თბილისში ავიაციის კვირეული გაიხსნება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2015 10:29

ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის დაბადების დღეზე თბილისში ავიაციის კვირეული წელსაც გაიხსნება. ღონისძიება 9 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწორედ, ავიაციის კვირეულის საორგანიზაციო საკითხები და უცხოეთში მოღვაწე ქართველი სამხედროების პოპულარიზაცია იყო მთავარი თემები დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. თინათინ ხიდაშელმა "ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების" პრეზიდენტსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

„საორგანიზაციო შეხვედრა გვქონდა ფონდის წარმომადგენლებთან. ბევრ ახალ ინიციატივაზე შევთანხმდით. მომავალი წელი საიუბილეოა, 120 წელი უსრულდება დიდი ქართველ გამომგონებელს და შესაბამისად გვინდა, რომ განსაკუთრებულად აღვნიშნოთ. წლევანდელ კვირეულს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ 2016 წლის ღონისძიებისთვის მეტი პარტნიორი მოვიზიდოთ და მეტი ინიციატივები გავახმოვანოთ. შევთანხმდით, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურ პოპულარიაზაციას გაუწევს ალექსანდრე ქართველის სახელს შემოდგომაზე დაგეგმილი საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. გვსურს, რომ ავიაშოუ დავამთხვიოთ ამ კონფერენციის გახსნას, იქ წარმოდგენილ უცხოელ პარტნიორებს გავაცნოთ ალექსანდრე ქართველი და ვიამაყოთ მისი სახელით“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მუზეუმის მოწყობის საკითხზე მუშაობს და ეს მუზეუმი უცხოეთში მოღვაწე ქართველების პოპულარიზაციის კიდევ ერთი საშუალება იქნება. 

"ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების" პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა თინათინ ხიდაშელს ორგანიზაციის მიზნები დეტალურად გააცნო და თავდაცვის სამინისტროსთან შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„დიდი მხარდაჭერა გვაქვს მინისტრისგან და მადლიერები ვართ ამის გამო. ალბათ ერთობლივად შევქმნით საკოორდინაციო კომისიას, რომელიც შესაბამის საკითხებს განიხილავს, განვახორციელებთ დასახულ მიზნებს და მოვემზადებით ალექსანდრე ქართველის 120 წლის იუბილესთვის, რომელიც 2016 წელს გაიმართება. ალექსანდრე ქართველის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ამერიკული მხარეც“,- განაცხადა ლელა ქართველიშვილმა.

აშშ-ში მოღვაწე ქართველ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველს (ქართველიშვილი) აშშ-ის სამხედრო და აკადემიურ წრეებში ავიაციის ლეგენდად მიიჩნევენ. მის სახელს უკავშირდება 14 ამერიკული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა. ალექსანდრე ქართველი აშშ-ის ატომური კომიტეტის წევრი იყო, მუშაობდა NASA-ს გასაიდუმლოებულ და მთვარის პროექტებზე. მის მიერ შექმნილი პროექტები დღემდე ხორციელდება.

 
 
წაკითხულია 376 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური