Items filtered by date: სამშაბათი, 04 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ღია მმართველობის პარტნიორობის დირექტორის მოადგილეს, ჯო პოველს და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინატორსპოლ მაასენს შეხვდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ღია და გამჭვირვალე პარტნიორობის აქტიური მონაწილეა და იგი რეგიონში ერთ-ერთი ლიდერ ქვეყანას წარმოადგენს. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შედეგად, მომავალი წლიდან იგი ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. შეხვედრაზე უცხოელი სტუმრები საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

„საქართველოს პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ფუნქციონირებს, რომელიც ამ ეტაპზე ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. სტუმრებს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის მუშაობის პროცესზე ინფორმაცია გავაცანით და კანონშემოქმედებით საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ღია მმართველობის პარტნიორობის დირექტორის მოადგილეს ვაცნობეთ, რომ ძირითად ვალდებულებებზე საბჭოს წევრებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამ ეტაპზე კონკრეტული ინდიკატორების გაწერა მიმდინარეობს, რათა თვის ბოლომდე ახალი სამოქმედო გეგმა დამტკიცდეს“, - განაცახდა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემირინა ფრუიძემ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიოში გამოჩენილი სამთო ექსპერტები სვანეთს ეწვივნენ და კურორტის პოტენციალი, განვითარება და პერსპექტივები შეაფასეს.

სვანეთში ასევე იმყოფებოდნენ ის სპიკერები, რომლებიც კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ. მათ შორის არიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს

ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი, საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და Atout France-ეს ადმინისტრატორი მიშელ დურიუ, MDP კონსალტინგის პრეზიდენტი პასკალ ღუ, შვეიცარიის ლოზანის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის დოქტორი ფიონა პია, ჩინეთის ტურიზმის კვლევის ინსტიტუტის დამაარსებელი ვოლფგანგ არლტი, ირანის სამთო ფედერაციის საერთაშორისო საქმიანობის პრეზიდენტი მაჰმუდ ჰაშემი, მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი ქეისი ოდაუდი და კონფერენციის სხვა დელეგატები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ამ ექსპერტების შეფასება მსოფლიო პრესაში და დარგის სამეცნიერო წრეებში. ექსპერტებს სვანეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა უმასპინძლა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

 

 

 

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად აგრძელებს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციას.

სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 6 – 9 აპრილს ქართული დელაგაციის წევრები უკვე მეორედ მიიღებენ მონაწილეობას „AFCI Locations Show“-ში, სადაც წარდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნების კინოინდუსტრიის ხელშეწყობის მექანიზმები და შესაძლებლობები.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც გასულ წელს, ამჟამადაც სააგენტოს წევრები ლოს- ანჯელესის კინოინდუსტრიის  წამყვან წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ დეტალებს გააცნობენ, ასევე ხაზი გაესმება საქართელოს როგორც აღმოსავლეთ- ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ გადასაღებ ლოკაციას.

„AFCI locations show“-ზე ქართული სტენდის ქვეშ გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან სპეციალურად აღნიშნული შოუსთვის ჩამოსული ლოკაციების მენეჯერებთან, რაც  უახლოეს მომავალში  საქართველოთი უცხოური კინოპროდიუსერების დაინტერესებას განაპირობებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს, აღნიშნულ ღონისძიებაში ორი ქართული საპროდიუსერო კომპანია „Betterfly“ და ,,POLare FILM” მიიღებენ მონაიწილეობას.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ. 

რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციამ დაადასტურა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს.

საუბარი, ასევე, ქვეყნებს შორის სხვადასხვა, მათ შორის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას შეეხო.

რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციამ ქართულ მხარეს ეკონომიკური ფორუმის გამართვა შესთავაზა.

შეხვედრაზე მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე დასაქმების ფორუმში დილიდან ჩაერთო. ფორუმში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათ სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკა გააცნეს და ღია კონკურსების, მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიების, ასევე სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში სტუდენტებს პრაქტიკა და სტაჟირება თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, სსტც „დელტამ“ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ შესთავაზა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების მასშტაბურ ფორუმზე სტუდენტებმა თავდაცვის სამინისტროს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს. უწყებაში პრაქტიკის გავლის სურვილი არაერთმა ახალგაზრდამ გამოთქვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასაქმების ფორუმებში აქტიურად მონაწილეობს. ფორუმი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ, საკუთარი თავი წარუდგინონ, პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღონ.

წელს გამართულ დასაქმების ფორუმზე თავდაცვის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან ერთად 70-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

„გვინდა, რომ მწუხარება გამოვთქვათ ამ ძალიან საზარელი ფაქტის გამო, როდესაც დღისით-მზისით ადამიანს თავს ესხმიან, თან ეს ყველაფერი მისი მეუღლის თანადასწრებით ხდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როგორც ახლო, ასევე შორეულ წარსულში, მსგავსი შემთხვევები თქვენც გახსენდებათ და სამწუხაროდ, ხდებოდა. ერთი, რომ მოხდა თავდასხმა ყოფილ მაღალჩინოსანზე, მეორე, როდესაც ცნობილი ჟურნალისტი აკეთებს ძალიან მწვავე განცხადებებს. სამართალდამცავები ასეთი ფაქტების გამოძიებისას გარკვეულ კორპორატიულ სოლიდარობას იჩენენ ერთმანეთის მიმართ. სამართალდამცავის და პოლიციელის მუნდირი დაცულია მაშინ, როდესაც ის არა მარტო ებრძვის კრიმინალს, არამედ აკონტროლებს საკუთარ საქციელსაც,“ - აღნისნული განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით  ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.

გამოქვეყნებულია სამართალი

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საპატრულო პოლიციელებზე თავდასხმაში, ავტომანქანის ქურდობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ომარ ცისკარაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 -ე მუხლის 1 ნაწილით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე  მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, ქ. გურჯაანში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების გიორგი ამისულაშვილის და მალხაზ მღებრიშვილის მიერ შემჩნეული იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის  მესაკუთრეს ომარ ცისკარაშვილს აცნობეს, რომ სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაეყვანათ საჯარიმო ავტოსადგომზე, რაზეც ომარ ცისკარაშვილი გახდა აგრესიული, პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ავტომანქანის გადაყვანის უფლებას არ მისცემდა და ტერიტორია დატოვა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ომარ ცისკარაშვილმა გურჯაანში მცხოვრებ ზ.უ-ს კუთვნილი „BMW“-ს X-5 მოდელის ავტომანქანა მოიპარა, დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და პატრულ-ინსპექტორების მიმართულებით, რომლებიც ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისთვის საჭირო პროცედურებს აწარმოებდნენ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად დაზიანდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ორი ავტომანქანა.
ომარ ცისკარაშვილს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და ვინაიდან იგი თავს არიდებდა გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა ძებნილი ომარ ცისკარაშვილი  2016 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში დააკავეს. 
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ომარ ცისკარაშვილი დამნაშავედ სცნო და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,   თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლებში არსებული აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეების ინტეგრირებული კლასების  მშობლებს უმასპინძლა. 2017 წლის მონაცეემბით ინტეგრირებულ კლასებში 70 აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლე იღებს დამატებით მომსახურებას მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით.

შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებსა და მშობლებს შორის დიალოგი გაიმართა კლასის არსებულ მოდელზე, სასწავლო პროცესზე და გამოწვევებზე.

შეხვედრას ორგანიზება გაუწია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-მა.

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა ხდება-დღეს საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა შეთანხმების მნიშვნელობა შეფასა და მას საქართველოსა და ევროპას შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცების კუთხით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ისტორიულმა მოვლენამ სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენთან სპეციალური ვიზიტით იმყოფება ევროპოლის დირექტორი ბატონი რობ უენრაითი და ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება და საქართველო ამით ხდება ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი. ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში,"-განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევროპოლთან გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ უფრო ზრდის საქართველოს პასუხისმგებლობას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი გახდება მნიშვნელოვანი ბერკეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო ქართული პოლიცია იქნება ევროპელ სამართალდამცავთა თანამეგობრობის საიმედო პარტნიორი.
„საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება" უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისთვის. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული ასევე არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვალოს ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მიიღოს ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში.

ხელმოწერის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაითმა.
ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება, რომელსაც 14 ადამიანის სიცოცხე ემსხვერპლა,  22 წლის  ყირგიზმა თვითმკვლელმა მოაწყო. მისი ვინაობა ყირგიზეთის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა. პოლიცია მისი თანამზრახველების დადგენაზე მუშაობს. 

ბომბი, რომელიც მეტროში აფეთქდა, ჯალილოვს სავარაუდოდ სხეულზე ჰქონდა დამაგრებული ან ზურგჩანთაში ედო. ის მგზავრებთან ერთად შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. რაც შეეხება მეორე ეჭვმიტანილს, რომლის ფოტოც მედიაში გუშინ გავრცელდა, ის ყაზახია და ტერაქტის შემდეგ თავად მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მომხდართან არანაირი კავშირი აქვს.

შეგახსენებთ, აფეთქება გუშინ  სანქტ-პეტერბურგის მეტრო სადგურს შორის მატარებელში მოხდა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper