გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2023 13:43

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში შერაზ გასრს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას მრავალწლიანი მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხს.

შეხვედრაზე მინისტრმა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ქვეყანაში ლიბერალური საგადასახადო სისტემის საფუძველზე ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მინიჭებული აქვს ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, რაშიც ჩვენი მეგობარი ქვეყნების და, რა თქმა უნდა, საფრანგეთის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ საფრანგეთთან ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო. ვიმედოვნებ, სამომავლო გეგმები კიდევ უფრო აქტიური და ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„როგორც იცით, ევროკავშირი ღირებულებების და პრინციპის ერთობაა. მე მინდა მოგილოცოთ ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, საქართველოს დავეხმაროთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში. ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველო ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული იმპორტზე და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით თავი უნდა დაიმკვიდროს ევროკავშირის ბაზარზე. მე მივესალმები ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე პროექტებს და აღვნიშნავ, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შერაზ გარსმა.

წაკითხულია 157 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის შეხვდა.

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
    აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
    შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას და კონსტრუქციულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საფრანგეთის ელჩს უმასპინძლა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. მინისტრმა საფრანგეთის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლების სფეროში არსებული მრავალწლიანი მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის შესანიშნავი პროექტი. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის კიდევ უფრო გაფართოება ახალი აკადემიური პროგრამების დამატების გზით.

    მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ერთობლივი პროფესიული პროგრამების განხორციელება შესთავაზა. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ­– საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კოლეჯებში მიმდინარე სასწავლო პროცესში 2022 წლიდან ჩართულნი არიან უცხოელი მასწავლებლები, რაც სასწავლო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მალე ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები და  გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის. მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა.

    შეხვედრისას მინისტრმა შერაზ გასრის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

    მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის  აქტიურად ითანამშრომლოს საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელების მიზნით.

    როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.

    საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველი და ფრანგი მეცნიერები ადრონული თერაპიის ცენტრში ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.

    საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო Horizon Europe-ის პროგრამას. მინისტრის თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ხელი ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მოეწერა. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული და საგრანტო ოფისები უკვე ფუნქციონირებს.

    თავის მხრივ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და განაცხადა, რომ ევროპული ხარისხის შესაბამისი ახალი უნივერსიტეტის დაფუძნება და განვითარება მართლაც შთამბეჭდავია. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. შერაზ გასრიმ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

    შეხვედრას საფრანგეთის ელჩის მრჩეველი და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამილ ნორა ესწრებოდა.

    განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური

  • ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

    2022 წლის 19 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან, შერაზ გასრისთან. მინისტრმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და უსურვა წარმატებული საქმიანობა.

    მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგზე, მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკასა და სამომავლო დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვის, შიდა უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების ფართო სპექტრს და ასახავს მჭიდრო კავშირებს ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა დიალოგის მეორე რაუნდის ახლო მომავალში ჩატარებისთვის.

    ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს  საფრანგეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობა. საფრანგეთის ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა, ახალ თანამდებობაზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი დარჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდამჭერი. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

  • საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
    2022 წლის 15 დეკემბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ქალბატონმა შერაზ გასრიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.
    ცერემონიის შემდეგ გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
    რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
    პრეზიდენტის პრეს-სამსახური
  • საფრანგეთის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში უკვე თბილისში იმყოფება
    საფრანგეთის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში უკვე თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
    მათი მონაცემებით, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი შერაზ გასრი (Sheraz Gasri) ახლო მომავალში შეუდგება საკუთარი დიპლომატიური მოვალეობის შერულებას.
    გაეცანით მის ბიოგრაფიას :
    ქალბატონი შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის კურსდამთავრებულია. იგი, ასევე, ფრანგული ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხისა და პარიზის პოლიტიკური სწავლების ინსტიტუტის დიპლომის მფლობელია.
    საქართველოში საფრანგეთის ელჩად დანიშვნამდე, მას, 2017 წლიდან, პოლიტიკური მრჩეველის თანამდებობა ეკავა საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში, ხოლო 2015-დან 2017 წლამდე - დიპლომატიური მრჩეველის პოსტი სოციალურ საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროში.
    დიპლომატიური კარიერის მანძილზე, ქ-ნი გასრი ასევე იყო ტექნიკური მრჩეველი ქალთა უფლებების მინისტრის აპარატში, ხოლო მანამდე ეკავა პოლიტიკური მრჩეველის პოზიცია საფრანგეთის საელჩოში თელ-ავივში. 2008-2011 წლებში, ის იყო პოლიტიკური მრჩეველი საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში, ხოლო 2004-2008 წლებში - იურიდიულ საქმეთა დესკ-ოფიცერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ ადმინისტრაციაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური