ჯეიმს აპატურაი "რუსთავი 2"-ზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 10:01

ზუსტად ერთ საათში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყება საქალაქო სასამართლოში. პროცესი 10 საათზეა ჩანიშნული.

მოპასუხე მხარე ახსნა განმარტებით წარსდგება, რომელიც დაასაბუთებს, რატომ არის ეს სარჩელი უსაფუძვლო და რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. სხდომაზე ასვე გადაწყდება დაკმაყოფილდება თუ არა სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარის შუამდგომლობა ზიანის უზრუნველყოფის თაობაზე.

არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატები კიდევ ერთი შუამდგომლობით წარდგნენ და ნიკა გვარამიას პროცესზე დაშვება მოითხოვონ.

დღესვე შესაძლოა, მოსარჩელე მხარის ექსპერტი დაიკითხოს, რომელმაც დაადგინა რა ღირებულების იყო რუსთავი 2-ის აქციები 2006 წელს.

წაკითხულია 418 ჯერ

Related items

  • სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
    2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − „რუსთავი 2“ (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს „ტელეკომპანია საქართველო“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები (შესაბამისად, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები) საქართველოს წინააღმდეგ.
    ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:
    1. ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი;
    2. დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;
    3. დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
    4. 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;
    5. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნ. გვეეტაძესთან დაკავშირებით;
    6. ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.
    7. ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.
    გადაწყვეტილებას ერთვის მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების ნაწილში სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილი 1 მოსამართლის ბ-ნი დე გაეტანოს ნაწილობრივ განსხვავებული აზრი.
    ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილულ იქნა მომჩივანი მხარის აცილების მოთხოვნა მოსამართლე ლადო ჭანტურიასადმი და ის უარყოფილ იქნა, როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“.
     
    საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე:
     
    1. მოკლე ინფორმაცია საქმის შესახებ
    „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო, სხვებს შორის, ზემოაღნიშნული მომჩივნების წინააღმდეგ. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.
    2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.
    1. შეჩერების ღონისძიება
    როგორც ცნობილია, 2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
    „შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.
    მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“. საქართველოს მთავრობის მიერ შეჩერების ეს ღონისძიება არ გასაჩივრებულა, რადგან ამგვარი გადაწყვეტილება, ევროპული სასამართლოს პროცედურული წესების თანახმად, გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
    1. მესამე მხარეები
    სტრასბურგის სასამართლოს წინაშე საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვეს საქართველოს სახალხო დამცველმა და შემდეგმა ორგანიზაციებმა: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი (თავისუფალი უნივერსიტეტი).
    ევროპული სასამართლოს მიერ მესამე მხარედ ჩართულნი იქნენ მხოლოდ სახალხო დამცველი და საია, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.
    1. მხარეთა არგუმენტები ევროპული სასამართლოს წინაშე
    სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
    უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.
    ძირითად საქმესთან (საკუთრების დავა) დაკავშირებით, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები ჩიოდნენ, რომ პირველი ინსტანციის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე ჩამოშორებული უნდა ყოფილიყვნენ საქმიდან, ვინაიდან არსებობდა გარემოებები, რაც ეჭვქვეშ აყენებდა მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი).
    ზემოაღნიშნული სამი მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ უზენაესმა სასამართლომ მოულოდნელად შეცვალა დავის სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც ვითარდებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სამართალწარმოების დროს და არ მისცა მომჩივნებს საკმარისი შესაძლებლობა (ზეპირი განხილვა ან სხვა), გაებათილებინათ მეორე მხარის აშკარად დაუსაბუთებელი არგუმენტები.
    მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები, ასევე, ჩიოდნენ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე (საკუთრების უფლება) და ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო დავის შედეგი იყო თვითნებური და არღვევდა მათ ქონებრივ უფლებებს.
    ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე მითითებით, დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები შინაარსობრივად იმეორებდნენ პირველი მომჩივნის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს საკუთრების დავასთან დაკავშირებით სასამართლო პროცედურები სახელმწიფოს მიერ გამოიყენებოდა იმ ფარული მიზნით, რომ მომხდარიყო „რუსთავი 2“-ის გაჩუმება.

    უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურასთან დაკავშირებით მთავრობამ 2018 წლის 28 მარტსა და 15 სექტემბერს ევროპული სასამართლის წინაშე წარადგინა შემდეგი არგუმენტები:
    • საჩივრის მთელი ის ნაწილი, რომელიც წარდგენილი იყო „რუსთავი 2“-ის მიერ, უნდა ყოფილიყო ცნობილი დაუშვებლად, რადგან კომპანიას არ ამოუწურავს უფლების დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები და ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარდგენილ იქნა  ექვსთვიანი ვადის დარღვევით;
    • უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენება არ იყო თვითნებური. განჩინებები შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, იყო დასაბუთებული, განხილვა მოხდა გაჭიანურების გარეშე და დაცული იყო შეჯიბრებითობის პრინციპი;
    • უზრუნველყოფის ღონისძიებას ვერ ექნებოდა და არც მოუხდენია უარყოფითი გავლენა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე: არხი მუდამ ფუნქციონირებდა სრული თავისუფლების პირობებში;
    • უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოადგენდა მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევას;
    • არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ სამართალწარმოებასთან მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კავშირს. უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურას არ ჰქონია რაიმე არამართლზომიერი მიზანი;
    • არაფერი იწვევდა მართლზომიერ ეჭვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის - ნინო გვენეტაძის, ან მოსამართლეების - თამაზ ურთემლიძისა და მზია თოდუას დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
    ძირითად სამართალწარმოებასთან (საკუთრების დავა) მიმართებით, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივრებთან დაკავშირებით მთავრობამ 2018 წლის 28 მარტსა და 15 სექტემბერს წარადგინა შემდეგი არგუმენტები:
    • მომჩივანთა განცხადებებით არ დგინდება დასახელებულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრობლემა. მომჩივნები თავად იყენებდნენ აშკარად დაუსაბუთებელ ბრალდებებს არაერთი მოსამართლის წინააღმდეგ, რათა ჯერ შეელახათ მათი რეპუტაცია და შემდგომ, უკვე ამგვარად მომზადებული საფუძვლებით მათი აცილება მოეთხოვათ;
    • უზენაესი სასამართლოს სამართალწარმოება და განჩინებები შეესაბამებოდა მომჩივანთა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. უზენაეს სასამართლოს ბოლო ეტაპზე არ წამოუჭრია რაიმე ახალი სამართლებრივი საკითხი და არ შეუცვლია დავის სტრუქტურა, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განხილულ იქნა იძულების საკითხი; უფრო მეტიც, პირველად შესაგებელში თავად მომჩივნები უთითებდნენ, რომ მოცემულ დავაში სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი (იძულებით დადებული გარიგება) უნდა ყოფილიყო გამოყენებული. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ვერ უსაყვედურებდნენ, რომ მან ის მუხლი გამოიყენა, რომლის გამოყენებასაც თავდაპირველად თავად ითხოვდნენ. შესაბამისად, არც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ნიშნები იკვეთებოდა;
    • საკუთრების შესახებ დავის შედეგი არ წარმოადგენდა მომჩივანთა საკუთრების უფლების დარღვევას, ვინაიდან სადავო სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის შესაბამისად და მხარეთა შორის თანაზომიერების პრინციპის სრული დაცვით;
    • და ბოლოს, არ არსებობდა არავითარი საფუძველი, რაც დაადასტურებდა, რომ სახელმწიფომ სამართალწარმოება გამოიყენა რუსთავი 2-ის გაჩუმებისათვის ან რომ ქართულ სასამართლოებს არასათანადო მიზნები ამოძრავებდათ.
    დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობის არგუმენტები სრულად გაიზიარა.
  • პრემიერ-მინისტრის განცხადება

    ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

    დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.

    ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

  • დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი - ჯეიმს აპატურაი

    დღეს თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა. პირველ შეხვედრას ნატოს მაღალჩინოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავს.

    ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მამუკა ბახტაძეს და სალომე ზურაბიშვილს, ასევე თავდაცვის მინისტრსაც შეხვდება. ჯეიმს აპატურაი მოლაპარაკებებს გამართავს ოპოზიციასთან - მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აპატურაის განაცხადებით, მისი ვიზიტის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გაეცნოს და საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გეგმებზე ისაუბროს.

    „ველოდები მაღალი რანგის შეხვედრებს პრეზიდენტთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებებს გავმართავთ ასევე ოპოზიციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შეეხება. ეუთოს შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიების ტონი ძალზედ მკაცრი იყო, მსოფლიო თანამეგობრობა ელოდება მხარეებს შორის შერიგებას,“- აცხადებს აპატურაი. დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

    „სამი მიზეზის გამო ვიმყოფები საქართველოში. პირველი, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში სტუმრობა. თუმცა არსებობს სამუშაო მიზეზებიც, რომლებიც უმთავრესია. დიდი მოლოდინით ველოდები მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას, აგრეთვე ვგეგმავ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რათა დღევანდელი საქართველოს სრული სურათი დავინახო. ნატო-ს სურს არამხოლოდ მთავრობასთან, არამედ ქართული საზოგადოების ყველა ნაწილთან შეხვედრა. ვიზიტის მესამე მიზეზი კი გარკვეული სამუშაოების ჩატარებას ეხება. ჩვენ ძალიან კარგი 2018 წელი გვქონდა, ბევრი კონკრეტული სამუშაო იქნა დასრულებული, დღესდღეობით ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი. მთავრობასთან და მომავალ ლიდერთან უნდა განვიხილოთ 2019 წლის გეგმები, ჩვენ გვინდა მეტი ნატო საქართველოში და აგრეთვე მეტი საქართველო ნატოში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

    ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნატოს-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით 2019 წლის გეგმა იქნება. აპატურაი „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

     

  • შსს-მ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი: 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.

    საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

    გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

     

     
     
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს გამართულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს!

    2018 წლის 20 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტთა მიღების უფლება შეუზღუდა 1 წლით. აღნიშნულ შეზღუდვას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ უნივერსიტეტის ქონებას სასამართლო განჩინებით ედო ყადაღა. კერძოდ, 2017 წლის 6 თებერვალს, სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ და მასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა შპს " შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" 2017 წლის 07 თებერვლის მდგომარეობით არსებული საგადასახადო დავალიანების სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდევინების უზრუნველყოფა. აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლომ ყადაღა დაადო უნივერსიტეტის უძრავ ქონებას და წილებს.

    იმის გამო, რომ უნივერსიტეტის ფინანსური სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დამდგარიყო და საგადასახადო დავალიანების თაობაზე სასამართლო დავის დასრულებამდე უნივერსიტეტს არ შეზღუდვოდა სტუდენტების მიღება, 2018 წლის 27 შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა 715 433.01 ლარი. იმავე დღეს შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცა ცნობა, რომლის თანახმად უნივერსიტეტს 2018 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით აღარ აქვს საგადასახადო დავალიანება და ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 891577,89 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურს აღარ გააჩნია იურიდიული ინტერესი შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ და სხვათა ცრუმაგიერ პირებად ცნობისა.
    2018 წლის 7 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სსიპ შემოსავლების სამსახურს მიმართა დასაბუთებული წერილით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოდან სარჩელის გამოთხოვა.
    2018 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, სადაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა საქმის განხილვის ორი კვრის ვადით გადადების თაობაზე. შუამდგომლობა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 07.09.2018 წლის წერილიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სარჩელის გამოხმობის თაობაზე. უნივერსიტეტის წარმოადგენლები არ დაეთანხმნენ აღნიშნულ შუამდგომლობას და აღნიშნეს, რომ მათ ისედაც გააჩნდათ ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ საქმის წარმოება შეწყვეტილიყო, ხოლო შემოსავლების სამსახურს ჰქონდა საკმარისი დრო, რომ სხდომამდე ჩამოეყალიბებინა საკუთარი პოზიცია, რათა საქმის განხილვა კვლავ არ გაჭიანურებულიყო. მოსამართლემ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია საქმის განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებით და საქმის განხილვა გადადო 2018 წლის 22 ოქტომბრამდე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური