Items filtered by date: პარასკევი, 02 ნოემბერი 2018 - NEWSDAY GEORGIA

„ნატო-ს გაფართოებამ დაგვანახა ისტორიულად, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოება და სტაბილურობა მოაქვს იმ ქვეყნებში და იმ რეგიონებში, რა მიმართულებითაც ნატო ფართოვდება“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე -12 კონფერენციის ფარგლებში გამართული მესამე პანელის - „ევროატლანტიკური საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები - ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტირება” შეფასებისას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში და მის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატო-ს მისიებში.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ამ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობის პარალელურად, პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებით შემდგომი წინსვლის მნიშვნელობაზე: „ჩემს გამოსვლაში, ხაზი გავუსვი მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას რაც საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებობს, იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო ახორციელებს გამოწვევების დაძლევის მიმართულებით, მაგრამ ასევე ვისაუბრე იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ძალიან კარგ პრაქტიკულ თანამშრომლობას თან ახლდეს წინსვლა პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ მესამე პანელზე მომხსენებლებს შორის ასევე იყვნენ ლიეტუვას რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს ემრე ყარაოსმანოღლუ და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორი ნიკ გური.

ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილება. კონფერენციას 300-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი, ჯეიმსთაუნის ფონდი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (The Munich Security Conference), ხოლო კონფერენციის სპონსორები - იდენო (IDENO), თალესი (THALES) და ზენ ტექნოლოგიები (ZEN Techonologies).

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა შეასრულა პირობა, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნებოდა მიღებული. 

„მინდა მადლობა გადავუხადო უწმინდესს, წმინდა სინოდის წევრებს, მეუფეებს შეხვედრისთვის, თბილი მიღებისთვის, დალოცვისთვის. ჩვენ გვქონდა საუბარი მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, საინტერესო ეკლესიისთვის. მთავარი საკითხი იყო, რა თქმა უნდა, კანონპრპოექტი, რომელიც ეხება კანაფის კულტივაციას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში. გვქონდა მსჯელობა, ასევე, უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ აქ მივიღეთ გადაწყვეტილება, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა. როგორც მოგეხსენებათ, იყო განსხვავებული პოზიციები გუნდის შიგნით. ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მიღებული იქნებოდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე. იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებული ეკლესიასთან შეთანხმებით საზოგადოების ფართო კონსენსუსით. ეს პირობა ჩვენ შევასრულეთ. საუბარი იყო აქ ვადებზე, თუმცა გუშინ, განსაკუთრებით ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ახლავე ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ასევე, გათვალისწინებულ იქნა სხვა კონფესიების წარმომადგენელთა და ზოგადად, საზოგადოების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაფორმდება.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ეკლესიის პოზიცია. ასევე, გავითვალისწინეთ, აღვნიშნავ, სხვა კონფესიების წარმომადგენლების პოზიცია და რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ, ზოგადად, საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან, კანონპროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გაფორმდება მთავრობის შესაბამის, უახლოეს სხდომაზე. დღეს ეს ტექნიკურად ვერ მოესწრება, თუმცა მომდევნო კვირაში ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - უკავშირდება თუ არა კანონპროექტის გაწვევა საპრეზიდენტო არჩევნებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღების პირობა მმართველმა გუნდმა თავიდანვე დადო.

მისივე თქმით, „არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.”

„ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე. არჩევნებსაც უკავშირდება, შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ, როდესაც საუბრობდა ქალბატონი სალომე მის პოზიციასთან დაკავშირებით, მან, მათ შორის, თავისი პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებით, რომელსაც ის ატარებდა რეგიონებში თუ ქალაქებში საარჩევნო პროცესში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ამას დავაკონკრეტებ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობას, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება არის ჩვენი პასუხისმგებლობით აღსავსე და ამან განაპირობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციის პირველი დღე ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე მსჯელობით დასრულდა. მესამე პანელს - „ევროატლანტიკური საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები - ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტირება” დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტმა (RUSI) უმასპინძლა. სესიას მოდერატორობა RUSI-ს უფროსმა მკვლევარმა იუნ ლოუსონმა გაუწია. 

პანელზე მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ლიეტუვას რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს ემრე ყარაოსმანოღლუ და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორი ნიკ გური.

სესიის ყველა მომხსენებელი შეთანხმდა, რომ ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია ერთიანობა და ადექვატური ადაპტაცია. მშვიდობიანმა მსოფლიომ საფრთხეებთან გასამკლავებლად საერთო მიდგომა უნდა შეიმუშაოს და მიმართოს ერთიან შეკავების ძალისხმევას დიალოგითა თუ დიპლომატიით. აღინიშნა, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა ნატოს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.  

თურქეთიდან, ლიეტუვადან და გაერთიანებული სამეფოდან წარმოდგენილმა სპიკერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერა. პანელის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს როლს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძალისხმევის საქმეში.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

10 წელი პირველი კრიპტოვალუტის დაბადებიდან - ბიტკოინის საიუბილეო თარიღი საქართველოშიც აღნიშნეს. ვირტუალური ფულის ათწლიან ისტორიას ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუმრებმა თავი ერთ ლოკაციაზე - რესტორან „აფხაზეთში“ მოიყარეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო ხედვები გაუზიარეს.  

გამომსველებს შორის იყვნენ:  კრიპტო ეკონომისტი და TetraSales-ის დამფუძნებელი ევგენი რომანენკო, investrelations.com-ის დამფუძნებელი მაიკლლ იჩკოვსკი, Blicico-ს დამფუძნებელი კირა ლამნიმარსელი, Arcona Digital Land-ის დამფუძნებელი დანიილ ჯირდია, Deex.exchange-ის დამფუძნებელი ვლად ზაპოჟნიკოვი, ბიზნესმენი და ქოუჩი ვიაჩესლავ სტავიცკი,  investrelations.com-ის დამფუძნებელი ოლგა ფილატოვა, coinmania.shop-ის თანადამფუძნებელი სულხან ჯაში, საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი შერვაშიძე, კრიპტოევანგელისტი, coinmania.exchange-ის თანადამფუძნებელი ზურაბ კერძევაძე, საქართველოს მაინერთა ასოციაციის წევრი, კრიპტოინვესტორი და მრჩეველი, საქართველოს ბიტკოინის საელჩოს დამფუძნებელი ალექსანდრე სუდაძე, ლუნა გრუპის თანადამფუძნებელი გიორგი სალია  და სხვები. ღონისძიებაზე ციფრული ეკონომიკის ასოციაციამ ამბასადორის წოდება მიანიჭა კრიპტოეკონომისტსა და ბლოგერს, ევგენი რომანენკოს, რომელმაც, თავის მხრივ, აიღო პასუხისმგებლობა, მიაწოდოს მეზობელ ქვეყნებს  ინფორმაცია კრიპტოსაქართველოზე.

ღონისძიების ბოლოს საზეიმოდ გაიჭრა ტორტი და გათამაშდა „ბიტკოინის“ ფორმის ე.წ. „კრიპტონაცხვრებიც“. მასპინძლებმა სტუმრები ქართულ ფოლკლორს და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებსაც აზიარეს. განსაკუთრებით საინტერესო კი მათთვის მეორე დღის ვოიაჟი აღმოჩნდა - კრიპტოსამყაროს წარმომადგენლებმა გლდანში მდებარე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოინახულეს და ქართველი მაინერების მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. მოგვიანებით მასპინძლებმა მათთვის კულტურული ტურის ორგანიზებაც მოახერხეს და მცხეთის ღირშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.

„ქართველმა კრიპტოენთუზიასტებმა ძალიან თბილი დახვედრა მოგვიწყეს. შესანიშნავი ღონისძიებაა! ეს არის რაღაც დიდის და კარგის დასაწყისი! ბედნიერები ვართ, რომ ვიმყოფებით აქ და ახლა. გილოცავთ ბიტკოინის დაბადების დღეს, კრიპტოკოლეგებო! „გაუმარჟოს საკარტველოს“! -  ვერ მალავდნენ ემოციებს უცხოელი სტუმრები.

ღონისძიებას რამდენიმე ორგანიზაციამ - საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციამ, კოინმანიამ, საქართველოს ბიტკოინის საელჩომ, ოქროს საწმისმა და ლუნა გრუპმა - უმასპინძლა. მედიამხარდამჭერთა შორის კი Ituber, ნავიგატორი, BitNewsToday (BNT), Whales Avenue, CoinFox, newsBTC, CSHBCLUB, loffl. cryptoinvest.biz, bitnovosti.com, innmind.com, letknow.news, atticlab.net, BitTrader Group, bits.media, the owners, freedman club, CryptoAcademy, Fork Log და სხვები აღმოჩდნენ.

„აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებაში და ამგვარი ღონისძიებები კიდევ მეტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის როლს მსოფლიო კრიპტოსაზოგადოებაში. კარგი იქნებოდა, რომ მეტი ჩართულობა ყოფილიყო მთავრობის მხრიდან, თუმცა... ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამ მიმართულებითაც მივიღებთ სასიკეთო ცვლილებებს“ - აღნიშნა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი შერვაშიძემ.

 ცნობისთვის,

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომლის გამოგონება სატოში ნაკამოტოს სახელით ცნობილ ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს უკავშირდება. გამოგონების შესახებ საჯარო განცხადება ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად სატოში ნაკამოტომ 2008 წლის 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ხოლო 2009 წლიდან კი კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა P2P პრინციპზეა აგებული, რაც მთავარი სერვერის გვერდის ავლით, მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე,  კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. ტრანზაქციები ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში მოწმდება და საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში ინახება, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება . ბიტკოინი შეიძლება სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე გადაიცვალოს. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი არის ბიტკოინის მომხმარებელი (წყარო: ვიკიპედია).

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური