თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 19 სექტემბერი 2015 14:35

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ: "თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განაჩენი დაადგინა ბრალდებულების გიორგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ. დავით კეზერაშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში წაქეზება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. (სსკ-ის 25,182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ)

მასვე, ბრალად ედებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების დამალვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. (სსკ-ის 194 მუხ. III ნაწ. „გ“ ქ/პ). გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში (ე.წ. რიყის ეპიზოდი - სსკ-ის 182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ).

გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში (ე.წ. „თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდი - სსკ-ის 182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ).

ღია სასამართლო სხდომებზე სასამართლომ განიხილა მოწმეთა ჩვენებები, გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ე.წ. ,,რიყის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდის” განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირთა დამნაშავედ ცნობისათვის, შესაბამისად, აღნიშნულ ბრალდებებში გიორგი უგულავა და დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. რაც შეეხება, ე.წ. ,,თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდს” სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გიორგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაკითხულია 745 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

    აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია.
    პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
    პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.
    სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

     
    დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

    საქართველოს თავდაცვის ძალები მოიხმარს I კატეგორიის გაყინულ საქონლის ხორცს, როგორც განსაზღვრულია კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად.
    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. შესაბამისად 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა.

    კონსოლიდირებული ტენდერი აღნიშნული პირობებით მოქმედებს 2019 წლის ბოლომდე. მომავალში თავდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქონლის ხორცით მომარაგების სტანდარტებს. 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის უმაღლესი კატეგორიის ხორცით კვება. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაძლიერებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.

    რაც შეეხება, ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

    ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

    საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა.

  • კახაბერ ოქრიაშვილის სპეციალური განცხადება

    საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად.

    მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ ჩემს მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე.

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური