ხიდაშელის განცხადება ვარშავის სამიტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 14:36

„საქართველო არის ერთგული, მყარი კანდიდატი ნატოს წევრობის,“ - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმსა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ღონისძიების I სესია ევროატლანტიკური უსაფრთხოების და ნატოში ინტეგრაციის თემას მიეძღვნა. გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ესტონეთის ელჩი ნატოში ლაური ლეპიკი და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი. სესიას „ევროატლანტიკური უსაფრთხოება: საქართველო - ნატოს ერთგული ასპირანტი აღმოსავლეთით” მოდერატორობას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი უწევდა.

სესიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტისა და დეკემბრის მინისტერიალის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც მისი განცხადებით, რუსეთის მიმართ მკაფიო, პირდაპირი და ძლიერი გზავნილები უნდა გაჟღერდეს:

„თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ აღარ არსებობს გავლენის სფეროები, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი რკინის ფარდის ჩამოშვებას, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ხმის უფლებაც კი არ აქვთ - ეს იქნება ჩვენი მხრიდან სისუსტის გამოვლინება და კრემლის გამარჯვება, რომელიც მას შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს“.

რუსეთის უარყოფით როლზე ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის აუზში ისაუბრა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმაც. მან ნატოს გაფართოების პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს ასპირანტი ქვეყნებისთვის. "საქართველოს ადგილი ნატოში არის ნათელი და მზარდი. მისი ჩართულობა კი ყველაზე მაღლა დგას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში.“

აპატურაის განცხადებით, ნატო საქართველოში ყველაზე მასშტაბურადაა წარმოდგენილი, იქნება ეს განათლების თუ სხვა მიმართულებით.

კონფერენციის ფარგლებში დღეს კიდევ ორი სესიაა დაგეგმილი. მონაწილეები საინფორმაციო ომსა და მის სტრატეგიულ შედეგებზე, ასევე ვარშავის 2016 წლის სამიტამდე ნატოსა და მისი პარტნიორების შესახებ იმსჯელებენ.

წაკითხულია 696 ჯერ

Related items

  • HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა

    HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით 31 ივლისს შატო მუხრანში HR ბიზნეს სამიტი ჩატარდა.PSP დაზღვევა უკვე მეორე წელია სამიტის უცვლელი წარმდგენი და პარტნიორია. წლევანდელი ბიზნეს სამიტის მთავარი თემა იყო ცვლილებები. ღონისძიება გახსნეს HR hub-ის დამფუძნებლებმა ანა გზირიშვილმა და ანა ნავდარაშვილმა. შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სიახლის შესახებ ესაუბრა PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე. ღონისძიების ტრადიციად ჩამოყალიბდა პირველი ბილეთის შემძენი მონაწილის დასაჩუქრება, განსაკუთრებული აღმოჩნდა ამ მონაწილისთვის PSP დაზღვევის მიერ მომზადებული სიურპრიზი -  ელექტრო სკუტერი.

    „პსპ დაზღვევა ყოველთვის ცდილობს იყოს მხარდამჭერი იმ საქმიანობის, რაც HR სპეციალისტებს პროფესიულ განვითარებაში, სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. Covid პანდემიამ დაადასტურა ის, რომ რისკების მართვა არის აუცილებელი და რისკების მართვა არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სწორედ ამიტომ პსპ დაზღვევა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს HR hub-თან, რადგან ვთვლით HR-ები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რისკების განსაზღვრა და ამ რისკების მართვა დაზღვევის ინდუსტრიასთან ერთად; შესაბამისად უკვე მეორე წელია, პსპ დაზღვევა წლის მთავარი HR მოვლენის წარმდგენი და გენერალური სპონსორია“ - განაცხადა სიოფიო ლებანიძემ. 

    მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო თემატიკით მსმენელის წინაშე 10 სპიკერი წარსდა; ჩატარდა ვორქშოფები, განსხვავებული ფორმატის პანელ დისკუსია, ნეტვორქინგ აქტივობები, შეხვედრების ოთახი, გატვირთვისა და შემოქმედებითი და საგამოფენო სივრცეები. სტუმრებს შესააძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ინეტერესების მიხედვით გადაეწყვიტათ, რომელ ვორქშოფსა თუ აქტივობაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ქოუჩინგის კუთხეში ინდივიდუალური ქოუჩს სესიები ჩაატარეს ICF-საქართველოს წევრებმა.

    ღონისძიების სივრცე მოიცავდა დასავენების, განტვირთის, ფოტოგადაღების, ხატვისად და თიხის მასტერკლასების კუთხეებს. ღონისძიების დასასარულს სტუმრებს საშაულება ჰქონდათ მოეგოთ მრავალფეროვანი პროზები გრანდიოზულ გათამაშებაში. (R)

  • დავით ზალკალიანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განუცხადეს.

    მათი მონაცემებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა  საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონალური, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას და ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ  პროექტებში და ავღანეთში მიმდინარე ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში".

    შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანს არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად. 

    მხარეები მიესალმნენ ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც მნიშვნელოვან წინსვლას ამ მიმართულებით და საარჩევნო სისტემის რეფორმას. 

    შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოს, რაც კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო პერიოდში, როდესაც პანდემიის პირობებში საოკუპაციო ძალებმა განაგრძეს უკანონო მოქმედებები და პროვოკაციული ნაბიჯები. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს 11 ივლისს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქის დაჭრის და მისი უკანონო დაკავების ფაქტს. ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. 

    გენერალური მდივნის მოადგილემ და საქართველოს დელეგაციამ მზაობა გამოთქვეს  განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა  საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის განმტკიცების პროცესში. 

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა მირჩა ჯოანას წარუდგინა საქართველოს ახალი ელჩი ნატოში - ვიქტორ დოლიძე, რომელმაც გენერალური მდივნის მოადგილეს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

  • რუსეთის პროვოკაციების მიუხედავად,საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის - დ. ზალკალიანი

    საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში სინგაპურის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მცირე ქვეყნების ფორუმის (FOSS) ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს ქარტიის ხელმოწერის  75-ე იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.
     
    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე  დღევანდელ მსოფლიოში მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  როგორც ზალკალიანმა, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მრავალმხრივი თანამშრომლობა ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია,  მათი სიძლიერისა და სიდიდის მიუხედავად.
    მისი თქმით, სულ ახალახან გავრცელებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მრავალმხრივ თანამშრომლობასა და წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს ალტერნატივა არ აქვს.
     
    მინისტრის თქმით, მრავალმხრივი თანამშრომლობა გაეროს ქარტიის მიმართ მტკიცე ერთგულებას ემყარება. ქარტიის პრინციპებისგან გადახვევა მსოფლიოს ქაოსსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს უქადის, თუმცა ეს სიტყვები მხოლოდ წინდახედულ სიფრთხილეს კი არა, მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მათ შორის, საქართველოში არსებულ სასტიკ რეალობას ასახავს.
     
    როგორც ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,   რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  უკნონო ოკუპაცია სწორედ გაეროს ქარტიით განმტკიცებულ ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. „რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ვერც კოვიდ-19-ის პანდემიამ და ვერც გაეროს გენერალური მდივნის  მოწოდებებმა ვერ შეაჩერა. ის კვლავ განაგრძობს უკანონო პროცესებს, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რაც უკიდურესად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების სიცოცხლის, საკუთრების, ჯანმრთელობის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა“.
     
    თუმცა, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ქმედებები ზემოაღნიშნულით არ შემოიფარგლება. მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, ჰიბრიდული ომი და კიბერ-შეტევები  რუსეთის არსენალში არსებული ის ინსტრუმენტებია, რომლებსაც ის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანად იყენებს.
     
    რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, როგორც მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის. ამავდროულად,  რუსეთის აგრესიასთან გამკლავების ერთადერთ უალტერნატივო გზად  საქართველოს ხელისუფლება გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგულებას მიიჩნევს, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე მოიწოდა  საერთაშორისო თანამეგიბრობას  სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უგულველყოფას.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

    კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. 

    განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა. 

    საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

  • ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი იმართება

    2020 წლის 7 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით ქ. ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტი იმართება. აღნიშნული შენაერთის შემადგენლობაში შედის 5 ნატო-ს წევრი ქვეყნის - ბულგარეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის და რუმინეთის საზღვაო ხომალდი.
     
    ვიზიტის ფარგლებში SNMG2-ის წარმომადგენლები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებენ ერთობლივ სწავლებას დისტანციურ რეჟიმში. მსგავსი ტიპის სწავლებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას.
     
    მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე,  ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ნატო-ს ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია და ნათლად ადასტურებს ალიანსის ერთგულებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობის   განმტკიცებას.
     
    მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური