ირაკლი ღარიბაშვილი – წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, გიორგი ამილახვარს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 მარტი 2023 11:22

წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, მას აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და ძალიან წარმატებული ადამიანია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გუნდის სახელით განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, 4 წელი ემსახურა ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას.
„მე მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს. მანამდე მინდა გითხრათ, რომ მე უკვე შევხვდი ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მან საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილი წარმატებული მინისტრი იყო, იგი 4 წელი ემსახურა ჩვენს მთავრობას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ახალგაზრდა თაობას. მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. ბატონი მიხეილის გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ დაუბრუნდეს თავის აკადემიურ საქმიანობას. კერძოდ, ბატონი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს თავის საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უცხოელ მრჩეველთა ბორდის თავმჯდომარედ. მე მინდა ჩვენი გუნდის სახელით, პირადად ჩემი და მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ მიხეილ ჩხენკელს გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში.
რაც შეეხება ჩვენს ახალ მინისტრს – ბატონი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მე მინდა გითხრათ, რომ მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული, იგი სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდგომ გერმანიაში. გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა თავის სადისერტაციო ნაშრომზე. მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ გიორგის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი მართლა ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდა, მოტივირებულმა ადამიანმა ძალიან თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი, სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შემქმნელი გახლავთ ბატონი გიორგი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე ბატონი გიორგი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს. მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. ბატონი გიორგი წლებია ჩართულია განათლების სფეროში, იგი ძალიან კარგად იცნობს ზოგადად განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში და მე მჯერა, ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი გიორგი იქნება წარმატებული განათლების და მეცნიერების მინისტრი. მას აქვს ძალიან კარგი ხედვა, ჩვენ ბევრი გვისაუბრია ბოლო ორი წლის განმავლობაში განათლების საკითხებზე, მან იცის ძალიან კარგად, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და მე ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი იქნება წარმატებული მინისტრი. ბოლოს ვიტყვი, რომ ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები, დარგის მენეჯერები. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული, მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე, იგი პარალელურად მუშაობდა თავის აკადემიურ საქმიანობაზე, ასე რომ, მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება გიორგი ამილახვარს და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ყოფილ მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გიორგი ამილახვარმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრს საკუთარ ხედვას და სამოქმედო გეგმას წარუდგენს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
წაკითხულია 68 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა.

    "პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას.

    უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება.
    სწორედ ამ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა იწოდება მსოფლიოში მაღალპროფესიონალურ და თავისუფალ ჟურნალისტიკად, რადგან ამ სტანდარტის დაცვა ქმნის ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს.
    თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, ისე მისი დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის ნიშანი. ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე.
    კიდევ ერთხელ ვულოცავ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ყველა ჟურნალისტს და ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში".
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი
    ირაკლი ღარიბაშვილი
  • ქალბატონ კატრინ კოლონას, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

    კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის ფრაგლებში 26-დან 28 აპრილამდე და გამოხატავს მხარდაჭერას რეგიონში მშვიდობისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ.

    კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი 26-დან 28 აპრილამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ესტუმრება. ის აღნიშნავს საფრანგეთის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთოშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემით. ის ასევე მოუწოდებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და დაუყოვნებლივ აღდგეს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მიმოსვლა.

    ბაქოში, მინისტრი შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და თავის კოლეგა ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს. ის აგრეთვე პატივს მიაგებს 1990 წლის 20 იანვრის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას.

    ერევანში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და თავის კოლეგა ბატონ არარატ მირზოიანთან. იგი ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინას ჯერმუკში და ქედს მოიხრის სომეხთა გენოციდის მემორიალთან, რომლის 108 წლისთავსაც საფრანგეთი 24 აპრილს აღნიშნავს.

    თბილისში, მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გასაგრძელებლად.

  • პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა.

    ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში. 
    საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

    პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
    საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს და პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.
    ასევე, განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული ინტენსიური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
    ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველომ კვლავაც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

    ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკის პროექტებისა და შავი ზღვის დაკავშირებადობის პრიორიტეტულობას და ამ კონტექსტში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა მზარდი ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დინამიკას.
    ირაკლი ღარიბაშვილმა პიტერ სიიარტოს ევროინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას.
    შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური