ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სი ცზინპინთან შეხვედრა ნაყოფიერი იქნება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 17:23

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დღეს განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენთან სი ცზინპინთან დაგეგმილი შეხვედრა „ნაყოფიერი“ იქნება და იგი უდაოდ მოიტანს „დიდ შედეგებს“.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

მათი ინფორმაციით, ბ. ობამამ აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან გასამართ მომავალ შეხვედრაზე მიღებული იქნება „კონკრეტული მიღწევები“, ენერგეტიკის სფეროში, კლიმატულ წვლილებებთან  დაკავშირებით და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების კუთხით.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის მშვიდობიანი და მიზანმიმართული წინსვლა, ამერიკის ინტერესებშიც შედის და ასევე სასარგებლოა მთელი მსოფლიოსთვის. ბ. ობამამ ყურადღება ასევე გაამახვილა ამერიკა-ჩინეთის სამხედრო დიალოგის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტის მიწვევით, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური 22-25 სექტემბრის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით ამერიკას ესტუმრება.

წაკითხულია 1059 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტი - აუცილებელია, გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი

    საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო, სადაც განაცხადა, რომ აუცილებელია, გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მან უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება.

    შეხვედრისას, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას.

    როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, გაიზარდოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მისიამ  უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება, რაც ადმინისტრაციულ ხაზზე მეტ სიმშვიდეს მოიტანს და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო ნორმალურ პირობებში იცხოვრონ.
    "ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რა სიხშირით იტაცებენ ადამიანებს, ვიცით რა მძიმეა ადმინისტრაციულ ხაზს იქით არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
    საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს კიდევ დაუდასტურა მისიის მიმართ პირადად მისი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერა, რათა ყველა პირობა შეიქმნას მისიის მანდატის განსახორციელებლად.
    შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო გეგმებს, ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა ფორმატებს, რომელიც უნდა იყოს გააქტიურებული.
    "ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა შევეგუოთ ამ სიტუაციას და ვეძებოთ ყველა საშუალება, რითაც შესაძლებელი იქნება, ამ დაძაბულობის მოხსნა და რათა დავუბრუნდეთ ნორმალურ სიტუაციას და ბოლომდე შესრულდეს 2008 წლის შეთანხმება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
    სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს მისიის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.
    "ჩემთვის, როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალი ხელმძღვანელისათვის, დიდი პატივი იყო საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა. 
    მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება პრეზიდენტისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციული საქმიანობისა და ჩემი, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პრიორიტეტების შესახებ.
    ჩემი აზრით, ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ევროკავშირის მხრიდან ამ რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის გაწეული ძალისხმევის ერთგვარი გამოხატულებაა.
    ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.
    ჩვენ ვპატრულირებთ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან.
    ჩემი აზრით, ჩვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინციდენტებისა და დაკავებების შესაფასებლად, სანამ ისინი უკონტროლო ზღვრამდე გამწვავდება.
    მსურს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს მისიის დაფასების, ჩვენი ოპერაციული საქმიანობის მიმართ ინტერესის გამოხატვისა და იმ სურვილისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა თანხვედრაში იყოს თავდაპირველ მანდატთან, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს.
    მე მსურს, დავარწმუნო ქალბატონი პრეზიდენტი, რომ პანდემიის პერიოდშიც კი, ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა ჩვენი მანდატი და მოწოდებულნი ვართ მომავალშიც განვაგრძოთ საქმიანობა.
    ვხედავთ, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მძიმე მდგომარეობაა, რაც უკავშირდება ბორდერიზაციის პროცესს და ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან კონტროლირებადი გამშვები პუნქტების დაკეტვას.
    სამწუხაროდ, გარკვეული ინციდენტები სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარეობს.
    პანდემიის პერიოდშიც, ამ მდგომარეობამ თავისი გარკვეულწილად ნეგატიური გავლენა იქონია მოსახლეობაზე. ამიტომ, მივმართავთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის გადაჭრაში, გავერთიანდეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რათა მწვავე საკითხებზე ვიმსჯელოთ.
    შესაბამისად, ეს ამ პრობლემების საპასუხოდ სწორი და შესაფერისი ფორმატია, სადაც თავიდან უნდა ავირიდოთ არასაჭირო პოლიტიკური რიტორიკა.
    ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გადაჭრისაკენ მიმართული პრაგმატული დიალოგის გაგრძელება",  - აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

    პრეზიდენტის პრეს-სამსახური

  • ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა

    დღეს ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლი იანი პირადად დაესწრო. 

    „ჩინეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან. ისეთი გამოწვევის დროს, როგორიც არის ეპიდემია ქვეყნებს შორის  ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩინეთში მძიმე ეპიდსიტუაცია გვქონდა, საქართველოსგან, პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისგან, სამინისტროებიდან ჩვენ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ახლა მზად ვართ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს, თუ ამის საჭიროება იქნება. იმედი მაქვს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება“, - განაცხადა დიპლომატმა.

    შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან ჩინეთის მთავრობის მხრიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. 

    შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილიც ესწრებოდა.

    საერთო ჯამში საქართველოს ჩინეთისგან 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი აქვს მიღებული. ამას გარდა 1000-ზე მეტი PCR ტესტი და 21 000 ცალი სწრაფი ტესტი.

  • აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი” (USS Potrer) ბათუმშია

    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი” (Porter) (DDG 78) 23 ივნისს ბათუმის პორტში შემოვიდა. ეს არის გეგმიური ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების შავ ზღვაში მოქმედებისა და ჩვენი რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის ფარგლებში.

    ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს საზღვაო ხომალდის მესამე ვიზიტია საქართველოში. COVID-19 პანდემიის გამო პორტში ყოფნის დროს საზღვაო ხომალდის პერსონალი არ დატოვებს ხომალდს.

    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „ პორტერი” არის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების არლი ბუკეს ტიპის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი, რომელსაც შეუძლია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საომარი მოქმედებების და ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარება.

    ამერიკის საზღავაო ძალები ხშირად ახორციელებს საზღვაო ხომალდების ოპერაციებს შავ ზღვაში, რაც შესაბამისობაშია მონტროს კონვენციასა და საერთაშორისო სამართალთან.
    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი”, რომლის მეთაურია კაპიტანი კრეგ ტრენტი, ესპანეთში საზღვაო ძალების სადგურის, „როტას” ნაწილია. ის ახორციელებს საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში და იცავს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებს ევროპაში.

    ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტი, რომლის შტაბ-ბინა იტალიაში, ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და სრული სპექტრის საზღვაო ოპერაციებს, ხშირად, მოკავშირეებთან და უწყებათა შორის პარტნიორობით იმისათვის, რომ დაიცვას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები და ხელი შეუწყოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპასა და აფრიკაში.

    თბილისში ამერიკის საელჩოს პრეს-რელიზი

    https://ge.usembassy.gov/ka/uss-porter-visits-batumi-june-23/

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაღალ დონეზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაღალ დონეზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.
    ჩინეთის საერთაშორისო რადიოს ცნობით, ჰავაის კუნძულზე ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა შეხვედრა ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს ცენტრალური კომიტეტის წევრ, საგარეო საქმეთა ცენტრალური კომიტეტის კანცლარიის ხელმძღვანელ იან ცზეჩისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შორის.
    მხარეებმა ღრმა მოსაზრება გაცვალეს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე, ასევე იმსჯელეს საერთაშორისო და რეგიონალური საკითხებზე. ორივე მხარემ სრულად განმარტა საკუთარი პოზიციები და დიალოგს კონსტრუქციული უწოდა.
    მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ ორი ქვეყნის ხელმძღვანელთა მიერ მიღწეული შეთანხმებების ცხოვრებაში გასატარებლად, ასევე გააგრძელებენ ურთიერთკონტაქტებს მაღალ დონეზე და შეინარჩუნებენ ურთიერთთანამშრომლობის არსებულ დონეს.

  • აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა

    აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

    ანგარიშის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი და კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი. დოკუმენტში საუბარია საქართველოს შესახებაც.

    კერძოდ, ანგარიშში საქართველო ნახსენებია რუსული პროპაგანდის შეკავებისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის კონტექსტში.

    „კონგრესმა სანქციები უნდა დააწესოს რუსული პროპაგანდის მესვეურებზე და მათ წინააღმდეგ, ვინ ძირს უთხრის აშშ-ის პარტნიორებს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ასევე, დაავალოს სახელმწიფო დეპარტამენტს,  აწარმოოს ანგარიში კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების შესახებ, ვინც რუსულ სამხედრო აგრესიას აფინანსებს.

    რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გავრცელდეს დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებზე. ისეთივე ახალი სანქციები უნდა დაწესდეს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე, როგორიც სამუშაო ჯგუფმა ჩინეთთან დაკავშირებით წარმოადგინა რუსელი ტროლებისა და რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელთა მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

    დამატებით, არსებული სანქციები არასაკმარისად არის მიმართული პუტინის უცხოელი მეგობრების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში.

    ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქია და მარიონეტი უკრაინაში, რომელიც მის მედია იმპერიას იყენებდა, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთის ძალისხმევას გაევრცელებინა ზიანის მომტანი დეზინფორმაცია ქვეყანაში.

    ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეადგინოს სია კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების, რომლებიც ეხმარებიან რუსულ სამხედრო აგრესიას მარიონეტებისა და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნება კონგრესისთვის, რათა განსაზღვროს მომავალი სანქციების საჭიროება და შეაკავებს ინდივიდებსა და იურიდიულ პირებს კრემლთან თანამშრომლობისგან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    აქვე ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მზაობა და თავდაცვითი შესაძლებლობები საქართველოს მხარდამჭერი აქტის ამოქმედებით.

    „საქართველო აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირეა, რომელმაც გაგზავნა მისი შეიარაღებული ძალები როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში. რეალურად, როგორც „ჰერითაჯ ფაუნდეიშენის“ წარმომადგენელი ალექსის მრაჩეკი აღნიშნავს, 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხვი აშშ-ის შემდეგ მეორე იყო ერაყში და საქართველომ განიცადა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი დანაკარგი ავღანეთში, ვიდრე სხვა ქვეყანამ. საქართველო ნატო-ს არაწევრი უდიდესი კონტრიბუტორია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. 2017 წელს აშშ-მ დაიწყო სამწლიანი ორმხრივი საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა.

    სამუშაო ჯგუფს სჯერა, რომ კონგრესი განაგრძობს მუშაობას საქართველოს მზაობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის დამტკიცებით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად, სამხედრო დახმარების შეთავაზებითა და ნატო-სთან საქართველოს თავსებადობის გაუმჯობესებით. საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, მაგრამ არა სენატმა, ავალდებულებს ანგარიშის მომზადებას იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის, იმუშაოს საქართველოსთან რუსული დეზინფორმაციის დასამარცხებლად და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ასევე მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა დააწესოს სანქციები უცხო პერსონების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილე არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტში საუბარია რუსეთის შეკავებისთვის ნატო-სა და აშშ-ის მოკავშირეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

    „პრეზიდენტი ტრამპი მუშაობდა ნატო-ს გასაძლიერებლად ჩვენი მოკავშირეების მოწოდებით, რომ შეასრულონ მათი ვალდებულებები მშპ-ის ორი პროცენტის თავდაცვითი ხარჯების გაწევით. რუსული აგრესიის დამარცხებისას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობა მნიშვნელოვანია. ნატო-ს ალიანსი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, აშშ-სა და ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია მისი შექმნიდან მოყოლებული. სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა რიგი ზომები ნატო-ს მხარდასაჭერად, ჩვენი მოკავშირეების გასაძლიერებლად და ისეთი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლი არიან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტს ხელს აწერს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი: რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი, ასევე, კონგრესმენები რობ უიტმანი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ ვო.

    წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-s-respublikelta-kvlevitma-komitetma-erovnuli-usafrtkhoebis-strategia%e2%80%8b-gamoaqveyna-romelshic-saqartvelozec-aris-saubari/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური