უჩა ნანუაშვილის სპეციალური განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 12:11

ქუთაისში "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს უჩა ნანუაშვილი. სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს განჩინება, რომლითაც იზღუდება პირის თავისუფლება, უნდა იყოს სანიმუშოდ დასაბუთებული, ასევე ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბოლო წლებში მომხდარი მსგავსი შემთხვევების დროს, პატიმრობა გამოყენებული არ ყოფილა.

"სახალხო დამცველის შეფასებით, ქუთაისში, პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელია და აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ ეჭვებს.

გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას ეფექტური მექანიზმები ამ უფლებათა უზრუნველსაყოფად და ყველას მიეცეს აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა.

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ასევე, უზრუნველყოს იმ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირთა უსაფრთხოება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს; დაიცვას ძალადობისგან აქციის მონაწილეებიც და პროტესტის ადრესატებიც. ამავე დროს, შეუძლებელია, ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების გამოხატვის თავისუფლებითა თუ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვით გამართლება. დაუშვებელია, სახელმწიფომ კანონის შესაბამისი კვალიფიკაცია არ მისცეს სამართლებრივი სივრცის მიღმა დარჩენილ ფაქტებს.

ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენის პროცესში აუცილებელია, სახელმწიფომ გაატაროს ადეკვატური სამართლებრივი ზომები, რომელიც არ იქნება შერჩევითი და ყველა მსგავს შემთხვევაზე საგამოძიებო ორგანოების მოქმედებები, ისევე როგორც დაკისრებული პასუხისმგებლობა, იქნება ერთგვაროვანი. საგამოძიებო ორგანოებთან, უპირველეს ყოვლისა საქართველოს პროკურატურასთან ერთად, პასუხისმგებლობა ეკისრება საერთო სასამართლოებს, რომელიც თითოეულ ფაქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, ადგენს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და ძალადობის გამოვლინებას შორის. პასუხისმგებლობის განსაზღვრა თითოეული შემთხვევისათვის, უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, რისი მიღწევაც მიღებული გადაწყვეტილების ყოველმხრივი და დამაჯერებელი დასაბუთების გარეშე შეუძლებელია. დასაბუთების ნაკლებობა კი ეჭვის ქვეშ აყენებს სასამართლოს სამართლიანობას.

სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა. სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება ადამიანის უფლებების დაცვაზე უარის თქმას ნიშნავს, ხოლო სახელმწიფო, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული არ არის, განწირულია მუდმივი სამართლებრივი კრიზისისა და ეკონომიკური სისუსტისათვის.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბერს განჩინება, რომლითაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ საქართველოს პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებს მირიან დეისაძეს, კახაბერ გაბუნიას და ნიკოლოზ ნარსიას, სახალხო დამცველის შეფასებით, ვერ პასუხობს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას ამ საკითხებთან დაკავშირებით. განჩინების თანახმად, სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტს, რომ მოსალოდნელია ახალი დანაშაულის ჩადენა, თუმცა, აღნიშნული არგუმენტი გამყარებულია ბრალდებულთა მიერ წარსულში ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომებით, რაც თავისთავად არ წამოადგენს არც დანაშაულს და არც დანაშაულის ჩადენის წინაპირობას. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დასასაბუთებლად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბრალდების დადასტურების შიში გაუჩენს ბრალდებულებს მიმალვის სურვილს. ბუნებრივია, მსგავსი მოტივით პატიმრობის შეფარდება ყოველგვარ აზრს უკარგავს სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების არსებობასაც კი. ამგვარი მიდგომით ნებისმიერი პირის მიმართ ბრალის წაყენება პატიმრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი ხდება, რაც ადამიანის უფლებების ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში მომხდარი იდენტური შემთხვევების დროს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, რომლებიც დეტალურადაა განხილული სახალხო დამცველის 2012, 2013 და 2014 წლების საპარლამენტო ანგარიშებში, აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით ბრალის წაყენების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული როგორც წესი, არ ყოფილა. აღნიშნული კი აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ეჭვს და არ აძლიერებს ნდობას საქართველოს პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს სასამართლო ხელისუფლებისადმი სრულ პატივისცემას, მის საქმიანობაში ჩაურევლობის მნიშვნელობას. ამასთან, სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება, რომლითაც იზღუდება პირის თავისუფლება, იყოს სანიმუშოდ დასაბუთებული, არ აჩენდეს პასუხგაუცემელ კითხვებს და შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს სტანდარტს." ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

წაკითხულია 468 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

    აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია.
    პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
    პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.
    სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

     
    დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

    საქართველოს თავდაცვის ძალები მოიხმარს I კატეგორიის გაყინულ საქონლის ხორცს, როგორც განსაზღვრულია კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად.
    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. შესაბამისად 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა.

    კონსოლიდირებული ტენდერი აღნიშნული პირობებით მოქმედებს 2019 წლის ბოლომდე. მომავალში თავდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქონლის ხორცით მომარაგების სტანდარტებს. 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის უმაღლესი კატეგორიის ხორცით კვება. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაძლიერებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.

    რაც შეეხება, ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

    ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

    საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა.

  • კახაბერ ოქრიაშვილის სპეციალური განცხადება

    საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად.

    მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ ჩემს მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე.

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ. 

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის და UN Women-ის თანამშრომლობა

ლიბერთის და UN Women-ის თანამშრომლობა

დღეს, ლიბერთი ბანკი გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწ...

ლიბერთის თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“

ლიბერთის თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“

3 დეკემბერს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა...

PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების დღეს“ კოსმეტიკურ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური