მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 15 მარტი 2023 13:19

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023–ი ოფიციალურად დაიხურა. საქართველომ, როგორც გამოფენის ოფიციალურმა მასპინძელმა ქვეყანამ, გამოფენის 180-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელსა და 200 ათასამდე დამთვალიერებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული სექტორის პოტენციალის, ტრადიციების, სტუმარმასპინძლობისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სლოგანი გამოფენაზე იყო „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“. გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 5000-მდე წარმომადგენელმა გააშუქა. 

„ბერლინის გამოფენაზე ჩვენ გამორჩეულად საინტერესო და ყოვლისმომცველი პავილიონი გვქონდა. ჩვენ სტუმრებს გავაცანით საქართველო თავისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, ბუნების ძეგლებით, გამორჩეული ფოლკლორით, უგემრიელესი სამზარეულოთი და მეღვინეობის უწყვეტი 8000-წლოვანი ისტორიით, რომლის გამოც მსოფლიო ჩვენს ქვეყანას სამართლიანად უწოდებს ღვინის სამშობლოს. ამავე დროს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ თანამედროვე მიღწევებითაც - მდგრადად განვითარებადი კურორტებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველო გახდეს კარგად განვითარებული ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რის გამოც ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ხდება ახალი, მიმზიდველი ტურისტული ადგილების, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროებისა და სხვა ინფრასტრუქტურის, კონკურენტული სერვისების განვითარება“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ITB Berlin 2023-ზე მასპინძელ ქვეყნად საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას და ქვეყანას წარმატებით გაიყვანს ახალ სამიზნე ბაზრებზე, მათ შორის, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის ზრდის დინამიკას. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილობრივ საავიაციო ბაზარზე შემოვიდეს მეტი ახალი ავიაკომპანია, არსებულმა ავიაგადამყვანებმა კი გაზარდონ მიმართულებები და რეისების სიხშირე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ევროპის მიმართულებებზე, რათა მეტმა ევროპელმა ტურისტმა შეძლოს საქართველოში მოგზაურობა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

ITB Berlin 2023-ზე საქართველოს პავილიონი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე განთავსდა, სადაც 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.

წაკითხულია 125 ჯერ

Related items

  • „უსაზღვრო სტუმართ-მასპინძლობა“ - ასე წარადგენს თავს საქართველო ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე (ITB ბერლინი 2023)

    7 მარტს ბერლინის 2023 წლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა დაიწყო, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. წელს მისი სლოგანია „უსაზღვრო სტუმართ-მასპინძლობა“, რაც საქართველოს ლეგენდარულ სტუმართმოყვარეობასთან არის დაკავშირებული.

    „ITB ბერლინი“ 1966 წლიდან ტურიზმის სფეროს წამყვანი გამოფენაა მსოფლიოში. პანდემიისგან გამოწვეული წყვეტის შემდეგ წელს იგი კვლავ ჩვეული ფორმით იმართება.

    საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 9 მარტის ჩათვლით ბერლინის საგამოფენო სივრცეში მრავალი აქტივობითა და ღონისძიებით ქვეყნის ტურისტულ მრავალფეროვნებას წარადგენს.

    გახსნის ოფიციალური შოუ 6 მარტს გაიმართა და გერმანიის ვიცე-კანცლერის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. ღონისძიების ლაიტმოტივი იყო „უსაზღვრო ქართული კულტურა - მეღვინეობის საწყისიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის ქართული სასცენო ხელოვნების შედევრები, მათ შორის ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, მრავალხმიანი სიმღერა და ქართული ეროვნული ბალეტი.

    საგამოფენო სივრცეში საქართველოს დათმობილი აქვს 705 მ² ფართობი, სადაც ყოველ დღე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, სახელოვნებო ვორკშოპები, კალიგრაფიული მასტერკლასები და რა თქმა უნდა ქართული ღვინის დაგემოვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია 80 კომპანია საქართველოს ტურისტული, სასტუმრო და საჰაერო მიმოსვლის სფეროებიდან.

    „ITB ბერლინის“ გახსნითი დათვალიერების ცერემონია გაიმართა გამოფენის პირველ დღეს საქართველოს (როგორც მასპინძელი ქვეყნის) სტენდთან, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.

    ფოტო© GNTA

  • მარიამ ქვრივიშვილი - ჩინეთთან რეგულარული ფრენები 2023 წლიდან აღდგება

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ჩინეთის ავიაკომპანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.

    „სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

    მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქვეყნის საავიაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა უწყებები აქტიურად საქმიანობენ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად. მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი სამოქალაქო ავიაციის სექტორში.

    აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პანდემიამდე ჩინეთიდან 48,071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 50.9%-იანი მატება იყო 2018 წელთან შედარებით, ხოლო ტოპ 15 ქვეყანას შორის ჩინეთი მეთხუთმეტე ადგილზე პოზიციონირებდა.

    ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2023 წლის 25 მარტამდე – კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შესრულდება. China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, „კოვიდ-19“-ის ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო, 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.

    ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

  • მინისტრის მოადგილე ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ბაკურიანში, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. 

    მარიამ ქვრივილმა, მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელთან ირაკლი ბურჭულაძესთან ერთად დიდველსა და მიტარბიზე მოწყობილი ტბის ორი ხელოვნური რეზერვუარი და გათოვლიანების სისტემები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ტბის ხელოვნურ რეზერვუარებს ჯამურად 300 მლნ ლიტრი წყლის მარაგი ექნება და გათოვლიანების სისტემას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ.

    „ბაკურიანში პრაქტიკულად დასრულებულია მსოფლიო ჩემპიონატის სრულფასოვნად მასპინძლობისთვის საჭირო მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ხელოვნური რეზერვუარების მოწყობასა და 29-კილომეტრიანი გათოვლიანების სისტემის მონტაჟს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარების წყლით შევსების პროცესი. აღნიშნული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ხელს შეგვიწყობს, რომ საქართველომ ღირსელად უმასპინძლოს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში. ამავდროულად, აღნიშნული ინფრასტრუქტურა გააძლიერებს კურორტ ბაკურიანს, გაახანგრძლივებს ზამთრის ტურისტულ სეზონს და გაზრდის ვიზიტორთა გამტარუნარიანობას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

    მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლაინების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი. შესაბამისად, განხორციელდა  დაახლოებით 300 მლნ ლარის ინვესტიცია.

    თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კი კომპანია „სილქნეტია“.

  • ირაკლი ღარიბაშვილი, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, ოლაფ შოლცს შეხვდა

    ბერლინში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს შორის ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრა.

    საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილმა და  ოლაფ შოლცმა ისაუბრეს.
    შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას და გამოხატეს მზადყოფნა, ძალისხმევა მიმართონ  სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისკენ.  
    შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და გლობალური გამოწვევები. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობა ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, 2008 წლის სამხედრო აგრესიასა და იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.
    ამ ფონზე აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა გერმანიის გამორჩეულ  წვლილს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველოში.
    შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასა და მის  მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა როგორც ამ ისტორიული გადაწყვეტილების, ისე ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.  რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან.  
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული პერსპექტივის და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განსაკუთრებულ დატვირთვას და მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით უდგება. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს  რეკომენდაციების  შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე.  აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ინკლუზიური მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
    შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისათვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთს შორის  შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ მედიაციას და პრემიერ-მინისტრის სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
    შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა მადლიერება ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის გამო და ხაზი გაესვა ამ პროცესში განსაკუთრებით წარმატებულ თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან  ალიანსის სამშვიდობო მისიებში.
    საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დამატებით მიმართონ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალის სრულად გამოყენებისკენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი  სატრანზიტო ჰაბის, გაზრდილი როლი ევროკავშირისთვის  და  შუა დერეფნის, როგორც დიდი პოტენციალის მქონე მრავალმოდალური სატრანსპორტო დერეფნის, მნიშვნელობა.

    ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გერმანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

    მხარეები მიესალმნენ 2023 წელს საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე – ITB Berlin, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციას და ქვეყნის  ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.  
    მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის  არსებულ ხალხთაშორის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში ხელმოწერილი კომპლექსური მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი და გერმანელი ხალხების, სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების დაახლოებას.
    ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცი მისთვის ხელსაყრელ დროს საპასუხო ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ბერლინის ზოოპარკში ტყუპი პანდების დაბადების დღე აღნიშნეს (ვიდეო)

    ბერლინის ზოოპარკში გუშინ, ტყუპ პანდებს (ძმებს) - მენ სიანსა და მენ იუანს დაბადების სამი წლის იუბილე ზოოპარკის ადმინისტრაციამ საზეიმო ვითარებაში აღუნიშნა. ტყუპ პანდებს მათთვის საყვარელი ტორტი მიართვეს, რომელიც პანდებმა დიდი სიამოვნებით მიირთვეს.

    აღსანიშნავია ის რომ ბერლინის ზოოპარკში მცხოვრებ პანდებზე დაკვირვება და განვითარება თავის ჩინელ კოლეგებთან (ჩენდუს განვითარების ცენტრი) მჭიდრო კონსულტაციების პირობებში მიმდინარეობს.

      

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური