პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ვახშამზე უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 მარტი 2023 10:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

დიპლომატების პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. 

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება. რეგიონულ ამბასადორიალში მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები; მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე, თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები. 
ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გარკვეული პერიოდულობით იმართება და კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. 

როგორც ოფიციალურ ვახშამზე აღინიშნა, ამბასადორიალის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში; მათ შორის, საქართველოს როგორც ძლიერი მოკავშირის როლს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
წაკითხულია 186 ჯერ

Related items

  • საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს

    ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „დღეს საბჭომ მიიღო დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

    ევროპული საბჭოს ცნობით, საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს. აღნიშნული თანხით დაფინანსდება საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება და მომსახურება, მათ შორის ტექნიკური მომზადება მოთხოვნის შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთადაცვით აღჭურვილობას.

    „ამ ახალი დახმარებით, ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზების მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებაში და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის უნარების განვითარებაში. ეს არის ორივე ქვეყნისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების მესამე პაკეტი, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

    ევროპული საბჭოს ცნობით, დახმარების ბოლო პაკეტი, წინა პაკეტებთან ერთად, ხელს შეუწყობს მოლდოვისა და საქართველოს ძალების ოპერატიული ეფექტურობის გაზრდას, დააჩქარებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ურთიერთთავსებადობას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეების უკეთეს დაცვას კრიზისებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს. ასევე, დახმარების პაკეტის მიზანია მოლდოვისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მათი მონაწილეობის კუთხით.

    საბჭოს ცნობით, დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. მანამდე, 2022 წლის დეკემბერში საბჭომ დაამტკიცა 20 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი, ხოლო 2021 წლის დეკემბერში – 12,75 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი.

    ანალოგიური მიზნებისთვის ევროკავშირის საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

  • პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა.

    "პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას.

    უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება.
    სწორედ ამ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა იწოდება მსოფლიოში მაღალპროფესიონალურ და თავისუფალ ჟურნალისტიკად, რადგან ამ სტანდარტის დაცვა ქმნის ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს.
    თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, ისე მისი დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის ნიშანი. ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე.
    კიდევ ერთხელ ვულოცავ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ყველა ჟურნალისტს და ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში".
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი
    ირაკლი ღარიბაშვილი
  • გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

    დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

    პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

    იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.

    რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.

  • “რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო - ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 79 %-დან 89 %-მდე გაიზარდა
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „გამოგორდა“ ბატონი კალაძე და განაცხადა - ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმიტომ არ მოგვანიჭა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგო. ეს იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომ დასავლეთი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ, რომ 12-ვე პუნქტი შესრულებულია, რომ საქართველოში არ არის კორუფცია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, სამართლიანი და ნდობით აღსავსე სასამართლო სისტემა.
    „რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო - ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 79 %-დან 89%-მდე გაიზარდა. „ოცნება“ უკვე 1 წელია ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ და ამერიკა და დასავლეთი „ცუდები“ არიან - რა მივიღეთ: ბოლო კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 90 %-ს სურს დასავლეთი!
    რაც შეეხება კორუფციას და კონკრეტულად ბატონი კალაძის მისამართით დასმული კითხვებიდან ერთ-ერთს: თბილისის მერიამ, ტენდერით, შეიძინა 400 ლურჯი ავტობუსი და თითოეულში გადაიხადა 250 000 ევრო, ხოლო ევროპის სხვა ქალაქებმა ზუსტად იგივე ავტობუსში 160-დან 180 000 ევრომდე გადაიხადეს. ბატონმა კალაძემ მოახერხა თითო ავტობუსში საშუალოდ 80 000 ევროთი მეტის დახარჯვა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის მიერ გადახდილი ფულიდან აორთქლდა 20-30 მილიონი ევრო. ის ფაქტი, რომ ამ თემაზე გამოძიება დღემდე არ დაწყებულა, სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს.
    სადაც ყვავის კორუფცია, იქ არ არის ეკონომიკური პროგრესი. მომავალში, ყველა კორუმპირებული მოხელე ახალი, სამართლიანი სასამართლოს მიერ იქნება გასამართლებული და დასჯილი!", ნათქვამია განცხადებაში.
  • ქალბატონ კატრინ კოლონას, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

    კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის ფრაგლებში 26-დან 28 აპრილამდე და გამოხატავს მხარდაჭერას რეგიონში მშვიდობისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ.

    კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი 26-დან 28 აპრილამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ესტუმრება. ის აღნიშნავს საფრანგეთის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთოშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემით. ის ასევე მოუწოდებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და დაუყოვნებლივ აღდგეს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მიმოსვლა.

    ბაქოში, მინისტრი შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და თავის კოლეგა ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს. ის აგრეთვე პატივს მიაგებს 1990 წლის 20 იანვრის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას.

    ერევანში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და თავის კოლეგა ბატონ არარატ მირზოიანთან. იგი ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინას ჯერმუკში და ქედს მოიხრის სომეხთა გენოციდის მემორიალთან, რომლის 108 წლისთავსაც საფრანგეთი 24 აპრილს აღნიშნავს.

    თბილისში, მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გასაგრძელებლად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური