სახალხო დამცველის ანგარიში სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებზე

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 16:45

2015 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში, ასევე, ხანდაზმულთათვის მომსახურების მიმწოდებელ 5 დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა. „არაადაპტირებული გარემო, სიღარიბე, ბენეფიციართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ძალადობაც კი, პერსონალის ნაკლებობა და დაბალი კვალიფიკაცია, მედიკამენტების ნაკლებობა, არსებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციის ნაკლებობა, – ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რაც საშუალებას გვაძლევს, ხშირ შემთხვევაში, პანსიონებში არსებული მდგომარეობა ღირსების შემლახავად შევაფასოთ. არსებული მდოგმარეობა ბენეფიციართა სრული იზოლაციის საფრთხეს ქმნის. და რაც ყველაზე შემაშფოთებელია არ ხდება ამ ინსტიტუციების ინსპექტირება, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს, რათა სათანადოდ განახორციელონ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ხანდაზმული პირების უფლებების რეალიზაცია, უზრუნველყონ არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე მოწვეულმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა სისტემაში არსებული სირთულეები, თუმცა დასძინა, რომ პრობლემის აღმოფხვრას მხოლოდ ერთი სტრუქტურა ვერ შესძლებს და მთავრობის მთელი გუნდის კონსოლიდირებული მუშაობაა საჭირო.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები, ხანდაზმულთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ასევე იმ პანსიონატების უფლებამოსილი პირები, რომელთა დაწესებულებებშიც განხორციელდა მონიტორინგი.

პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე განიხილეს პრობლემის მოგვარების გზები, ისაუბრეს ერთიანი კონცეფციის შემუშავების აუცილებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ დამცველის აპარატმა პირველად ჩაატარა ასეთი მასშტაბური ხასიათის მონიტორინგი და სპეციალური ანგარიშიც – „ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში“ პირველად გამოიცა.

უკვე 25 წელია, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციაც სიმბოლურად სწორედ ამ დღეს გაიმართა.

წაკითხულია 389 ჯერ

Related items

  • რა დააშავეს შშმ პირებმა? - ქართველი მწერლის ემოციური წერილი სახალხო დამცველს

    ახალ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მწერალი ირაკლი ლომოური ღია წერისლ წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
    ღია წერილი ახალ ომბუდსმენს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას
    გილოცავთ საქართველოს სახალხო დამცველის ერთობ საპატიო თანამდებობაზე არჩევას!

    ერთ გარემოებაზე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო. არცთუ დიდი ხნის წინათ რადიოში ყური მოვკარი საუბარს - სოციალური უზრუველყოფის სამსახურის ვიღაც მაღალჩინოსანს (სამწუხაროდ, არც სახელი ვიცი, არც გვარი და არც თანამდებობა, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს) ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა.
    კითხვაზე, თუ რატომ არ ეზრდებათ შშმ პირებს პენსია, მავანმა მოხელემ შემდეგი პასუხი გასცა: სახელმწიფო ბიუჯეტს საიმისო ფული არ ჰყოფნის, ყველას რომ გაუზარდოს, მაგრამ თუ გამოჩნდება დამატებითი თანხები, მათაც აუცილებლად გაეზრდებათო.

    მე თავად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. პენსია მაქვს 100 ლარი. ანუ ვადასტურებ, რომ ინვალიდების პენსია მართლაც არ იზრდება (ასაკით პენსიონერებს უკვე 160 ლარი აქვთ, თუ არ ვცდები). ამ პასუხის მოსმენისას მომინდა დამერეკა რადიოში და რამდენიმე კითხვა დამესვა: თუ სახელმწიფოს ფინანსები არ ჰყოფნის, მაგრამ ესმის, რომ პენსია გასაზრდელია, მაშინ ყველა სახის პენსიონერს ერთნაირად რატომ არ უზრდის? რა დააშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა? რა, მეორე კატეგორიის მოქალაქეები არიან? ავადმყოფ, დაინვალიდებულ ადამიანზე სახელმწიფო უფრო მეტად არ უნდა ზრუნავდეს სულაც? ეს რა უსამართლობაა, რა დისკრიმინაცია? რითია განპირობებული ასეთი დამოკიდებულება? იმით, რომ შშმ პირები შედარებით ცოტანი არიან რაოდენობრივად ასაკით შშმ პირებზე? თანაც საკუთარი უფლებების დაცვისა და სოციალური აქტივობის თავი, როგორც წესი, არ აქვთ? ანუ რა, სახელმწიფომ „დაბალი ღობე“ ნახა? შშმ პირების ხარჯზე ზოგავს ფულს? კონცერტების მოსაწყობად ხომ პოულობს თანხებს, როცა მოესურვება?.. და ა.შ.

    მინდოდა დამერეკა, მაგრამ არ დავრეკე. მერე დროდადრო ჩემს თავს ვეუბნებოდი, ამის შესახებ უნდა დავწერო-მეთქი, მაგრამ დღემდე არაფერი დამიწერია. შესაძლოა, დამეზარა, თანაც საზოგადოებრივად აქტიური მაინცდამაინც არ ვარ, - ვზივარ ჩემთვის და ვწერ რაღაცას, ან ვთარგმნი (სამსახური არ გამაჩნია). შესაძლოა, კიდევ იმიტომ არ დავრეკე, რომ ვიფიქრე, იტყვიან, საკუთარ თავზე ზრუნავსო ეგოისტურად... ანდა იმიტომ, რომ არ მჯერა, ჩვენს ბიუროკრატულ აპარატს აქვს უნარი, ადამიანებზე ადამიანურად იზრუნოს... მაგრამ მთელი ეს ხანი თანაც სინდისი მქენჯნიდა, ხმას რომ არ ვიღებდი... მადლობა ღმერთს, არ მშია და არ მცივა, მაგრამ რამდენი ინვალიდი პენსიონერია, რომელსაც მიზერული პენსიის გარდა მართლა არაფერი არ გააჩნია? ამ საკითზე ჩემი მხრიდან ხმის არამოღება უფრო დიდი ეგოიზმი არ გამოდის?..
    ამ დილას საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინე, რომ სამუშაოს შეუდექით და თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებების დაცვა იქნება. ღია წერილის დაწერა სწორედ ამან გადამაწყვეტინა.

    გისურვებთ წარმატებებს! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
    პატივისცემით,
    ირაკლი ლომოური

  • ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის, - სახალხო დამცველი კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე

    "როცა არ ხდება მსგავს ინციდენტებზე დროული რეაგირება, ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის და ეს ნიშანი გამოიკვეთა ორივე შემთხვევაში. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ხედავდა კადრებს, როგორ ადევნებდა თვალყურს პოლიცია რიგ შემთხვევებში საკმაოდ მძიმე დანაშაულს," - კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი. 

     

  • საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი სტრასბურგში

    საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სტრასბურგში შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ გიდო რაიმონდისთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტთან, კორუფციის წინააღმდეგ ევროსაბჭოს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანთან ჯანლუკა ესპოზიტოსთან, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელ ალექსანდერ გესელთან,  ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელ ხრისტოს ჯაკომოპულოსთან, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან საქართველოს საკითხზე. 

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ, გააცნო სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და  ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო პროექტში უნდა აისახოს.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან სახალხო დამცველმა საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა, ისაუბრა  პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გახშირებულ ფაქტებზე და გამოძიების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ  ხარვეზებზე,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებათა მდგომარეობის  და ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებზე.

    სახალხო დამცველმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დისკრიმინაციის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის შესახებ,  ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მედია გარემოსა და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე.

  • სახალხო დამცველი 17 წლის გოგონას ქორწინების მიზნით გაიტაცების ინციდენტს ეხმაურება

    საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში 17 წლის გოგონა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ქორწინების მიზნით გაიტაცეს.

    სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღიდან ჩართულია და სწავლობს მომხდარ შემთხვევას. სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და პირადად ესაუბრა გოგონასა და მისი ოჯახის წარმომადგენლებს. როგორც სამართალდამცავ უწყებებისათვის მიცემულ ჩვენებებში, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გოგონა ძალადობის ფაქტს უარყოფს.

    აღსანიშნავია, რომ პოლიციას დღენახევარი დასჭირდა გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად. სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია პოლიციის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და ქმედებებთან დაკავშირებით და დეტალურად შეისწავლის რამდენად ეფექტურად მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება აღნიშნული ფაქტის შეტყობინების მომენტიდან გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად.

    მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალადობას უარყოფს, სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო. ზოგადად,  არასრულწლოვანთა ქორწინებას, განსაკუთრებით „მოტაცების“ კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა პოტენციურად გავლენა ჰქონდეს ბავშვის ჯანმრთელი განვითარების, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და განათლების მიღების უფლებაზე.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების ეფექტური რეაგირება, რათა არ მოხდეს ამგვარი ქმედების ნორმალიზება საზოგადოებაში. სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში სიტუაციის მონიტორინგს და შეისწავლის ადრეული ქორწინების ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობას. 

  • ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების ნაწილის ამოქმედება ზაფხულიდან იგეგმება

    საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების ნაწილის ამოქმედება ზაფხულიდან იგეგმება. მანამდე პროგრამის განმახორციელებელმა სოციალური მომსახურების სააგენტომ საჭირო ღონისძიებები უნდა გაატაროს. ამ სიახლეებზე სასაუბროდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, პროგრამა დაახლოებით 670 000 ადამიანზე იქნება გათვლილი და შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-მდე იქნება. მათ შორის, მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად მიიღებენ პაციენტები, რომელთაც გულ-სისხლ-ძარღვთა დავადებები, ფილტვის ობსტრუქციული დავადებები, დიაბეტის მეორე ფორმა და ფარისებრი ჯირკვლის დაადებები აწუხებთ. 
    სოციალური მომსახურების სააგენტომ უკვე დაიწყო ბაზრის კვლევა. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე კვირის ბოლოსთვის გამოცხადდება და მასში მონაწილეობა შეეძლება ყველა იმ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს. უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც ყველაზე ნაკლებ ფასს შესთავაზებს სახელმწიფოს 24 სახის მედიკამენტის მიწოდებაზე. 
     პროგრამის ბიუჯეტი 3 მლნ 360 ათასი ლარია. ქართული ფარმაცევტული კომპანიების გარდა ტენდერში მონაწილეობა უცხოურ კომპანიებსაც შეეძლებათ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური