ჩილეში მიწისძვრა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა
ჩილეში მიწისძვრა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდას მიაღწია მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ რეგიონში 8,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრს ამჯერადაც იგივე ტერიტორია წარმოადგენდა -ჩილეს ცენტრალური სანაპირო ზოლი. მოსახლეობა დაზიანებული და დანგრეული ქუჩების დასუფთავებას და აღდგენას ცდილობს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კოკიმბოს პორტში. მიუხედავად მიწისქვეშა ბიძგების გამეორებისა, გავრცელებული ცნობით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„სტიქია არავის ემორჩილება, თუმცა ჩვენ გვინდა ვუთხრათ მოსახლეობას, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს ხალხის დასახმარებლად. ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ ქუჩაში დარჩენილ მოქალაქეებს და დავაბრუნებთ მათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში,“-განაცხადა პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა. ამჯერად კი ჩილეში ყველაზე რთულ პრობლემად დაავადებათა პრევენცია ითვლება. დაავადებების თავიდან აცილების მიზნით კლინიკებში შესაბამისი ვაქცინაციები მზადდება.