პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტთან შეხვედრას აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 11:19

"მე გუშინ შვხვდი პრეზიდენტს, გუშინწინ და იმის წინ შევხვდი პრემიერ-მინისტრს, ხვალ და ზეგ ალბათ ისევ შევხვდები პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ჯერ-ჯერობით ასეთი სამსახური მაქვს, რომ ვხვდები ხოლმე კოლეგებს. ამიტომ, გუშინდელ შეხვედრაზე რაიმე განსაკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა. მე მაშინვე განვაცხადე და ბატონ პრეზიდენტსაც მოვახსენე, რომ საქართველოში ვერ ვხედავ საგანგებო მდგომარეობას, ვერ ვხედავ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის რაიმე საფრთხეს. ვხედავ ცალკეულ კონკრეტულ პრობლემებს, საჭიროა პრობლემებთან გამკლავება, რომ ზოგადად და მომავალშიც, თეორიული საფრთხეც კი ავირიდოთ თავიდან. ამიტომ, ყველამ ჩვენი საქმე გულმოდგინედ უნდა ვაკეთოთ და თუ რაიმე მოსაზრება გვაქვს ერთმანეთს გავუზიაროთ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის განცხადებით, ის ისურვებდა ყველა პოლიტიკურმა მხარემ,ყველა ადამიანმა, ვინც მედიის მეშვეობით საზოგადოებასთან კონტაქტობს, ხელი შეუწყოს ვითარების განმუხტვას, და არა პირიქით, პროცესების ესკალაციას.

"ჩვენ იმიტომ ვართ არჩეულნი თუ დანიშნულნი, რომ ეს გავაკეთოთ, თორემ ადამიანებს აღშფოთება სახლში, სამზარეულოშიც შეუძლიათ. არ სჭირდება ამას რაიმე დიდი მონდომება, ჩვენი ამოცანაა შერიგება, თანხმობა, პრობლემების მოგვარება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთმანეთს, არ ვეთანხმებით. ჩვენ როგორმე დიალოგი უნდა გადავიყვანოთ არგუმენტების, კონკურენციის რეჟიმში და არა პიროვნული მტრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა და პრეზიდენტთანაც ამაზე გვქონდა საუბარი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წაკითხულია 569 ჯერ

Related items

  • ორბელიანების სასახლის ეზოში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა

    საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა.

    25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს  გამოაცხადა.

    შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 

  • „დიალოგისკენ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდებას ოპოზიციაში პასუხობენ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში „ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას“ პარლამენტში შესვლისა და საკანონმდებლო ორგანოს დისკუსიის პლატფორმად გამოყენებისკენ მოუწოდა.

    მანვე დაამატა, რომ მმართველი გუნდი მზად არის „ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მელიას დაკავება და კანონის აღსრულება პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირებისა და სამართლიანი ურთიერთობების აუცილებელი პირობა იყო.

    „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ოპოზიციის საპასუხო გამოხმაურებას გთავაზობთ.

    ზაალ უდუმაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა და მეორე, როდესაც საუბრობენ პარლამენტში შესვლაზე, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის – ახალი არჩევნები საქართველოში. აი, ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღი, როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები“. 

    გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „მორიგი სიტყვების სროლაა. რომელი დიალოგის მომხრეა კაცი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ყველა, ვინც ოპონენტია უნდა განადგურდეს. აი, როდესაც ის აზრზე მოვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრებს, ეგ იქნება სხვა ამბავი. იქამდე ეგ სიტყვები არასერიოზულია“.

    ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის: „ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, მე როგორც წავიკითხე, საუბარი იყო, რომ ჩვენ დავაპატიმრეთ მელია და კმაყოფილები ვართ, ამავდროულად შემობრძანდით პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ მუშაობა. აქ მე ვერ დავინახე, ვერანაირი ნიშანწყალი იმის, რომ მათ მართლა სურთ სიტუაციის ნორმალიზება“.

    ზურა ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება: „ეს არის რუსული და კრიმინალური სამყაროს მიდგომა – მოდი, მე ჯერ ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ, დაგჩაგრავ და მერე გეტყვი, მოდი, მოდი, დავილაპარაკოთ. ეგეთი რამ არ გამოუვათ. პირობა არის, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ჩატარდეს ახალი არჩევნები“.

    ხატია დეკანოიძე: "ამის იქით არის უფსკრული და ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავება და ძალისმიერი შტურმი შენობაზე, ამიტომ ჩვენი წინადადება, რომელიც არის საჯარო, რომელიც გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს, არის შემდეგი - განთავისუფლდეს მელია და საუბარი დაიწყოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ის ორი ძირითადი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. რა თქმა უნდა, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი წესებით და 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას. სხვა რაიმე სახის ფორმულა რა თქმა უნდა არ განიხილება".

    22 თებერვალს, პრემიერობის კანდიდატის რანგში საპარლამენტო მოსმენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციას სახელმწიფოს წინააღმდეგ „მიზანმიმართულ საბოტაჟში“ დაადანაშაულა და ხელახალ არჩევნებზე რაიმე სახის დიალოგი „კატეგორიულად გამორიცხა.

    წყარო: https://civil.ge/ka/archives/400738

     

  • ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე - აცხადებს ი. ღარიბაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები.

    ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა.

    საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. ჩვენი სახელმწიფოებრიობა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის აუცილებელი პირობაცაა. ამიტომ, სახელმწიფოს და მისი კანონების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა.

    გუშინ საქართველოს პარლამენტში წარვადგინე მთავრობის სამომავლო ხედვა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ჩვენი გმირი პოლიციელების მიმართ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიის ფონზე, გარდა საერთო მიზნებისა და გამოწვევებისა, დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზეც მომიწია საუბარი.

    საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

    კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.

    დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს.

    ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

    ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციაზე.

    ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო აღარ აქვს.

    დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა.

    ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!, - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

  • პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა

    საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.

    სხდომა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა და საზოგადოებას პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

    „ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.

    „ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. იგი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას უზენაეს ღირებულებად აცხადებს, ხოლო ეროვნულ დამოუკიდებლობას − უმთავრეს მიზნად.

    მჯერა, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის ვემზადებით, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო და ის იყო ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია ევროპის კონტინენტზე. მისივე თქმით, სწორედ პირველ კონსტიტუციაში ასახული ფასეულობები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ და ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა.

    ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.

    „მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • საქართველოს პრეზიდენტი - საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას.

    სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.

    ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს.

    დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი.

    ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.

    მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება.

    ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური