კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 01 აგვისტო 2015 12:54

დღეს, შევიდა ძალაში კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ახალი კანონი ითვალისწინებს ეკონომიკურ სტიმულირებას ბიზნესისათვის, სოციალურ შეღავათებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის და მიზნობრივ ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის.

კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა, შეიმუშავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. 

„კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ითვალისწინებს ობიექტური კრიტერიუმების შემოღებას, რომელთა საფუძველზე მთაში მდებარე დასახლებებს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, ხოლო მათი მოსახლეობა და იქ მოქმედი საწარმოები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით. მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის საჭირო თანხა ყოველწლიურად ჩაიდება სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - თენგიზ შერგელაშვილმა.

ახალი კანონით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები მაღალ მთაში მოქმედი გარკვეული საწარმოებისათვის, ფინანსური და სოციალური დახმარება მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, სახელფასო დანამატები პედაგოგებისა და მედიცინის მუშაკებისათვის, სოციალური დახმარება პენსიონერებისათვის, შეღავათები ელექტროენერგიით სარგებლობისას და გათბობით უზრუნველყოფის საკითხში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. 

საჭირო თანხები აკუმულირდება სახელმწიფო ბიუჯეტის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იქმნება მთის ეროვნული საბჭო, რომელიც, კანონში აღწერილი კრიტერიუმების საფუძველზე, მოამზადებს დასახლებათა სიას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნული სიას, საბოლოოდ, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. 

„ახალი კანონი ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებასა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ის ხელს შეუწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში“,- თქვა შომბი შარპმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისმა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) საექსპერტო დახმარება გაუწიეს საქართველოს მთავრობას მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის შემუშავებაში. გარდა ამისა, ამ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში შედგა გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაცვლა სამი მაღალმთიანი სახელმწიფოს -  საქართველოს, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებსა და პარლამენტებს შორის, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ზოგადად, საქართველოს რეგიონული მმართველობის განვითარებას.

წაკითხულია 1616 ჯერ

Related items

  • საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

    საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (საბოლოო ვარიანტი).

    2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს, ასევე ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე დამტკიცებული 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

    არჩილ თალაკვაძემ პარლამენტს და მთავრობას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ის ძირითადი მიმართულებები დაასახელა, სადაც დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება: 

    2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია როგორც სოციალური სფეროს, ისევე, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსების ზრდა: 2020 წლის 1 იანვრიდან იზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური გასაცემლები; მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურება 2020 წლის 1 ივლისიდან იზრდება 100 ლარით; დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია ჯამურად 122 მილიონ ლარზე მეტი, რაც შემდეგი წლის განმავლობაში მთლიანად მოხმარდება დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას; მოგეხსენებათ, 2019 წლიდან გაიზარდა საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატი ხელფასზე და ეს იქნება ასახული 2020 წლის ბიუჯეტშიც, გარდა ამისა, 2020 წელს მასწავლებელთა ხელფასები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე დამატებით 150 ლარით გაიზრდება; 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2020 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 280 მილიონ ლარზე მეტი; ახალი ბიუჯეტით, ხელფასები ეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რაზეც მიიმართება 50 მილიონ ლარამდე, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები გაეზრდებათ 2020 წლის 1 ივლისიდან საშუალოდ, 125 ლარით; 2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, გამოყოფილი იქნება 3.7 მლრდ ლარი, რაც არის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ეს ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას და ახალ სამუშაო ადგილებს; ასევე, გათვალისწინებულია 2020 წლის ბიუჯეტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე 240 მილიონ ლარზე მეტი; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის (”რეგფონდი”), 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 350 მილიონი ლარი; რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდს, და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათთვის 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ლარი; ასევე, თბილისის ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 90 მილიონი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტში არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.

    პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ჩართულობისთვის, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. მსგავსი ჩართულობის შედეგია, მოქალაქეზე მაქსიმალურად ორიენტირებული ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელშიც რესურსები მაქსიმალურად არის გადანაწილებული და სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით. კერძოდ, 2020 წელს: შევინარჩუნეთ ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები; სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოვყავით 300,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი გახდა პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა. 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა; მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის, დამატებით გამოიყო 120,0 მლნ ლარი. შეგახსენებთ, რომ წელს, პირველი ოქტომბრიდან მასწავლებელთა დანამატები უკვე გაიზარდა 150 ლარით და მომდევნო წელს, ახალი სასწავლო წლიდან კიდევ 150 ლარით გაიზრდება. ეტაპობრივად გაზრდილი ხელფასები გათვალისწინებულია: პოლიციელების, სახანძრო-სამაშველო სამსახურების, ჯარისკაცების, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

    მისივე განმარტებით, ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წელს, 1 მილიონზე მეტ მოქალაქეს გაეზრდება პირადი სარგებელი ბიუჯეტიდან, რაც გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშიც.

    ბიუჯეტის საბოლოო პროექტი ეფუძნება 2019-2020 წლების განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზებს, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა დამატებითი რესურსის მოძიება. დამატებითი რესურსები მაქსიმალურად გადანაწილდა იმ საჭიროებების დაფინანსებაზე, რაც გამოთქმული იყო თქვენ მიერ ბიუჯეტის განხილვისას, საჯარო თუ სამუშაო შეხვედრებზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

  • "მოხდება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევა"

    ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა შეასრულა პირობა, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნებოდა მიღებული. 

    „მინდა მადლობა გადავუხადო უწმინდესს, წმინდა სინოდის წევრებს, მეუფეებს შეხვედრისთვის, თბილი მიღებისთვის, დალოცვისთვის. ჩვენ გვქონდა საუბარი მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, საინტერესო ეკლესიისთვის. მთავარი საკითხი იყო, რა თქმა უნდა, კანონპრპოექტი, რომელიც ეხება კანაფის კულტივაციას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში. გვქონდა მსჯელობა, ასევე, უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ აქ მივიღეთ გადაწყვეტილება, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა. როგორც მოგეხსენებათ, იყო განსხვავებული პოზიციები გუნდის შიგნით. ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მიღებული იქნებოდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე. იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებული ეკლესიასთან შეთანხმებით საზოგადოების ფართო კონსენსუსით. ეს პირობა ჩვენ შევასრულეთ. საუბარი იყო აქ ვადებზე, თუმცა გუშინ, განსაკუთრებით ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ახლავე ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ასევე, გათვალისწინებულ იქნა სხვა კონფესიების წარმომადგენელთა და ზოგადად, საზოგადოების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაფორმდება.

    „ჩვენ გავითვალისწინეთ ეკლესიის პოზიცია. ასევე, გავითვალისწინეთ, აღვნიშნავ, სხვა კონფესიების წარმომადგენლების პოზიცია და რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ, ზოგადად, საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან, კანონპროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გაფორმდება მთავრობის შესაბამის, უახლოეს სხდომაზე. დღეს ეს ტექნიკურად ვერ მოესწრება, თუმცა მომდევნო კვირაში ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    კითხვაზე - უკავშირდება თუ არა კანონპროექტის გაწვევა საპრეზიდენტო არჩევნებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღების პირობა მმართველმა გუნდმა თავიდანვე დადო.

    მისივე თქმით, „არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.”

    „ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე. არჩევნებსაც უკავშირდება, შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ, როდესაც საუბრობდა ქალბატონი სალომე მის პოზიციასთან დაკავშირებით, მან, მათ შორის, თავისი პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებით, რომელსაც ის ატარებდა რეგიონებში თუ ქალაქებში საარჩევნო პროცესში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ამას დავაკონკრეტებ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობას, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება არის ჩვენი პასუხისმგებლობით აღსავსე და ამან განაპირობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარებენ სემინარს რეგიონში ბიზნეს ეთიკის საკითხებზე

    მცირე და საშუალო ბიზნესის ექსპერტებისთვის გამართულ ორდღიან სემინარზე განისაზღვრება ძირითადი სტიმულები ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად

    თბილისი – 13 მარტი, 2018 წელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 13-14 მარტს  თბილისში ჩაატარებენ სემინარს „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და  კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვა“.   

    სემინარის მიზანია მთავრობის, ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების ცნობიერების ამაღლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის  მნიშვნელობაზე  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ 7 ქვეყნის - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და თურქეთი - საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და განიხილავენ იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება შეიძლება მათ ქვეყანაში კორპორატიული ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის გაუმჯობესების კუთხით.

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოსა და ესტონეთის მთავრობის, ევროპის ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა ინსტიტუტების საერთაშორისო მომხსენებლები მიმოიხილავენ რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე მდგარ გამოწვევებს  და ისაუბრებენ ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რისკების შეფასების, ეფექტური შესაბამისობის პროგრამების შემუშავებისა და ბიზნეს ეთიკის რისკების დაძლევის შესახებ.

    "კერძო სექტორი წარმოადგენს კარგად მომუშავე ეკონომიკის ხერხემალს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სემინარი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს ეთიკის  და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გაძლიერებას რეგიონში.  ყველა დაინტერესებული პირის  მხარდაჭერა, როგორიცაა მთავრობა, ბიზნეს ასოციაციები და კომპანიები, ძალიან მნიშვნელოვანია ქმედითი და მდგრადი შედეგების მისაღწევად ბიზნესის ხელშეწყობისა  და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით", განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში.

    ***

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  შესახებ

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაარსდა 1991 წელს ევროპის ისტორიის განსაკუთრებული მოვლენის, მის აღმოსავლეთ ნაწილში კომუნიზმის დაშლასთან დაკავშირებული გამოწვევის საპასუხოდ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ყველაზე დიდი ინვესტორია თავის რეგიონში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში, აქვს  30-მილიარდიანი  კაპიტალი და AAA რეიტინგი სამი  ძირითადი სარეიტინგო სააგენტოდან (S&P, Moody’s and Fitch),  ბანკის ინვესტიციები ასევე იზიდავს  მსხვილ უცხოურ ინვესტიციებს იმ ქვეყნებში, სადაც ის ახორციელებს საქმიანობას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძირითადად კერძო საწარმოებში ახორციელებს ინვესტირებას, როგორც წესი, კომერციულ პარტნიორებთან ერთად. იგი აფინანსებს პროექტებს ფინანსურ და ეკონომიკის სექტორში, ახორციელებს ინვესტიციებს როგორც  ახალ, ასევე არსებულ კომპანიებში. იგი ასევე მუშაობს ღია ტიპის სააქციო საზოგადოებებთან  პრივატიზაციის მხარდაჭერის,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების რესტრუქტურიზაციისა და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქციონერია 68 ქვეყანა ხუთ კონტინენტზე, მათ შორის ჩინეთი და ორი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია (ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკი). ის აწარმოებს მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგს მთავრობებთან, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა ხელი შეუწყოს თავისი მიზნების განხორციელებას. ბანკი ასევე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები.

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქმიანობს  37 ქვეყანაში- ცენტრალური აზიიდან სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთამდე და აქვს 40 ადგილობრივი ოფისი.

    ძლიერი კორპორატიული მართვის პრაქტიკა უშუალოდ უკავშირდება "ჯანსაღ საბანკო პრინციპებს", რომელსაც  ბანკი იცავს მის საინვესტიციო ოპერაციებში. http://www.ebrd.com/home

    ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და მისი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის  ანტიკორუფციული ქსელის შესახებ 

    ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია არის ფორუმი, რომელშიც მთავრობები ადარებენ და უზიარებენ ერთმანეთს პოლიტიკურ გამოცდილებას, ავლენენ საუკეთესო პრაქტიკას გამოწვევების ფონზე და ხელს უწყობენ ისეთი გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მიღებას, რომელიც  კეთილდღეობის საწინდარია.   ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობა, რომელიც გააუმჯობესებს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას მთელ მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.oecd.org.

    1998 წელს დაფუძნებული აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი დახმარებას უწევს მის წევრ ქვეყნებს კორუფციის აღკვეთაში და მასთან ბრძოლაში. იგი უზრუნველყოფს რეგიონალურ ფორუმს ანტიკორუფციული საქმიანობის ხელშეწყობის, ინფორმაციის გაცვლის, საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებისა და დონორთა კოორდინაციის მიზნით რეგიონალური შეხვედრებისა და სემინარების, სწავლების პროგრამებისა და თემატური პროექტების მეშვეობით. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი ასევე წარმოადგენს სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის კერას. მიიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ვებგვერდზე www.oecd.org/corruption/acn/.

    გაეროს განვითარების პროგრამის შესახებ

    გაეროსგანვითარების პროგრამა საქმიანობას ეწევა დაახლოებით 170 ქვეყანაში და ტერიტორიაზე, რაც ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევასა და უთანასწორობის შემცირებას. ჩვენ ვეხმარებით ქვეყნებს პოლიტიკის, ლიდერობის უნარების, პარტნიორობის შესაძლებლობების და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებაში შედეგების შენარჩუნების მიზნით.  მდგრადი განვითარების 2030 წლის პროგრამა შეიცავს საყოველთაოდ შეთანხმებულ მიზანს მშვიდობიანი, სამართლიანი და ყოვლისმომცველი საზოგადოებისთვის: მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 16. მდგრადი განვითარების მიზანი 16 და მისი მიზნები კორუფციის შემცირების, ინსტიტუტების განმტკიცებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ არ არის  მხოლოდ იმთავითვე ღირებული მისწრაფებები. ისინი ყველა 17 SDG-ს მისაღწევად სასიცოცხლო მნიშვნელობის წინაპირობებია. გაეროს განვითარების პროგრამის მიზანია ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და სისტემების გაძლიერება, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დანერგვის ხელშეწყობა, ძირითად დარგებში კორუფციის რისკების შემცირება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მოქმედებების გაფართოება. 

  • მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში წარადგინა

    საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დაიწყო „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და 2018 – 2021 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვა, რომელსაც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცნობს. გამოსვლისას, მამუკა ბახტაძე ასევე, ისაუბრებს ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და ფისკალური პოლიტიკის შედეგებზე. 

    პრეზენტაცია იხილეთ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია

  • გაერო-ს დღისადმი მიძღვნილი მიღება

    საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა; მეტიც, დღეს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას თავმჯდომარეობს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

    პრემიერმა გაერო-ს დღე მიულოცა ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ნილს სკოტს და საქართველოსა და გაერო-ს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

    „ჩვენი წარმატება მნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოში გაერო-ს ნაყოფიერ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბევრი მიმართულებით გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაეროს 13 უწყებასთან ისეთ მთავარ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება და გარემოს დაცვა. ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება და ზუსტად ვიცით გაეროს სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. მინდა, დღეს ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს საქმიანობას ქვეყანაში, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით. ჩვენი მთავრობისთვის უდიდესი პატივია, რომ ვართ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე და შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, ეს გავლენიანი გლობალური მოძრაობა იღვწის ღიაობისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განსაკუთრებით მე-16 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს „მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობას ყველა დონეზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დღევანდელ პირველ პლენარულ სხდომას, რომელიც, მისი შეფასებით, 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა.

    „ამ პროცესში გაწევრიანებულია ყველა ქვეყანა და მთავრობა იმ გზაზე, რასაც ჰქვია მსოფლიოს ტრანსფორმაციისა და ეროვნულ პრიორიტეტებთან მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განზომილებების ინტეგრაცია. საქართველოში ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ უცხადებს საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გაეროსა და მის საქმიანობას. კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ ნილს სკოტს და მის კოლეგებს დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა რწმენა, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    საქართველოსა და გაერო-ს თანამშრომლობასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.

    „1992 წელს, საქართველო გაეროს წევრი შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე გახდა. მას შემდეგ მან გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. მეტიც, ის გაეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ძვირფასი წევრი გახდა. საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გაეროს საქმიანობაში - უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. საერთაშორისო ჩართულობის ეს ტენდენცია ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და ხალხის დიდ სურვილს, მხარი დაუჭიროს გაეროს საქმიანობას უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვის, თანაბარი შესაძლებლობისა და გენდერული თანასწორობის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და ყველასათვის სათანადო ცხოვრების პირობების მისაღწევად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ერსა და საქართველოს მთავრობას ამ ღირებული თანამშრომლობისათვის, ასევე იმისათვის, რომ ის საშუალებას აძლევს გაეროს, წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებაში", - აღნიშნა ნილს სკოტმა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური