ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მთავარი საექსპორტო მილსადენით, განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რომან ვასილენკომ დღეს, ასტანაში გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში მომხდარმა ტრაგიკულმა მიწისძვრამ, გავლენა იქონია ნავთობის ტრანსპორტირებისა და სხვა სამუშაო გრაფიკის საკითხებზე.
„ყაზახეთი გეგმავს ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გავლით. სამწუხაროდ, თურქეთში ტრაგიკული მიწისძვრა მოხდა, რამაც ჯეიჰანის ტერმინალი დააზიანა. ნავთობის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე ჯერ არ განახლებულა, თუმცა სულ მალე ისევ დაიწყება. ამ მარშრუტით ჩვენ 3-3,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ვგეგმავთ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გადის სამ ქვეყანაზე კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე. 1768 კმ. სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ახალი ათასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო მიღწევაა.
მისი სიგრძე 443 კილომეტრია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალამდე.
მილსადენი მთელ სიგრძეზე მიწაშია ჩამარხული. უმაღლეს წერტილში, სადაც იგი კავკასიის მთებს კვეთს მილსადენი ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეს აღწევს. მას დღეში ერთი მილიონი ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია და აზერი-შირაგი-გუნაშლის საბადოს სრული განვითარების საექსპორტო მოთხოვნებს პასუხობს.
BTC არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენი მსოფლიოში. მისი მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა.
ავთანდილ ოთინაშვილი
სპეციალურად ასტანიდან