„ბოევიკები“ სააკაშვილისა და ბოკერიას კონტროლირებადი არასამთავრობოებით ჩაანაცვლეს“-ქიბარ ხალვაშის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 17:29

“რუსთავი 2″–ის ამჟამინდელი, თუმცა დროებითი მეპატრონის სააკაშვილის ახალ ინიციატივას, ტელეკომპანიის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, გავეცანი და მიმაჩნია, რომ ეს მისი მხრიდან სუსტი ნაბიჯია, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა.
როგორც ხალვაში აღნიშნავს, საბჭოს შემადგენლობაში “ნაციონალების” მხარდამჭერები და წევრები არიან, თუმცა, მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მან მოიგო სამართლებრივი დავა ტელეკომპანიასთან, საბჭო იქნება ქმედითუნარიანი და არა უბრალოდ, შირმა.
“რუსთავი 2″–ის ამჟამინდელი, თუმცა დროებითი მეპატრონის სააკაშვილის ახალ ინიციატივას გავეცანი. საუბარია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე. ეს ნაბიჯი სუსტი, თუმცა მაინც ერთგვარი მანევრია სააკაშვილი-ბოკერიას მხრიდან, რომლებიც გადატრიალებაში მხილების შემდეგ, ისევ ცდილობენ “რუსთავი 2″–ის საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ დატოვებას.
სამწუხაროა, რომ “რუსთავი 2″–ის საინფორმაციო და სარედაქციო პოლიტიკაში საზოგადოების მაღალი ჩართულობის ჩემს იდეას (რომელიც არაერთხელ გავახმაურე ინტერვიუებსა თუ მიმართვებში), მისი ასეთი შინაარსით წარმოჩენით, პროფანაცია გაუკეთეს და საბჭოს წევრებად, ახლო წარსულში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წევრები და მხარდამჭერები წარმოუდგინეს საზოგადოებას. არაუშავს. „რუსთავი 2“–ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო მას შემდეგ, თუ ჩემი სამართლებრივი დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად წარმატებით დასრულდება.
საბჭო იქნება ქმედითი და უნარიანი და არა უბრალო შირმა, როგორც სააკაშვილის ახალი ინიციატივის შინაარსში იკითხება. საბჭოს წევრი ორგანიზაციები თუ პერსონები იქნებიან სუბიექტები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ეჭვის ნატამალიც კი არ დარჩება, რომ მათ, შესაძლოა, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიები გააჩნიათ. არაფერს ვლაპარაკობ ნაციონალური მოძრაობის, რეალურად სიტყვის თავისუფლების და საკუთრების უფლების მტერი პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიების მქონე პერსონების თუ ორგანიზაციების წევრობაზე”, – აცხადებს ხალვაში.
როგორ ხალვაში აღნიშნავს, მისთვის ფარსია იმ ადამიანების მხრიდან თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე დგომა, რომლებიც წარსულში, წინა ხელისუფლების დროს, სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდნენ, ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ და დანაშაულს აფარებდნენ ხელს.
“როგორ შეიძლება სააკაშვილის მიერ დაკომპლექტებული „რუსთავი 2“–ის საზოგადოებრივი საბჭო იყოს მართლაც საზოგადოებრივი, ანუ მიუკერძოებელი თავისი არსით, როცა მის წევრებად სააკაშვილი უმეტესწილად 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ „ნაციონალების“ სპეციალური დავალებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ნიშნავს?!
როგორ შეიძლება ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ, ახდენდენ მისი ნამოქმედარის გათეთრებასა და გამართლებას, ხელს აფარებდნენ და თავად მონაწილეობდნენ სისტემურ დანაშაულში, დღეს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა დაიცვან, სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დადგნენ?! სწორედ ასეთია უმეტესობა სააკაშვილის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან”, – აცხადებს ხალვაში.
მისივე თქმით, ტელეკომპანიასთან სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში, ნამდვილად ეყოლება “რუსთავი 2″-ს საბჭო, რომელიც ყველა იმ პოლიტიკური ძალისგან დაკომპლექტდება, რომელსაც სააკაშვილთან და მის პარტიასთან შეხება არ ჰქონიათ.
“კიდევ ერთხელ ვაცხადებ, – “რუსთავი 2″–ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება ყველა პოლიტიკური ძალისგან, პირველ რიგში კი, “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებული პირებისგან. იმ პირებისგან, ვინც არ ფინანსდებოდა ნაციონალური მოძრაობისგან წლების განმავლობაში. ეს არის მთავარი, როცა “რუსთავი 2″–ის საზოგადოებრივ საბჭოზეა საუბარი.
სავალალოა, რომ კარგ იდეას, რომელიც არაერთხელ გავახმაურე “რუსთავი 2″-ის მომავალთან დაკავშირებით, სააკაშვილმა უბადრუკი ნაბიჯით უპასუხა – ბარიკადებზე სისხლს მოწყურებული და ქართველების ცხვირ-პირის დანაყვით აღგზნებული ბოევიკები, ნაცების რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ყოფილი მოხელეების არასამთავრობოებით ჩაანაცვლა.
P.S. მაგ საბჭოს კიდევ 2 არასამთარობო ორგანიზაცია აკლია: კეზერაშვილის „ოპერის მოყვარულთა საზოგადოება“ და ადეიშვილის „საკუთრების ახევის ასოციაცია”, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.

წაკითხულია 373 ჯერ

Related items

  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში კონკრეტული მუხლების (45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

    „ეს გახლავთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის მიზნით შემუშავებული შეთანხმება, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდდა. რამდენიმე არჩევნებზე დავნერგეთ მსგავსი პრაქტიკა და შედეგიც სახეზეა. შემცირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რაოდენობა, რომლებიც ამ ტიპის დარღვევების შემთხვევაში დგებოდა. შესაბამისად ეს არის ძალიან კარგი პრევენცია არსებული პრობლემების გადასაჭრელად და ბუნებრივია ამ თვითმმართველობის არჩევნებზეც მემორანდუმი ძალაშია.“- განაცხადა თამარ ჟვანიამ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    საარჩევნო პროცესში თავისუფალი და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი მემორანდუმზე საუბრისას  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმაც. მისი თქმით „უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან ხელს ვაწერთ მემორანდუმში გაწერილ პრინციპებს და ვამბობთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე იქნება მკაცრი რეაგირება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პარტიებმა ისევე როგორც მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა შეძლონ თავისუფალი კონკურენცია. “

    მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს. უკვე დღეს მემორანდუმს რესპუბლიკური პარტია შემოუერთდა.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

    დოკუმენტს ხელს აწერენ:

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;     

    თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია;

    არასამთავრობოორგანიზაციები:

    საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

    საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო;

    დემოკრატიისა და განვითარების ცენტრი;

    სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;

    საზოგადოებრივი დამცველი;

    სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი;

    დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;

    ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრი.

    პოლიტიკურიპარტია, რომლიცდღესშემოუერთდმემორანდუმს:

    „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“.

  • ადვოკატები – იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამართლო მალე გააუქმებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და თემურ ბასილიას მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გადაიხედება

    ადვოკატები არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურის მხრიდან საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
    „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესში. უკვე 100-მდე მოქალაქე არის ცნობილი დაზარალებულად, რომელთა მიმართაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა არამართლზომიერი ქმედებები, მათ შორის პოლიტიკური მოტივით დევნა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმიანობაში ამ მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია. არადა, ეს გახლავთ ორგანო, ვინც უნდა განიხილოს აღნიშნული საქმეები და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რათა აღდგეს სამართლიანობა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონოდ დევნილ პირებზე.
    მაგალითად, მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
    საქართველოს პროკურატურის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, ეფუძნებოდა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალ, საფუძვლიან შესწავლას. პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაული გამოძიების დეპარტამენტმა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და რაც მთავარია, უმაღლესი პროფესიული სტანდატების სრული დაცვით დაადგინა, რომ თემურ ბასილიას არ ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული და მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას და პოლიტიკურ შურისძიებას, რომლის დროსაც, სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემას, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს. ამის შემდეგ, როგორც აღნიშნულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, თემურ ბასილიას განაჩენის გადახედვის საქმე განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
    მიუხედავად საქართველოს პროკურატურის მიერ ასე დეტალურად და მაღალი პროფესიული სტანდარტით მომზადებული საქმისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგენილების განსახილველად დაშვებისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით, უარი თქვა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე, მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე) თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2008 წლის 27 ოქტომბერის განაჩენი თემურ ბასილიას მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის“.
    პირველ რიგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის არაპროფესიული და არკვალიფიციური. კერძოდ, იგი ეწინააღმდეგება:
    1. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ, მე-2, მე-3, მე-8 და მე-11 მუხლებს;
    2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-40 მუხლებს;
    3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 310-ე, 311-ე, 312-3 და 313 მუხლებს.
    თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ დაუფიქრებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ შეწყვეტილიყო თემურ ბასილიას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროს 2005 წლის ზაფხულიდან და დღემდე გრძელდება. ფაქტია, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თემურ ბასილია არის უდანაშაულო და ითხოვს მისი საქმის გადახედვას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომლის უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს სიმართლის გარკვევა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა, ბლოკავს საქმის განხილვას, არ ცდილობს სიმართლის გარკვევას, თავად არღვევს ადამიანის უფლებებს და აგრძელებს პოლიტიკური მოტივით დევნას. ბუნებრივია, იმ პოლიტიკურ დევნაზე, რაც თემურ ბასილიას მიმართ ამჟამად ხორციელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ასევე, ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თვალში ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები.
    უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ამ ეტაპზეც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. იმედი გვაქვს, საქართველოს უზენაესი სასამართლო პასუხისმგებლობით და პროფესიულად მიუდგება აღნიშნულ საქმეს, დროულად და სამართლიანად განიხილავს მას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეწყდება თემურ ბასილიას პოლიტიკური დევნა, მის მიმართ აღდგება სამართლიანობა და მიეცემა მას საშუალება დაბრუნდეს თავის სამშობლოში“ – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

  • რას პასუხობს ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას
    ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის შეთავაზებას პასუხობს. როგორც მან "გურია ნიუსს" განუცხადა "ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას" "გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას. ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას," - აცხადებს ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშილმა და ნიკა გვარამიამ მას ზარალი მიაყენეს. „ვიცით, რომ მილიონები მისთვის არის minor issue ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ, დაავიწყდათ, რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს,“ - აცხადებს ქიბარ ხალვაში. ცნობისთვის, ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ”რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს.
  • "მე არა ვარ მიშა სააკაშვილი და არ ვაპირებ გვარამიას გამოკვებას"- ხალვაში
    ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამია დარჩეს დაბალია. „არავითარი გეგმა არ მაქვს რომელიმე ცვლილების ჩატარების, თქვენ წარმოიდგინეთ გვარამიასთან დაკავშირებით. ძალიან დაბალი შანსია, ვფიქრობ, რომ გვარამიასთვის შეუთავსებელი ადამიანი ვარ, მე არა ვარ მიშა სააკაშვილი და არ ვაპირებ გვარამიას გამოკვებას პოლიტიკური ტელევიზიის ჩამოყალიბებით, როგორც დღეს ხდება. დღეს არის გვარამია მიშა სააკაშვილის ინტერესის გამტარებელი. ურეკავს მიშა სააკაშვილს და ადეიშვილს, ელაპარაკება, იღებს დავალებებს და იღებს დამსახურებულ ხელფასს. მე არ ვარ ის ადმიანი, რომელიც იგივეს გაუკეთებს გვარამია,ს რასაც უკეთებენ,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
  • "მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება" - ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის?
    ქიბარ ხალვაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ -ის მფლობელი გახდა, რუსთავი 2-ის გაყიდვაზე ალაპარაკდა. "მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება..." მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ ან დავიცვა ჩემი პარტიული ინტერესი, ან გავამრავლო ჩემი ქონება... ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება. მე არ ვაპირებ ტელევიზიის გაყიდვას, მაგრამ მე არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები", - განაცახა ქიბარ ხალვაშმა ტვ პირველის ეთერში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური