Items filtered by date: ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018 - NEWSDAY GEORGIA

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ.

იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.   აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და  ვადები.

ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

1 ნოემბრიდან, ლიბერთიმ ახალი სოციალური პროექტი დაიწყო, რომლის თანახმად 60 წელს გადაცილებული პენსიონერები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის ერთთვიან კურსს გაივლიან.

აღნიშნული პროგრამა უფროს თაობას საშუალებას აძლევს შეისწავლოს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება და იყოს უფრო მეტად ინტეგრირებული თანამედროვე ცხოვრებაში.

კურსის მონაწილეები კომპიუტერის ზოგად შესაძლებლობებს, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენებას სრულიად უფასოდ შეისწავლიან.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა სულ 338 პენსიონერი. სწავლება მოხდება რამდენიმე ჯგუფად და წლის ბოლომდე გაგრძელდება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში.

,,ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო პროექტია. ერთგვარი ხიდი თაობებს შორის - ტექნოლოგიების მეშვეობით. სასიხარულოა, რომ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე გულისხმობს სერიოზულ პერსპექტივას, რაც სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების კარგი თანამშრომლობის შედეგია’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

,,ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უფროს თაობას და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას თანამედროვე სამყაროსთან და მის განუყოფელ - ციფრულ ტექნოლოგიებთან. ჩვენ მთელი წლის მანძილზე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ამ კონკრეტული სეგმენტის საგანმანათლებლო პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც ვიმედოვნებთ გაამართლებს და მსგავს პროექტებს მეტი მასშტაბურობით განვახორციელებთ“, - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯიას" ქვეკონტრაქტორი შპს-ების - "ალბაირაქისა" და შპს "დინამიტი-ლ.დ."-ს თანამშრომლები, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების პროცესში, მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

გამოქვეყნებულია სამართალი

„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მან თავდაცვის მინისტრს უწყებაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამო მადლობა გადაუხადა. „საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მართლაც მაღალი ხარისხით და მაღალი ინტენსივობით ვითარდება. ეს არის როგორც წვრთნების პროგრამები, ეს არის როგორც პოლიტიკური დიალოგი, ასევე თანამშრომლობის ის ფორმატები, რომელიც ჩვენს ქვეყანას უყალიბდება ნატო-ს წევრ და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. მაგრამ ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის შემადგენელი არის მნიშვნელოვანწილად ის გმირობა, რასაც ქართველი ჯარისკაცები, ქალბატონები და ბატონები, რომლებიც ატარებენ ფორმას, ახორციელებენ ბრძოლის ველზე. ეს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი არის ის მტკიცე საფუძველი, რითაც საქართველო აღრმავებს თავის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა: „რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან მივიღე წერილი, რომელშიც გენერალი მატისი მადლობას გვიხდის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების გამო. წერილში ხაზგასმულია ჩვენი მთავრობის ძალისხმევა საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მე მინდა ჩვენს კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში და პირადად მინისტრს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა იმ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის და იმ ძალიან ფუნდამენტური რეფორმებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით გაგვეტარებინა ამ უწყებაში. ეს წერილი ჩვენთვის ამ სფეროში მიღწეული წარმატებების კიდევ ერთი დასტურია. შესაბამისად, მინდა, სწორედ ის სიტყვები გამოვიყენო, რომელიც ამ წერილშია: „საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის ნატოს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი.“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა. მან რამდენიმე ახალი ინიციატივის შესახებაც განაცხადა, მათ შორის როტაციის პრინციპის საფუძველზე აშშ-ის „კობრას“ ასეულის ჩამოსვლის შესახებ. „ამ მიმართულებით განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები და რეფორმები და დღეს თვისობრივად ახალ ისტორიულ ეტაპზე გადავდივართ“, განაცხადა ლევან იზორიამ.

„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებენ.

კონფერენცია ხუთი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველი პანელის თემაა „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება“, რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ წარუძღვება. მეორე სესიის განმავლობაში ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები განიხილება. მესამე სესიაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) უმასპინძლებს, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე იმსჯელებენ. კონფერენციის მეოთხე პანელის თემა იქნება ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“. სესიას „ჯეიმსთაუნის ფონდი“ (Jamestown Foundation) წარუძღვება. მეხუთე პანელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან (Munich Security Conference) პარტნიორობით გაიმართება და დაეთმობა „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივების“ განხილვას. 

ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილება. კონფერენციას 300-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი, ჯეიმსთაუნის ფონდი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (The Munich Security Conference), ხოლო კონფერენციის სპონსორები - იდენო (IDENO), თალესი (THALES) და ზენ ტექნოლოგიები (ZEN Techonologies). 

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური