სპორტის წყალბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 14:02

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 25-27 სექტემბერს ისრაელში, ქალაქ ნეთანიაში გამართული  2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური წარმატებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ, 30 სექტემბერს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებსა და მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს. 
ქართველმა წყალბურთელებმა შესარჩევი ტურის E ჯგუფში ფავორიტ ჰოლანდიასთან ფრედ 5:5ითამაშეს, ხოლო ისრაელი და ლიტვა შესაბამისად 17:6 და 18:6 დაამარცხეს და ჯამში, 2 შესარჩევი ტურის შედეგად მოპოვებული მე-2 გამსვლელი ადგილით და 13 ქულით, სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ, სადაც 16 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს. 
შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში, რომელიც 6-8 თებერვალს თბილისში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია (21:9) და პორტუგალია (21:3) დაამარცხა, სლოვაკეთთან კი 10:11 დათმო. 

ევროპის ჩემპიონატი ბელგრადში 2016 წლის 10-23 იანვარს ჩატარდება, კენჭისყრა კი 4 ოქტომბერს გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების  მეტოქეების ვინაობა გაირკვევა.


კენჭისყრამდე გუნდები კალათებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ 

1 - სერბეთი, უნგრეთი, იტალია, მონტენეგრო
2 - ხორვატია, საბერძნეთი, ესპანეთი, რუმინეთი
3 - რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია
4 - მალტა, სლოვაკეთი, საქართველო, თურქეთი 

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, 20 ოქტომბრიდან საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ლიგის გათამაშებაში ჩაებმევა.

ევროპიდან ამ შეჯიბრებაში 12 გუნდი იასპარეზებს. გუნდები  წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში უნგრეთს, რუმინეთსა და საბერძნეთს გაუწევს მეტოქეობას. პაექრობები გაიმართება ორ წრედ შინ და გარეთ თამაშის პრინციპით. B ჯგუფში ითამაშებენ სერბეთი, ჩერნოგორია, ესპანეთი და საფრანგეთი, ხოლო C ჯგუფში ხორვატია, იტალია, რუსეთი და თურქეთი. 

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ლიგაზე პირველ მატჩს 20 ოქტომბერს უნგრეთში გამართავს. ამავე დღეს რუმინეთი საბერძნეთს უმასპინძლებს. მეორე ტურის პაექრობები 17 ნოემბერსაა დაგეგმილი. ჩვენები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, უნგრელები რუმინელებს მიიღებენ.
1 დეკემბერი. საქართველო-რუმინეთი, საბერძნეთი-უნგრეთი. მეორე წრის შეხვედრები გაისად გაიმართება.

 

წაკითხულია 544 ჯერ

Related items

  • თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს უმასპინძლებს

    ოლიმპიადამდე მცირე ხნით ადრე, 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს უმასპინძლებს. ამის შესახებ, სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა განაცხადეს.

    პრეს-კონფერენციაში საქართველოს მთავრობის, საწყლოსნო ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს ნაკრების და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    მათი ინფორმაციით, მსოფლიო ლიგის სუპერფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ (მსოფლიო ასოციაცია) საქართველოს პირველად მიანიჭა. ჩვენი ნაკრების გარდა, ტურნირზე მსოფლიო წყალბურთის საუკეთესო გუნდები ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბ“ ჯგუფში მონტენეგროსთან, იაპონიასთან და ამერიკასთან ერთად ითამაშებს, ხოლო „ა“ ჯგუფში ერთმანეთს იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი და ყაზახეთი დაუპირისპირდებიან.

    მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.

  • ჯგუფური ეტაპი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზურით დაასრულა
    ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე ადგილით და ევროპის ჩემპიონატის საგზურით დაასრულა.
    დღეს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში საქართველო რუსეთთან 0-3 დამარცხდა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის საგზური მაინც მოიპოვა.
    ჩვენი ნაკრები ქართული ფუტსალის ისტორიაში პირველად, კონტინეტის მთავარ ტურნირზე ნიდერლანდებში იასპარეზებს.
    შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე შეხვედრა საფრანგეთის წინააღმდეგ გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ჩვენმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
    მადლობა თითოეულ გულშემატკივარს #ესშენიგუნდია
  • ლაშა ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში!
    ლაშა ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში! 3 ოქროს მედალი, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები!
    ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 211/ 217/ 222 დაძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა 2 კილოგრამით გააუმჯობესა!
    ლაშა ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.
    რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები დაამყარა, ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!
    შეგახსენებთ, რომ 
    საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
    დამყარდა მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს რეკორდები.
    მედლების რაოდენობით საქართველოს მამაკაცთა ნაკრები მე-4 წელია სტაბილურად ლიდერია!
  • საქართველომ ფინეთს მე-3 პერიოდში 19 ქულა გაუბათილა, მაგრამ მოგებამდე ვეღარ მივიდა

    ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის 4 გამარჯვებით დაწყების შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ბოლო 2 შეხვედრა წააგო და E ჯგუფში საბოლოოდ მე-2 ადგილი დაიკავა. აღნიშნული ადგილი ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოუტანდა, თუმცა ილიას ზუროსის გუნდს  ეს მისია თამაშების დაწყებამდე შესრულებული ჰქონდა, რადგან ჩვენი ქვეყანა მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ისევე როგორც გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს, კონტინენტის პირველობაზე თამაში საქართველოსაც გარანტირებული აქვს. 

    ბოლო 2 მატჩი საქართველომ თბილისში გამართა. ესე არ იყო თავიდან დაგეგმილი, თუმცა ფიბა-ს კოვიდ-პანდემიის გამო ფორმატის შეცვლა მოუხდა და იზოლირებულ გარემოში, ეგრედწოდებული “ბაბლის” სისტემით უკვე მეორე ფანჯარა ჩაატარა. პირველ იზოლირებულ ფანჯარაში, გეხსომებათ, ზუროსის გუნდმა ფინეთში ორივე მატჩი მოიგო (ფინეთი და შვეიცარია დაამარცხა), მეორე “ბაბლს” კი თბილისმა უმასპინძლა და საკუთარ კედლებში საქართველოს არ გაუმართლა. ჩვენმა გუნდმა ვერ შეკრიბა ოპტიმალური შემადგენლობა და პლუს ამას, პირველ მატჩში დაშავდა კონერ ფრენკამპი – ახალი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი, რომელმაც სერბეთთან მატჩი ვერ ჩაამთავრა და, ცხადია, ფინეთთნაც ვერ ითამაშა.

    ფრენკამპის ტრავმის შემდეგ ჩვენი გუნდის უკანა ხაზი მთლიანად სუპერლიგის მოთამაშეების იმედად დარჩა. ძირითადი გამთამაშებლის ამპლუა მწვრთნელებმა “ვერას” წევრ გივი ბაქრაძეს უბოძეს, რომელთან ერთადაც სასტარტოს უკანა ხაზში რუსთაველი მერაბ ბოქოლიშვილი დადგა. საქართველოს ნაკრებს თავიდან გაუჭირდა ფინელებთან პაექრობა, რადგან სკანდინავიელებს შორი სროლები წაუვიდათ, დაცვაში კი უფრო მობილურად თამაშობდნენ და სწრაფ კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. 

    პირველ პერიოდში ფინელებმა 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდეს და დამსახურებულად გალიდერდნენ – 30:17. მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრების დაცვა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ფინელებს პერიმეტრიდან ჩაგდება გაუჭირდათ.

    ბოლო წუთებზე ზუროსის გუნდს არაერთხელ ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, მოსაგებ ბრძოლაში ისევ ჩაბმულიყო, თუმცა ხან არ გაუმართლა, ხანაც ტექნიკური ხარვეზი დაუშვა და ფინელებმა გამარჯვება გაინაღდეს – 78:70 (სტატისტიკა). სკანდინავიელთაგან 14-14 ქულით საუკეთესო შედეგი ელიას ვალტონენმა და ერიკ მერფიმ აჩვენეს. 

    საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 18 ქულა და 5 მოხსნა დუდა სანაძემ მოაგროვა, ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე კი 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაგროვდა. 4-დან 3 სამიანი ჩააგდო და 9 ქულას გაიფორმა მიხეილ ბეიშვილმა, მერაბ ბოქოლიშვილი კი ჩვენს ნაკრებს 6 ქულით შეეწია.

    შედეგად, E ჯგუფში 4 მოგება და 2 მარცხი საქართველომ და სერბეთმა მოაგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე სერბეთი პირველ ადგილზე გავიდა. სანამ საქართველო 2022 წელს ევრობასკეტს უმასპინძლებდეს, ჩვენი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში მომავალ აგვისტოში ჩაებმება.

  • საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ისტორიული შანსი

    14-21 თებერვალს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის როტერდამში იბრძოლებს. ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს: A ჯგუფი - საქართველო, საბერძნეთი, მონტენეგრო, თურქეთი, კანადა, ბრაზილია. B ჯგუფი - ხორვატია, რუსეთი, რუმინეთი, ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი.

    ტოკიოში გასამართ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას ტურნირის 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. წარმატებები საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე თამაშის უფლება, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ისტორიული შედეგის დაფისქირების შემდეგ მიიღო. საქართველოს ნაკრები 10 საუკეთესო ევროპულ გუნდს შორის მოხვდა.

    ქართველმა წყალბურთელებმა გუშინ კანადის ნაკრები 14:11 დაამარცხეს და მომდევნო ტურში ბრაზილიის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში მე-3 ადგილს დაიკავებენ და პლეი-ოფში გავლენ.

    ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტუნრირის ყველა თამაშის ( 42 მატჩი) პირდაპირ ტრანსლაციას „სილქ უნივერსალი“ წარმოგიდგენთ. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი კი ასეთია:

    14 თებერვალი – 16:00 საქართველო-საბერძნეთი, 15 თებერვალი – 23:30 საქართველო-თურქეთი, 16 თებერვალი – 19:00 საქართველო-კანადა, 17 თებერვალი – 20:30 საქართველო-ბრაზილია და 18 თებერვალი – 16:00 მონტენეგრო-საქართველო.

პოპულარული

« ივნისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური