გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 17:26

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს ბრიუს ენდრიუსს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და  გაღრმავების პერსპექტივას. ხაზგასმით აღინიშნა იმ უპირატესობის შესახებ, რომელსაც საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (FTA)  ინიციატივა გულისხმობს.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს „გლობალური მეწარმეობის სამიტის (Global Enterpreneurship Summit) საქართველოში ჩატარების განხილვა შესთავაზა.

საუბარი ასევე შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც დღეს საქართველო ინვესტიციების მოზიდვისა და  ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით ქმნის.

შეხვედრისას ის რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და სირთულეებიც განიხილეს, რომლებიც გავლენას ახდენენ არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე.

ბრიუს ენდრიუსმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართულ მხარეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ხელშეწყობასა და მჭიდრო თანამშრომლობას.

წაკითხულია 342 ჯერ

Related items

  • ხვალიდან ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება

    საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 18 თებერვლიდან დაიწყება ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.
    უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან.
    ასევე, 18 თებერვალს პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ემიგრანტების და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის.

  • "საქართველოს მოსახლეობისათვის ტოლერანტობა იდენტობის ნაწილია, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ"

    საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, მოწვეულ სტუმრებს მიმართა და საქართველოში სხვდასხვა რელიგიების მშვიდობიან თანაარსებობასა და ქართულ ტოლერანტობაზე გაამახვილა ყურადღება.
    როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, თუმცა, საქართველოში ყველა რელიგიას აქვს თავისი ადგილი, სრული თავისუფლება და ერთმანეთში ის ურთიერთობა, რომელიც საქართველოს განსაკუთრებულ სახეს ქმნის. საქართველოს მოსახლეობისათვის ტოლერანტობა იდენტობის ნაწილია, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.
    "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, რომელიც მოიცავს პატივისცემასა და მეგობრობას. ურთიერთობა, რომელსაც ქვეყნისა და საზოგადოებისათვის საჭირო მშვიდობა მოაქვს.
    ეს მშვიდობა კიდევ უფრო საჭიროა დღეს, როცა ვხედავთ, რომ საზოგადოებაში დაძაბულობის, დაპირისპირების, პოლარიზაციის, სიძულვილის ენის გაძლიერების ტენდენციებს.
    ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის ნაწილი ოკუპირებულია და არ გვაქვს იმის უფლება, რომ ქვეყნის შიგნით რაიმე ფორმის შეუთანხმებლობა, ან დაპირისპირება არსებობდეს. დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა ჩვენი საუნჯე და სიმდიდრეა. ჩვენ ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელი ამ სიმშვიდისა და სიყვარულის შენარჩუნებაზე“, - მიმართა პრეზიდენტმა სტუმრებს.
    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქართულ კულტურაში ოდითგანვე ასახულ იმ მოცემულობას, რომელიც ტოლერანტობასა და  სხვადასხვა კულტურისა, თუ რელიგიის თემებს შორის არსებულ ურთიერთგაგებას ეხება.
    "მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტის რანგის სახელმწიფო მოღვაწე ამის შესახებ კიდევ ერთხელ ხაზგასმით საუბრობს და ამგვარ შეხვედრას გეგმავს. რაც  უფრო მეტად გაიზრდება მსოფლიოში ქართული ხასიათის ცნობადობა, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად ქართველი ერისა და ქართული კულტურის წვლილის გაზომვა ამა თუ იმ კულტურასა, თუ მოვლენაში“, - განაცხადა  დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
    დასავლეთ საქართველოს მუფტი ჰაჯი ადამ შანთაძე მნიშვნელოვანად და დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრას და აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა ჩვენს საზოგადოებაში ჰარმონიული და ტოლერანტული გარემოს შექმნის სიმბოლო იქნება.
    "საქართველო ოდითგანვე მრავალეროვანი და მრავალკონფესიური ქვეყანა იყო. ისტორიულად ამ ქვეყანაში ყველა - სხვადასხვა ეთნოსის და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები, ერთად, მეგობრულად და ძმურად ცხოვრობდნენ. ასეა დღესაც.
    ჩვენ ამით ვართ გამორჩეული, ეს არის ჩვენი ეროვნული და კულტურული სიმდიდრე, რომელსაც დაცვა სჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ყველა ამ მიმართულებით დღევანდელი შეხვედრა  ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა ჰაჯი ადამ შანთაძემ.
    საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში მოქმედი 11 სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი.

  • საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლემენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჰენდრიკ დემსისთან შეხვედრით დაიწყო.

    მხარეებმა შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
     
    როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 21 წელი გავიდა. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება უკვე იყო ქართველი ხალხისათვის ოცნების ასრულება.
     
    "ის გზა, რომელიც 21 წლის წინ ავირჩიეთ, არ შეცვლილა და ამ გზაზე სვლა არ შეგვინელებია. მას შემდეგ თანმიმდევრულად მივიწევთ ევროპისაკენ და ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს.
     
    ამაში კი, დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერას და ზოგჯერ მის კრიტიკასაც კი. საქართველო ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტების მიუხედავად, არ აჩერებს ევროპისაკენ სვლას, აშენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.
     
    შემდგომი ნაბიჯი, საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აზრი გამოვთქვათ არა მხოლოდ იმაზე, რაც ჩვენ გვეხება, არამედ მნიშვნელოვან, საერთაშორისო საკითხებზეც.
     
    საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას ყურადღებას გაამახვილებს გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. ეს თემები საქართველოსათვის მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისათვის, რომელიც პარტნიორებთან ერთად გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება.
     
    რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერასთან, რომელიც უკვე გამოიხატა ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ მრავალ რეზოლუციაში. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება ქმედება, გვჭირდება ცვლილებები ადგილზე, (პირველ რიგში ადმინისტრაციულ ხაზთან), დეესკალაცია და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. იმისათვის, რომ გავცდეთ ოკუპაციას, განვმუხტოთ და მოვაგვაროთ ეს ვითარება, საჭიროა, საქართველოს ყველა პარტნიორის ჩართულობა დეოკუპაცია ჩვენი საერთო მიზანია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
    სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
     
    დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
     
    დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, დუნია მიატოვიჩთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან.

    როგორც ცნობილია  სტრასბურგში, 27-31 იანვრის ჩათვლით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

    შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

     

  • საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა

    პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში 28 იანვარს დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. 

    სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჰენდრიკ დემსთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, დუნია მიატოვიჩთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან.
    სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ევროპის სასახლეში იგეგმება ასევე, ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წევრებს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

    დღის ბოლოს კი, საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართება, სადაც მოეწყობა ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ: ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და საქართველოს პრეზიდენტი.

  • საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ისრაელთან თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს გაეცნო.
     
    ცენტრში, რომელის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ისრაელის ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია წარმოადგენს, პრეზიდენტს მასპინძლობა ცენტრის თავმჯდომარემ შიმონ პერესის ვაჟმა, ხემი პერესმა გაუწია.
     
    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
     
    ხემი პერესის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან მოკლე მაგრამ მრავლისმომცველ შეხვედრაზე ისაუბრეს პერესის მშვიდობისა და ინოვაციის ცენტრის საქმიანობასა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მშვიდობის მშენებლობაზე.
     
    "ჩვენ შემოვიარეთ საგამოფენო დარბაზები, სადაც პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება ენახა ისრაელის ისტორია - თუ როგორ ჩამოყალიბდა ის ინოვაციების ერად.
     
    ვნახეთ მომავლის გამოწვევების ნაწილი და მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობები. დავათვალიერეთ საგამოფენო დარბაზი, რომელიც ასახავს ისრაელის კომპანიების საქმიანობას ჯანდაცვის, მდგრადი განვითარების, კიბერნეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კოსმოსური სივრცის კვლევის მიმართულებით.
     
    ჩვენ წარვუდგინეთ მას ისრაელის გლობალურ და ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული მიღწევები,"- განაცხადა ხემი პერესმა.
     
    ცენტრში წარმოდგენილია ისრაელის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი უახლესი პროდუქტები.
     
    აღსანიშნავია, რომ თავისი ცხოვრების ბოლო წლებში შიმონ პერესი ამ ცენტრში მუშაობდა. საქათველოს პრეზიდენტმა მისი სამუშაო ოთახი დაათვალიერა.
     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური