გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 თებერვალი 2023 11:21

გაერთიანებული  ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში.

საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.

კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ  და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს.

მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად  და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში

წაკითხულია 218 ჯერ

Related items

  • სუდანში ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა მოხდა

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სუდანში ევროკავშირის ელჩს, ეიდან ოჰარას საკუთარ სახლში თავს დაესხნენ.

    "ტრტ-ქართულის" ცნობით, შეტაკებები არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის სუდანში 15 აპრილიდან გრძელდება.

    ბორელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: „რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირის ელჩს სუდანში თავს დაესხნენ მის რეზიდენციაში. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური ობიექტების და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლით დაკისრებულია ვალდებულებაა“.

    ოჰარას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა სუდანში ფოლკერ პერტესმა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

    პერტესმა მიმდინარე კონფლიქტზე თქვა: „ეს არის ძალიან არასტაბილური სიტუაცია, ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ სად გადაიხრება ბალანსი“.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „დღეს კიდევ ერთხელ გვსურს შევაჯამოთ საქართველოში გასული კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები.

    კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა:

    -         პირველ რიგში, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო - ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის;

    -         საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოური გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას, უპირისპირდებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ა.შ. - სინამდვილეში არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან;

    -         გარდა ამისა, კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ ენჯეოების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას. შეგახსენებთ, რომ ენჯეოების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტების ხელით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ.

    კანონპროექტი, რომლის ერთადერთი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო, ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.

    გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური ნაცმოძრაობის - გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები. 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა - 2012 წლამდე ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან.

    იგივე ლოგიკით, 2012 წლამდე ნაცმოძრაობის მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი, სახალხო დამცველზე ნაცმოძრაობის მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან უცხოური გავლენის აგენტს არ დაუგმია.

    ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის ნაცმოძრაობა, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში.

    გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავებს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამისათვის.

    ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ.

    ხელისუფლებისა და ნაცმოძრაობის ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი.

    უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც. თუმცა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც. სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად „ნაცმოძრაობასთან“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“, „სირცხვილიასთან“ და „დროასთან“ ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა „ფრანკლინის კლუბის“ აქტიურობა. „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე.

    „ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი“. აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. „ფრანკლინის კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან.

    გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.

    აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე. გარდა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებებისა, ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ენჯეოების წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი ნაციონალები. ლიბერალური ფაშიზმი ნაცმოძრაობის ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

    განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. აგრეთვე დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს. შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა.

    დასასრულს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არაფერი ქონდა საერთო რუსულ კანონთან. ამგვარი კანონები დიდი ხანია მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ისრაელში. ამჟამად, აქტიურად განიხილება ანალოგიური კანონების მიღება ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციისა და მისი მფარველების მიერ წარმოებული კამპანია ე.წ. რუსული კანონის შესახებ თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო დაფუძნებული. ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად. ეს იყო ერთგვარი „საუკუნის პიარ-თაღლითობა“, რომლის მთავარი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო. ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჰუმანური, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო სისტემა, რომელიც დგას და კვლავაც მყარად იდგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე.

    რაც შეეხება რუსულ ფაქტორს: სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას შარშანწინ, შარშან ან წელს თავისი რევოლუციური გეგმები რომ აღესრულებინა, თბილისში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ საქართველოში რუსულ ტანკებს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს.

    დღეს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა იმის გარანტი, რომ საქართველოში არ განხორციელდება მეორე ფრონტის სცენარი, რაც ჩვენს ქვეყანას რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ინტერვენციას და უკრაინაზე მძიმე შედეგებს მოუტანდა.

    ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას და განაგრძობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

    ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ! ღრმად გვწამს, რომ ევროკავშირის წევრობა არა ღირსებისა და დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, მონური დამოკიდებულებითა და ცალ ფეხზე დგომით, არამედ მხოლოდ ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი!", - წერს თავის განცხადებაში ირაკლი კობახიძე.

  • პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

    „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ოფიციალურად გაწვეულია. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენაზე ჩავარდა.

    რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა წევრმა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი.

    როგორც ცნობილია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიიღო.

    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის ოფიციალური გაწვევისთვის საჭირო იყო, პირველი მოსმენით მიღებული პროექტი პლენარულ სხდომაზე ისევ გაეტანათ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩაეგდოთ.

    რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა კანონპროექტი უკვე გაიწვიეს.

    „საორგანიზაციო საკითხებში ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ე.წ. ამერიკულ ფარას თარგმანს და ის გაწვეულია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

  • კახა ოქრიაშვილი: „საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ“!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    არალეგიტიმური, უკანონო „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სრულად დაიმორჩილოს და დაამონოს ქართველი ხალხი, ჩაახშოს ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჩვენი სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, დაცულ, სამართლიან საზოგადოებაში. მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება და მომავალშიც გააგრძელონ ამ ქვეყნის ყვლეფა, ჩვენი ხალხის ხარჯზე.

    დღეს მათ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, აიძულა გადაედგათ ნაბიჯი უკან და განეცხადებინათ, რომ  გაიწვევენ არადემოკრატიულ, უკანონო კანონპროექტს.

    ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ! ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციის უკანონოდ დაკავებული ყველა მონაწილე!

    საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც  სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ.

    გამარჯვება წინ არის!", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.  

  • ნედ პრაისი - ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისა და აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობისთვის პარტნიორობა

    ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

    ნედ პრაისმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

    ნედ პრასის თქმით, ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე.

    „თქვენ გრძნობების შესახებ იკითხეთ და ეს გრძნობა არის ღრმა შეშფოთება. თქვენ მოისმინეთ, რომ ჩვენ ამ განწყობას სისტემატურად გამოვხატავდით ბოლო დღეებში. ეს არის ღრმა შეშფოთების გრძნობა ამ კანონპროექტის პოტენციური შედეგების გამო. ეს კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს გარკვეულ უფლებებს, რომლებიც არის ძირითადი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნათელი მომავლისკენ. ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმების და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას, რომლებსაც არაფერი უნდათ მეტი, გარდა ერთად მუშაობისა ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლის, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან, მომავლის, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, სადაც საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

    მისი თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებული და შეწუხებულია იმის გამო, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს აღნიშნული კანონი ქართველი ხალხისთვის.

    „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული და შეწუხებულები იმის გამო, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ქართველი ხალხისთვის, თუმცა ასევე იმიტომ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ არის საქართველოს პარტნიორი, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშშ მის გვერდითაა და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე ეს მისწრაფებები, გარკვეულ შემთხვევაში, იყო არაფერი, გარდა იდეისა. ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მუშაობდა ამ მისწრაფებების განხორციელებისთვის. მათ მიაღწიეს დიდ პროგრესს დემოკრატიად ჩამოყალიბებაში, რომელზეც ისინი ფიქრობდნენ ადრეულ ეტაპზე, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს ინტეგრაციაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველო დარჩეს ამ გზაზე, თუმცა ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის. ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ეს მოხდეს. აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა, გაერო-მ და, რაც მთავარია, ქართველ ხალხმა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა გაავრცელეს ძლიერი განცხადებები, სადაც გამოხატეს შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

    როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, საუკეთესო კონტრმაგალითი არის აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან და როგორ არის შეშფოთებული აშშ იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას, შესაძლოა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე, თუკი მსგავსი კანონი წინ წაიწევს.

    „საუკეთესო მაგალითია კონტრმაგალითი. ეს არის იმის მაგალითი, თუ რა ტიპის პარტნიორობა შეუძლია აშშ-ის იმ ქვეყნების მოსახლეობასთან, რომლებიც მიისწრაფიან, გააგრძელონ დემოკრატიის, დემოკრატიული რეფორმების, ევროპასთან და უფრო ფართო ევროატლანტიკურ რეგიონთან ინტეგრაციის გზა. ვფიქრობ, საუკეთესო კონტრმაგალითი არის აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს პარტნიორობა და როგორ ვართ შეშფოთებული იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას, შესაძლოა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე, თუკი მსგავსი კანონი წინ წაიწევს. საბოლოოდ, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენი ძლიერი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა უსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი საუბრობს მკაფიო ხმით. ზუსტად ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მკაფიო, ხმამაღალ ხმებს ახშობენ ცრემლსადენი გაზით, იმათი ჩახშობის ძალისხმევით, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლებას იყენებენ. ეს ჩვენთვის შეშფოთების მიზეზია. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, მთელ მსოფლიოში მთავრობებმა, რა თქმა უნდა, თბილისში მთავრობის ჩათვლით, მოუსმინოს თავის ხალხს“, – განაცხადა პრაისმა.

    ნედ პრაისს ბრიფინგზე ასევე კითხვა დაუსვეს, არის რამე, რაც ხელს უშლის აშშ-ის მთავრობას, რომ სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, „რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას და რომლის პარტიამაც წამოაყენა ეს კანონპროექტი“.

    „როგორც იცით, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე ან კომპანიებზე, რომლებიც, შესაძლოა, ექვემდებარებოდნენ აშშ-ის ან სხვა სანქციებს, თუმცა ჩვენ გვაქვს რიგი ინსტრუმენტებისა, რომელთა დამტკიცებაც მოგვცემს შესაძლებლობას, პასუხისგებაში მივცეთ მსოფლიოში ყველა და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უნივერსალური უფლებების ჩახშობაზე. არის უფლებამოსილებები, რომლებიც გაწერილია სხვადასხვა კანონში, აღმასრულებელ განკარგულებაში, რასაც ჩვენ განვიხილავთ ყურადღებით ამ კონტექსტში. ამას ვაკეთებთ ნებისმიერ კონტექსტში, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და რაც მნიშვნელოვანია, რასაც ქართველი ხალხი ელოდება და იმსახურებს უნივერსალური უფლებების კუთხით“, – განაცხადა პრაისმა.

    წყარო: https://1tv.ge/news/ned-praisi-vkhedavt-kanonproeqts-romelic-iqneba-didi-ukusvla-saqartvelos-mosakhleobis-miswrafebebisa-da-ashsh-is-shesadzleblobistvis-gaagrdzelos-saqartvelos-mosakhleobistvis-partnioroba/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური