„უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის სემინარი“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 10:45

დღეს „თბილისი მერიოტში“ „უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის სემინარი“ გაიხსნა. კურსი 2010 წლიდან, ყოველწლიურად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და  ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმართება. 

სემინარი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა გახსნეს.

ანა დოლიძემ კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  სწავლების განმავლობაში მსმენელები დაეუფლებიან ცოდნას, რომელიც მათ დემოკრატიულ სისტემაში თავდაცვის სფეროს ეფექტურად მართვაში დაეხმარება.

„თავდაცვის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, სწორედ, საქართველო იყოს კავკასიის რეგიონში, ასევე, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის განათლების, ინოვაციის, დებატების, კრიტიკული დისკურსისა და ახალი იდეების წარმოშობის ეპიცენტრი“, - აღნიშნა  ანა დოლიძემ.

კურსის განმავლობაში მონაწილეები  ისეთ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: რეგიონული უსაფრთხოება, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, თანამედროვე შეიარაღებული ძალების როლი, გარდამავალი დემოკრატიების მართვა და გამჭვირვალობა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ასევე შეისწავლიან მედიასთან ურთიერთობის საკითხებს, უწყებათაშორის თანამშრომლობის პრინციპებს და სტრატეგიულ მართვას.

კურსის 27 მონაწილე უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის ბრიტანულ გამოცდილებას გაიზიარებს. მონაწილეებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო სექტორის თანამშრომლები უსაფრთხოების სფეროში, ასევე მათი კოლეგები უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან.

კურსს კრენფილდის უნივერსიტეტისა და სამხედრო აკადემიის ლექტორები, ლორა კლერი  და ვიცე-პოლკოვნიკი ჯემი ჰართლი  უძღვებიან. უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის სემინარი 2 ოქტომბერს დასრულდება.

წაკითხულია 644 ჯერ

Related items

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთმა ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკამ ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება. მათი მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ორხევის საავტომობილო ბაზაზე ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ. თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო მანქანების უმსხვილესი კომპანია BMC-ის მიერ წარმოებული 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცა. კომპანია BMC-სთან 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. აღნიშნული ტექნიკის საერთო ღირებულებამ 866,400.00 აშშ დოლარი შეადგინა. 

  • საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

    საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი დავიდ მორპურგო ხელმძღვანელობს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    იტალიის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
    ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
    ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებულ მიმდინარეობაზე. ხაზგასმით აღინიშნა SNGP-ის ინიციატივების - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განვითარებაში იტალიის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო პოლიციასა და კარაბინიერებისკორპუსს შორის, ასევე სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. 

    შეხვედრის დასასრულს იტალიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ხელი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა კვინიხიძემ და იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა დავიდ მორპურგომ მოაწერეს ხელი. 

  • მე-3 ქვეითი ბრიგადის ასეულმა კულმინაციური საჩვენებელი სწავლება ჩაატარა

    ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“ მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის C ქვეითმა ასეულმა საბრძოლო სროლებით ოცეულის დონის საველე სწავლება გამართა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
    ასეულმა ერთთვიანი მომზადების პროგრამა კულმინაციური საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ოცეულის მთავარი ამოცანა თავდაცვითი ოპერაციების წარმოება, მოწინააღმდეგის შეყოვნება და არასწორხაზოვანი თავდაცვითი პოზიციებიდან საბრძოლო სროლების შესრულება იყო.
    სწავლებაში ოცეულებს მხარს უჭერდა მე-3 ქვეითი ბრიგადის ინჟინერთა ჯგუფი, ხოლო 31-ე ბატალიონიდან - 82მმ-იანი ნაღმმტყორცნები  და ავტომატური ყუმბარმტყორცნის ჯგუფები.  31-ე ბატალიონის სამხედროებმა სწავლებაზე მაღალი დონე აჩვენეს და დადებითი შეფასება მიიღეს.

  • ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა მასშტაბური წვრთნები ჩაატარა

    პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების 4-დღიანი წვრთნები ჩაატარა, რომელიც დღისა და ღამის პირობებში გაიმართა. მე-11 ქვეითი ბატალიონის ბრავო „ასეულის“ წვრთნებს ამერიკელი ინსტრუქტორები დაესწრნენ. მათ ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს.

    წვრთნები მოწინააღმდეგის შეკავების, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებასა და თავდასხმაზე გადასვლის კომპონენტებს შეიცავდა. „ბრავო“ ასეულს მხარს საარტილერიო ბატალიონი 152 მმ დანა ბატარეა, 120 მმ ნაღმმტყორცნთა ჯგუფი, სატანკო ოცეული და სნაიპერთა ჯგუფი უჭერდა.

    სწავლების მიზანს თავდაცვითი ოპერაციების წარმოება, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება და ასეულის პირადი შემადგენლობის მომზადების შეფასება წარმოადგენდა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

  • ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი განცხადება

    აშშ-ის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალი კავოლი ესტუმრა.როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 15-17 მარტს გენერალ კავოლის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

    ვიზიტის ფარგლებში გენერალმა კავოლიმ და მინისტრმა ბურჭულაძემ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებზე, მათ შორის 2021 წლის ზაფხულში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაზე „მტკიცე სული“.
    გენერალმა კავოლიმ შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GRDP) წარმატებით განხორციელების საკითხზე ისაუბრეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას. ყურადღება გამახვილდა GRDP-ის შემდგომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტებზეც. გენერალმა კავოლიმ დადებითად შეაფასა ქართულ-ამერიკულ სამხედრო ურთიერთობებში ქართული მხარის მზარდი ლიდერის როლი და გაზრდილი შესაძლებლობები.
    ვიზიტის ფარგლებში გენერალი კავოლი ვაზიანშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ მხარეს წვრთნის შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარებიან. საქართველოს თავდაცვის ძალები ინარჩუნებს მაღალი დონის მომზადებას საერთაშორისო მისიებისთვის და GDRP-T ხელს უწყობს საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდას, ასევე აძლიერებს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებს. ამერიკელი და ქართველი სამხედროები მხარდამხარ ამაყად მსახურობენ ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთსა და მთელს მსოფლიოში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური