ანა დოლიძე კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 14:35

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის - „მხარი მხარს“ ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებთან ქვეყნის მასშტაბით ითანამშრომლებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად  თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის  იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც, სწორედ,  ფსიქორეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს მიზანი თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე ზრუნვა და ამ კუთხით ჯარში არსებული პრობლემების დროულად გამოვლენაა.

„ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გაიმართა კლინიკების წარმომადგენლებთან. დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ საზოგადოებრივი საუბარი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის თემაზე და ეს იყოს არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჭირბოროტო საკითხი, არამედ, ეროვნული თემა. თავად სამინისტროს შიგნით  უნდა განვავითაროთ ეფექტიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც დროზე ადრე გამოვლინდება ჯარისკაცი, რომელსაც მიღებული აქვს საბრძოლო ან სხვა სახის სტრესი და გაეწევა საჭირო დახმარება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

თავდაცვის სამინისტრო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამას - „მხარი მხარს“ ჯარში  სუიციდის პრევენციის პოლიტიკის ფარგლებში ახორცილებს.

წაკითხულია 514 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
    14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ტრაგედიაა.
     
    გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა სამხედრო პირები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
     
    სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
  • პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

    თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

    შეხვედრის დასაწყისში ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა.

    საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

    ხაზი გაესვა  თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

    შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

    პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა

    ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. კონექტიკუტის შტატში მდებარე აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ქართველმა კადეტებმა - კონსტანტინე ყიფიანმა და ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრეს.

    კურსის გამოშვების ცერემონიალზე ქართველ კადეტებს დიპლომები ჯონ ბოლტონმა და ლევან იზორიამ გადასცეს. „მქონდა პატივი, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან ერთად მიმელოცა კადეტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლის წარმატებით დასრულება. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის ორი ქართველია და ისინი მომავალში აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას მოახმარენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    კადეტები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2015 წელს ჩაირიცხნენ.  შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის საფუძველზე იუნკრებმა სწავლა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძეს. სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭებათ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, კადეტები სპეციალიზაციის კურსს გაივლიან და თავდაცვის ძალებში ოცმეთაურის თანამდებობაზე დაინიშნებიან. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს 2015 წელს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას, რომლებიც ამავე აკადემიაში სწავლობდნენ. ლევან იზორიამ სასწავლებლის ტერიტორიაზე მდებარე ქართველი კადეტების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

  • თავდაცვის მინისტრის შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ პატრიკ ფრანცენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

    მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. შეხვედრაზე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობისა და კურსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელსაც შვეიცარია ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალო პერსონალს სთავაზობს. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან (dibs) შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (dcaf) მჭიდრო თანამშრომლობაც ხაზგასმით აღნიშნეს.

  • თავდაცვის მინისტრი ASDA 2019-ზე

    ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენას - ASDA 2019 დაესწრო. ლევან იზორიამ პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების მიერ წარმოებული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი, უსაფრთხოებისა და  კიბერუსაფრთხოების საშუალებები დაათვალიერა და მათ შესაძლებლობებს კომპანიის წარმომადგენლებისგან უშუალოდ გაეცნო. 

    ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენა ქალაქ სპლიტში, ლორას საზღვაო ბაზასთან მდებარე სივრცემ - Spaladium Arena უმაპისპინძლა. წელს გამოფენაზე მსოფლიოს 25 ქვეყნის 159 კომპანია იყო წარმოდგენილი. ASDA 2019-ზე დასასწრებად ქალაქ სპლიტს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო მაღალჩინოსნები, პოლიციის, ჯანდაცვისა და სამაშველო ქვედანაყოფების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური