ბიზნესომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 14:36

ბიზნესომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხს ეხება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბიზნესომბუდსმენის აპარატს, უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესის გაუქმებასთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია და საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენილი სახით მიღება გაუმართლებლად მიაჩნია. 
"ამასთან, აღნიშნული საკითხის თაობაზე, ბიზნესომბუდსმენის აპარატს სურს, დამატებით რამდენიმე საკითხი განმარტოს.
ცხადია, ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ სასამართლო წესით უფლების დაცვა უფრო მაღალი სტანდარტია, ადმინისტრაციულ წესთან შედარებით, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას დავუქვემდებაროთ.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის (საკუთრების უფლება) შინაარსიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულება შექმნას ისეთი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების სწრაფ და ეფექტურ დაცვას. შესაბამისად, კონსტიტუციით, საკუთრების უფლების დაცვის ექსკლუზიური უფლების მქონედ მხოლოდ სასამართლო არ მიიჩნევა.
ამასთან, გასათვალისწინებელია სასამართლო სისტემაში დღეს არსებული ვითარება - საქმეთა სიმრავლის გამო, საქმის განხილვის დროში გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრების უფლების დაცვის ამ მექანიზმის ეფექტურობას.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე (სასამართლოში საქმეთა განხილვის გახანგრძლივების რისკის აღმოფხვრამდე) არანაკლებ 3-5 წლის განმავლობაში, უნდა შენარჩუნდეს საკუთრების უფლების დაცვის არსებული სტანდარტი, როგორც საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალება, რაც გულისხმობს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ადმინისტრაციული წესით (საპოლიციო და სააღსრულებო წესით) აღკვეთის შესაძლებლობას. 
ამასთანავე, მიმდინარე ეტაპზე, ალტერნატივის სახით უნდა შეიქმნას ამ კატეგორიის დავებზე სასამართლო წესით უფლების დაცვის უფრო ეფექტური საპროცესო მექანიზმი, რაც საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, საქმის განხილვის ვადის 1 თვემდე შემცირებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის დადგენისა და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას გულისხმობს.
ამდენად, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული წინადადებების (რაზეც გუშინდელი შეხვედრის მონაწილეებმაც ისაუბრეს) გაზიარება, მოცემულ სიტუაციაში, საუკეთესო გამოსავალია", -ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხულია 549 ჯერ

Related items

  • განცხადება სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით

    სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

    ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეის-კონფერენცია გამართა.
    შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.
    მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.
    ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას.
    შეხვედრის მონაწილეები აღნიშნულ ოჯახთან მუშაობის სტრატეგიასა და ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის საკითხებზე შეთანხმდნენ.
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

    16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება.  ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

    მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში)  შესაძლოა მხოლოდ ორი კვირით  გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით  შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

    აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით

    2019 წლის 7 აგვისტოს 11 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.
    11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულვებელყოფით განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის  მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების  სისტემას.
    რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
    ამასთან, დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით, პარალელურად, კი ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან. ამ მიზნით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების პრაქტიკას, რითაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
    შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და ღირსების შელახვა, ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულების გზით.
    კიდევ უფრო საგანგაშოა ეთნიკურ ნიადაგზე წამებისა და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულ საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებამ შესაძლებელი გახადა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე.
    განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავაც მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას.
    ამ ფონზე, კიდევ უფრო აშკარაა ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობა, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომის საჭიროება. 
    არსებული გამოწვევების პასუხად, საქართველოს მთავრობა განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, მოლაპარაკებებისა და დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის გზით. საქართველომ სრულად შეასრულა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ერთგულება, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში. იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების დაზიანებას, საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ძალისხმევას არ იშურებს რუსეთის უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. პარალელურად, საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, რისი დასტურიცაა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.
    დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, 2012 წლიდან გადაიდგა ნაბიჯები რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღსადგენად, ქართულმა მხარემ მიიღო რიგი კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რუსეთის შესაბამისი ნაბიჯები კონფლიქტის დარეგულირების კუთხით.
    ქართული მხარე დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა წარმართოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად. 
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები  საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დასარეგულირებლად,  კონფლიქტის დიალოგის გზით მოწესრიგებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით.  
    საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.
     

  • "რუსთავი 2"-ის საქმე - თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განცხადებას აკეთებს

    „სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა,"-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

    მისი თქმით "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ნაწილიარ ექვემდებარება გასაჩივრებას - შეჩერების ღონისძიების გაუქმება. 

    „სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინამ რომ აღარ არსებობს  2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილება და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად "რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუშვებლად სცნო როგორც დაუსაბუთებელი ძმები, ყარამანაშვილების და "TV საქართველოს" საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისადა "TV საქართველოს" სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

    www.rustavi2.ge

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია. პარალელურად, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
     
    როგორც ერთი, ასევე, მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური