"ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად"-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 14:03

ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ეს იყო ყოველთვის საქართველოს როლი მსოფლიოში - რეგიონალური ცენტრი, ადგილი, სადაც გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობებია.
„როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო იდეალურად უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ მარშრუტს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აბრეშუმის გზის გაყოლებაზე არსებულ თანამშრომლობისა და ვაჭრობის პოტენციალზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ბიზნესი იქნება აბრეშუმის გზის ხელახლა დაბადების ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილე ბიზნესმენებს და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიებაში ჩინეთის 200 ბიზნესმენის მონაწილეობა ცხადყოფს, რამდენად სერიოზულად ეკიდება ჩინეთი აბრეშუმის გზის განვითარებას და რამდენის შეთავაზება შეუძლია საქართველოს.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე.

· ჩვენ ვართ პატარა, ოთხმილიონიანი, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით.

· ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა.

· მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.

· გადასახადების სიმსუბუქის მხრივ კი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ.

· ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც აღმოფხვრილია კორუფცია.

· ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. დღეს შეიმჩნევა უცხოური ინვესტიციების ნაკადის უპრეცედენტო ზრდა.

· 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც არამხოლოდ 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც არის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

· ბაზარზე ახალი შემომსვლელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ორი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

o საპარტნიორო ფონდი უზრუნველყოფს შერჩეულ პროექტებს საჯარო სახსრებით. ფონდი ღიაა საჯარო-კერძო პარტნიორობის სტრატეგიული ფორმების განხილვებისთვის.

o საქართველოს თანაინვესტირების ფონდი იზიდავს სახსრებს კერძო საინვესტიციო წყაროებიდან და მოიცავს საერთაშორისო მეწილეებს.

· ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა.

· კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას როგორც სტაბილურს და პოზიტიურს.

· კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება: ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე.


მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშზე მმართველობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა:


· 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში;

· 16 პუნქტით გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში;

· 19 პუნქტით კანონის უზენაესობის კატეგორიაში;

· 22 პუნქტით პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის კატეგორიაში;

· 23 პუნქტით კორუფციის კონტროლის კატეგორიაში.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო განლაგებულია უზარმაზარი თავისუფალი სავაჭრო ქსელის გულში:

· ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, თურქეთსა და რუსეთთან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან.

· ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

· მე სულ ახლახან დავბრუნდი ჩინეთიდან, და მალე ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს საქართველოს მდებარეობას ევროპისა და აზიის ვაჭრობის გულში.

„საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო ქსელებით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო მარშრუტზე ბევრად უფრო სწრაფად. თავისუფალი სავაჭრო კავშირები კი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ერთ-ერთი მთავარი უტარიფო რეგიონალური დისტრიბუციის ცენტრი. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთვის ინვესტირება საქართველოში ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან თქვენი ხარჯები და გადასახადები უფრო დაბალი იქნება, შეგხვდებათ ნაკლებ მარეგულირებელი დაბრკოლება, ხოლო ამონაგები ბევრად დიდი იქნება“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე და მაგალითად დაასახელა „ჰუალინგ ჯგუფი“, რომლის ინვესტიციების ჯამური ოდენობა 500 მილიონ დოლარს აღემატება.

· „ტატა ჯგუფმა“ (ინდოეთი), Clean Energy Invest-მა (ნორვეგია) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ სულ ახლახან განახორციელეს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია აჭარისწყლის პროექტში.

· კორეის წყლის რესურსების კორპორაცია და საქართველოს საპარტნიორო ფონდი განახორციელებენ ერთ მილიარდიან ინვესტიციას ნენსკრაჰესის მშენებლობაში.

· საქართველოში ფუნქციონირებს ტოიოტას (იაპონია) კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი და დისტრიბუციის ცენტრი.

· კომპანიები Dhabi Group და RAKIA (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს სასტუმროების, უძრავი ქონებისა და სხვა პროექტებში.

პრემიერი ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო 11 წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 18-ჯერ გაიზარდა, 310 ათასიდან 2003 წელს 5,5 მილიონამდე 2014 წელს.

„შარშან და შარშანწინ უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოს მოსახლეობას. გამოვთქვამ იმედს, რომ, ხსენებული ინიციატივების მსგავსად, დღევანდელი ღონისძიებაც გაუხსნის გზას ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და გააღრმავებს თქვენს დაინტერესებას საქართველოთი. პირადად მე გარწმუნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებსა და ყველა უცხოელ ინვესტორს სრულ მხარდაჭერას საქართველოში ბიზნესის დაარსებისა და ამოქმედებისა საქმეში. ბედნიერი ვარ, რომ აქ იმყოფებით. საქართველო არის სტაბილური, ძლიერი და ღია სახელმწიფო. ჩვენი თანამშრომლობა შედეგად მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას“, - მიმართა პრემიერმა ფორუმის მონაწილე ბიზნესმენებს.

წაკითხულია 366 ჯერ

Related items

  • „ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით“- აცხადებს ჩინეთის ელჩი

    „ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით", - აცხადებს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ლი იენი.

    დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 28 წელი შესრულდა. ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უძველესი აბრეშუმის გზა ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრული კავშირის მოწმეა. ჩინეთი მე-12 საუკუნის ცნობილი ქართველი პოეტის შედევრში - „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები. 1992 წლის 9 ივნისს, ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა თბილისში „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეს“ ხელი მოაწერეს. ამ მომენტიდან ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა. 28 წლის მანძილზე, ორი ქვეყნის მთავრობების ყურადღებიანი ხელმძღვანელობისა და ორი ერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად განვითარდა, ხოლო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო.

    ჩინეთი და საქართველო მუდამ თანასწორუფლებიანი და ერთმანეთის მიმართ ნდობით გამსჭვალული, მეგობარი სახელმწიფოები იყვნენ. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ კი, მუდამ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ ერთმანეთის მიერ არჩეულ საზოგადოებრივ წყობილებასა და განვითარების გზას, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპზე დაყრდნობით ვავითარებთ საერთაშორისო თანამშრომლობას, ერთად ვქმნით დიდ და პატარა სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანი მოპყრობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ბრწყინვალე მაგალითს.

    ჩინეთი და საქართველო კარგი პარტნიორები არიან, რასაც სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს. ჩვენი ქვეყნები ენერგიულად თანამშრომლობენ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობაში. ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ელექტროენერგიის, ინდუსტრიული ზონების, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროების მშენებლობაში. მათ საქართველოში არა ერთი მაღალხარისხოვანი პროექტი განახორციელეს რკინიგზის, საავტოობილო გზების, გვირაბების, ხიდების მშენებელობის მიმართულებით და დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები შექმნეს. ჩინეთი მზად არის საქართველოს საჭიროებებს უპასუხოს. განხორციელდა უსასყიდლო დახმარების პროექტები, მაგალითად საბაჟო კონტროლის დანადგარების, ბოსტნეულის სათბურების, ფაროსანას საწინააღმდეგო აღჭურვილობის და სხვა პროექტები. ქართული მხარის ორგანიზებით სამჯერ წარმატებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი, სადაც მთელი მსოფლიოს მოაზროვნეებმა მოიყარეს თავი და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობის განვითარებისთვის რჩევები და გეგმები შეიმუშავეს. ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ამ სახის პირველი შეთანხმებაა ჩინეთსა და ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყანას შორის. მან ორმხრივი ვაჭრობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თუ სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარი იყო, ამ მაჩვენებელმა დღეს უკვე 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინელი მომხმარებელი სულ უფრო მეტ ხარისხიან ქართულ ნაწარმს ეცნობა და იძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს ეპიდემიის გამო საქართველოს საგარეო ვაჭრობის კლების ფონზე, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა პირველი ოთხი თვის მონაცემებით 8.9%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა.

    ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ. ჩინეთი და საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ბრწყინვალე ცივილიზაციის მქონე უძველესი ქვეყნებია. ჩვენს ხალხებს ერთმანეთის ცივილიზაციისა და ისტორიის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. ლიტერატურული და სამხატვრო დასები ხშირად ახორციელებენ ურთიერთვიზიტებს. თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, სპორტის, კინოსა და ტელევიზიის, ახალი ამბების, გამომცემლობის და სხვა სფეროებში უწყვეტად ღრმავდება. ჩინეთის მიერ დაარსებული ორი კონფუცის ინსტიტუტი საქართველოში ჩინური ენის ბრწყინვალე სპეციალისტებს ამზადებს. ყოველწლიურად ათობით ქართველ სტუდენტს ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებისა და ჩინეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა. საქართველოს მთავრობა ჩინური ენის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შეტანას აპირებს, რაც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს. „ღვთის მიერ ნაბოძები მიწა“, „ღვინის სამშობლო“ - ეს მეტსახელები უფრო და უფრო მეტ ჩინელ ტურისტს იზიდავს. 2019 წელს საქართველოში თითქმის 50 ათასმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც წინა წელთან შედარებით 50.9%-ით მეტია.

    წელს, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო უკეთ წარმოჩინდა და გაიზარდა. ჩინეთმა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და თანაგრძნობა მოიპოვა. საქართველოში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, ჩინეთმა საქართველოსთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა აქტიურად დაიწყო, ეპიდემიის პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის გამოცდილება ქართულ მხარეს უანგაროდ გაუზიარა; ქართული მხარისთვის ექსპერტთა ვიდეო კონფერენცია სამჯერ მოაწყო; ნიღბები, რეაქტივების ნაკრებები, ხელთათმანები, დამცავი სამოსი და სხვა აუცილებელი სამედიცინო ნივთები საჩუქრად გადასცა. საქართველოში ჩინეთის მოქალაქის მხრიდან ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩინეთის მოქალაქეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოში ეპიდემიის წარმატებულ პრევენციასა და კონტროლში. ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის საქმიანი თანამშრომლობის ხელშეწყობით ვცდილობთ ეპიდემიით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ჩინურ კომპანიებს, რომლებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში არიან ჩართულნი, გაძლიერებული დამცავი ღონისძიებების პირობებშიც კი, ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, ისინი რეალური მოქმედებებით ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. ჩვენ გვაქვს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ მხარდამხარ ბრძოლაში შედუღებული ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა, ეპიდემიის დასრულების შემდეგ უფრო დიდი ძალით გამოთავისუფლდება და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ ნაყოფიერ შედეგს მოიტანს.

    „ორ ნაპირს შორის წყალუხვი სივრცე გაშლილა, აფრების ასაშვებად სწორედაც, რომ საუკეთესო დროა“. გასული წლის მაისში, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი და საქართველო ყოველმხრივ ღია სავაჭრო პარტნიორები, თანასწორუფლებიანი და ურთიერთსარგებლიანი საინვესტიციო პარტნიორები და ურთიერთდაკავშირებული სატრანსპორტო პარტნიორები უნდა იყვნენ, რასაც საქართველოს მეთაურებმა მხარი დაუჭირეს. ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად სისრულეში მოიყვანოს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება და თანასწორუფლებიანობის, ურთიერთსარგებლობისა და თანამშრომლობის საფუძველზე გააგრძელოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება; მზადაა მტკიცედ გამოიყენოს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" პროექტის ისტორიული შესაძლებლობები და „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპზე დაყრდნობით უფრო მეტად განამტკიცოს პოლიტიკური ურთიერთნდობა, სრულად გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბოლომდე აითვისოს საქმიანი თანამშრომლობის პოტენციალი, გააფართოვოს თანამშრომლობის წყაროები, გააღრმავოს კულტურული ურთიერთობები, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა, ყველაფერი იღონოს ორი ქვეყნის ხალხებისათვის უფრო მეტი კეთილდღეობისა და ჩინურ-ქართულ ურთიერთობებში უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

  • თბილისში“ "საქართველო - აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი" გაიმართა

    5 მარტს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით "საქართველო - აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი" გაიმართა.

    ბიზნეს ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - ეკატერინე მიქაბაძე; აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში - დურსუნ ჰასანოვი; „BP“ საქართველოს დირექტორი - ენ დევისი, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენრალური დირექტორი - მაჰირ მამედოვი, „კასპიის ევროპული კლუბის” აღმასრულებელი დირექტორი - ტელმან ალიევი, „პაშა ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი - ასაფ ჰუსეინოვი,  „აზების“ თავმჯდომარე - ნარიმან გურბანოვი.

    ბიზნეს ფორუმს ასევე დაესწრნენ ქართული და აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლები ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის, საფინანსო, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, კვების, ინდუსტრიული წარმოებისა და მშენებლობის, იურიდიული მომსახურების, საკონსულტაციო, აუდიტორული, ტურიზმის, სამედიცინო და სხვა სექტორებიდან.

    ფორუმის ფარგლებში, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და „აზებს“ (აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაცია) შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე, ღონისძიების მეორე ნაწილში მოხდა, დაგეგმილი პრეზენტაციების წარდგენა ქართული და აზერბაიჯანული კომპანიების მიერ.

    ფორუმზე გამოსვლისას, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურაძემ, მინისტრის მოადგილემ ი. მიქაბაძემ, ელჩმა დ. ჰასანოვმა, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენრალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა და სხვებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ფორუმის მნიშვნელობის შესახებ.

    აღნიშნული ფორუმის ჩატარების ძირითადი მიზანი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარება. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“, ქართველ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, გეგმავს ჩაატაროს აღნიშნული ფორუმი ყოვეწლიურად და 2021 წელს ეს ფორუმი ბაქოში გაიმართება.

    ღონისძიების გენერალური პარტნიორები არიან  კომპანიები „BP“, „სოკარი“, “პაშა ბანკი”, ხოლო პარტნიორები - „ყულევის ნავთობ ტერმინალი“, „ემბავუდი“, „ჰუალინგი ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ და „ლუკა პოლარე“.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • "თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ძალზე წარმატებული იყო, მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა, ჩატარდა სამასზე მეტი ორმხრივი ბიზნესშეხვედრა"

    „აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, იყო ძალზედ წარმატებული, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" შეფასებისას განაცხადა.

    პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა და ორი დღის განმავლობაში იყო დანიშნული სამასზე მეტი ორმხრივი ბიზნეს შეხვედრა და მოლაპარაკება. 

    „ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ფუნქციის, როლის, როგორც დამაკავშირებლის, ორი დიდი ცივილიზაციის გაძლიერებას და ეკონომიკურ კონტექსტში, ეს არის პირველ რიგში ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და ყველაფერი რაც ეკონომიკის გაძლიერებას ეხება. მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე მინდა კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის ფასი და ის მნიშვნელობა, რაც აქვს საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის, ეროვნული ბანკის და სხვადასხვა ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩართული უწყებების პოზიტიურ თანამშრომლობას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • გიორგი გახარია - მასპინძლობა ჩვენს გენშია, ეს არის ქვეყანა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს

    ჩვენთვის დიდი პატივია, მესამედ ვუმასპინძლოთ თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელზეც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში ჩანიშნულია 300-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

    გიორგი გახარიამ, გამოსვლაში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, ასევე ხაზი გაუსვა ქართული მასპინძლობის კულტურის უნიკალურობას მსოფლიოში.

    „საქართველო არა მარტო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის არის საუკეთესო ქვეყანა, არამედ ის ღვინის სამშობლოცაა და ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში, რადგან მასპინძლობა ჩვენს გენშია. ამიტომ, აბრეშუმის გზის ინიციატივის ყველა მონაწილე ქვეყანას ვთავაზობ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სადღეგრძელოს. ეს იმ ქვეყნის სადღეგრძელოა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.


    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

    ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    ჩინელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

    დადებითად შეფასდა ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის მზარდი მაჩვენებელი და აღინიშნა, რომ ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 50 პროცენტით არის გაზრდილი და აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

    ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა China International Import Expo-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ქართული კომპანიებისთვის, თავიანთი პროდუქცია  ჩინელ ინვესტორებს წარუდგინონ.

    შეხვედრაზე განიხილეს ასევე აბრეშუმის გზის ფორუმი, ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და აღინიშნა, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით. 

    პრემიერ-მინისტრიის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური