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გამოფენაში, სადაც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას ჰქონდა საშუალება, წარედგინა თავისი პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ექსპორტი და შემცირდეს არსებული მძიმე სავაჭრო დეფიციტი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დანკანს შეხვდა, რომელიც საქართველოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომის ფარგლებში ეწვია.

დავით ზალკალიანმა ბრიტანეთის ხელისუფლებას და პირადად, სერ ალან დანკანს, მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. 

ალან დანკანმა კმაყოფილებით აღნიშნა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკა და ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელების მზადყოფნას. 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ Brexit-ის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს და ოპტიმიზმით უყურებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებში წარმოიქმნება. 

მინისტრებმა ისაუბრეს თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, რაც ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა. 

სერ ალან დანკანმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს დაემთხვა და რომ დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით ეს მნიშნელოვანი პროცესია. "უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების პირველმა ტურმა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც თქვენი ქვეყნის დამსახურება და დიდი მიღწევაა" - განაცხადა დანკანმა. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ხაზი გაუსვეს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას. „გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უსაფრთხოებას. შემაშფოთებელი და სრულიად მიუღებელია ბოლო დღეებში განახლებული  ქმედებები იმ გამყოფი ხაზის გასწვრივ, რომელიც აღნიშნავს რუსეთის არალეგალურ ყოფნას. ეს ქმედებები უნდა შეწყდეს. მოვუწოდებ რუსეთს, მოახდინოს მავთულხლართების დემონტაჟი“ - განაცხადა სერ ალან დანკანმა. 

შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრებმა საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრები დიალოგის შემადგენელ 4 სეგმენტზე: პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. 

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და თითქმის სრულად მოიცავს ორმხრივ სექტორულ თანამშრომლობას. 

პლენარული სხდომის გახსნის შემდგომ, დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის კიბერ-უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, UNESCO-ს მონაწილეობით, მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი აღინიშნება. საქართველოს ინიციატივა, რომელსაც მხარი გაერთიანებულმა სამეფომ დაუჭირა, ხაზს უსვამს ქალთა როლის მნიშვნელობას მშვიდობის კულტურასა და კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვაში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური