თბილისში საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიური რიგით მე-16 სხდომა გაიხსნა
წლევანდელი მაღალი დონის ღონისძიება საიუბილეოა და ის TRACECA-ს შექმნიდან 30-ე წლისთავსა და “ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
სხდომის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები. ასევე გათვალისწინებულია ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ და, აგრეთვე, ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება.
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის პროგრამა ასევე ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას მუდმივ სამდივნოებსა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებისათვის, ზღვაზე გაუსვლელი ქვეყნებისა და მცირე კუნძულის განვითარებად ქვეყნებისათვის გაეროს უმაღლეს წარმომადგენლის ოფისს შორის.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ თურქმენეთი მზადაა მიუერთდეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანის (ტრასეკას) ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებას.
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ტრასეკას დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუციის მიღება.
2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა ერთი წლით საქართველო იქნება.
TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობენ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მხარეების ოფიციალური წარმომადგენლები, ტრასეკას ეროვნული მდივნები - სამთავრობათაშორისო კომისიის დამკვირვებლები ქვეყნები, ტრასეკას პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები.
Related items
-
მილიარდი უკონტაქტო ტრანზაქცია ერთ წელიწადში: გარდამტეხი მომენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის
მსოფლიო მასშტაბით, უკონტაქტო ტრანზაქციების რიცხვი სატრანზიტო ოპერატორის გაციფრულების კვალდაკვალ იზრდება
თბილისი, 4 ოქტომბერი, 2022 - Სულ უფრო მეტი მგზავრი მოელის კომფორტულად გადაადგილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით. Visa-ს უახლესმა კვლევამ - ურბანული მობილობის მომავალი” (Future of Urban Mobility Survey) დაადასტურა, რომ მგზავრების 91% საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკონტაქტო გადახდით სარგებლობს. გამოკითხულთა თითქმის მესამედმა უკონტაქტო გადახდები მთავარ მახასიათებლად დაასახელა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას განაპირობებს.
იმავე კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების უმეტესობა (88%) ამბობს, რომ სტაბილურობა და გარემო ფაქტორები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი სიხშირით სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დასაქმებული მგზავრების უმეტესობა (62%) საზოგადოებრივი ტრანსპორტით კვირაში მინიმუმ სამი დღე გადაადგილდებიან.
Tap-to-ride ტექნოლოგია მგზავრებს ბარათით ან მობილური საფულის გამოყენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს და მგზავრობის საფასურის მართვა აღნიშნული სერვისით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ზუსტი ნაღდი ფულის ტარება, ან დარდი იმაზე, რომ მეტროს ბარათზე მგზავრობისთვის შესაბამისი ანგარიში არსებობდეს. Visa-მ ხელი შეუწყო უკონტაქტო სატრანსპორტო გადახდების უზრუნველყოფას მსოფლიოს ქალაქებში, ბანგკოკიდან მეხიკომდე, რიომდე და მათ ფარგლებს გარეთ, ამავდროულად მხარი დაუჭირა 550-ზე მეტ ურბანული მობილობის ინიციატივას, მას შემდეგ, რაც 2011 წელს საზოგადოებრივ ტრანსპორტში tap-to-pay ტექნოლოგია დანერგა.
უკონტაქტო გადახდების სისტემა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 2018 წლიდან მოქმედებს და აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში Visa-ს ბარათებით უკონტაქტო გადახდების რაოდენობა გახუთმაგდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით. ამასთანავე, საქართველოში Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების 95%-ზე მეტი უკონტაქტო გადახდებზე მოდის.
ციფრული გადახდების სწრაფი ზრდა დასტურია იმისა, თუ როგორი მიმზიდველია ის მომხმარებლებისთვის. Visa-მ, ერთი წლის განმავლობაში, პირველად დაამუშავა მილიარდზე მეტი tap-to-ride ტრანზაქცია გლობალურ სატრანსპორტო სისტემებში, სადაც ყველაზე დიდი წილი ევროპას უკავია, მათ შორის დღეში 4 მილიონზე მეტი გადახდა ტრანსპორტში, ქალაქ ლონდონზე მოდის, თუმცა სხვა რეგიონებშიც ზრდა შეინიშნება. ჩრდილოეთ ამერიკაში, დაახლოებით, ყოველი მეხუთე უკონტაქტო გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის2. უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის გამოყენებამ დაადასტურა, რომ ის ინვესტიციის სარგებელს (ROI) სთავაზობს სატრანსპორტო სააგენტოებს , მომხმარებლებისთვის მოხერხებულობასა და მოქნილობასთან ერთად.
უკონტაქტო გადახდების ტექნოლოგია, რომელიც დაინტეგრირებულია Visa Prepaid და Private Label ბარათებზე, ციფრული ბილეთების ყიდვის შესაძლებლობებს ქმნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მომხმარებლისთვის, მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა ან საბანკო ანგარიშზე წვდომისა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური ინკლუზიის განვითარებაში მთელ მსოფლიოში.
Visa თანამშრომლობს ქალაქების დამგეგმარებლებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან, ოპერატორებთან და გადაწყვეტილებების მიმწოდებლებთან, რათა ურბანული მგზავრობის გამოცდილების ახლებური გააზრება მოხდეს, ინკლუზიურ, მდგრად და ურთიერთდაკავშირებულ მრავალმოდელურ ტრანსპორტზე ფოკუსირებით. პროგრამის “მდგრადი ქალაქების ქსელის” (Resilient Cities Network) მეშვეობით Visa თანამშრომლობს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქალაქებთან, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ციფრული გადაწყვეტილებები, უნიკალური გამოწვევების გადასაჭრელად.
Visa აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში - Global New Mobility Coalition, რომელიც გამოწვევების უკეთ გადაწყვეტებისკენ მიისწრაფვის, საერთო, დაკავშირებული და დეკარბონირებული მობილობის ეკოსისტემის შესაქმნელად. გუნდმა ახლახანს მიმოიხილა თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინოვაციურ მიდგომას მგზავრობის დროს გადახდების მდგრადობაზე: ინოვაცია მობილურობის გადახდებში ხელს უწყობს ადამიანების მოძრაობას, პლანეტის დაცვასთან ერთად (Innovation in mobility payments is keeping people moving while protecting the planet).
გასული 60 წლის განმავლობაში, Visa თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან, რათა გააუმჯობესოს გადახდის მეთოდები და ხელმისაწვდომობა ტრანსპორტზე, ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების მხარდაჭერით. ყოველდღიურ სატრანსპორტო გადახდებში სიახლეების დანერგვა ყველაზე ეფექტური გზაა ჩვენი მიზნების მისაღწევად.
Visa-ს გლობალური ურბანული მობილობის ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ Visa-ს გლობალური ურბანული მობილობის გვერდს. Visa-ს ურბანული მობილობის კვლევის შესახებ მეტის გაგება შეგიძლიათ აქ.
კომპანია „Visa”-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. ყოველწლიურად Visa, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge
-
თბილისში ფორუმი „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორებოს ურთიერთანამშრომლობით ფორუმი „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები აკავშირებთ, რაც თვალსაჩინო მაგალითია, იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და როგორ გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად. მან ასევე მადლობა გადაუხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთა მხარდაჭერამაც შესაძლებელი გახადა დიაგონალური კუმულაციის საკითხზე ფორუმის ორგანიზება.
ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რომელიც, მისი შეფასებით, დამატებით იმპულსს შესძენს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე წაახალისებს და გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის კერძო სექტორის საექსპორტო შესაძლებლობებს.
ფორუმზე შეკრებილი ბიზნეს-საზოგადოება გაეცნო კვლევის „ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის გზით“ შედეგებს, რომელიც მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს ჩართულობით.
ფორუმზე აღინიშნა, რომ 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეოსი) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი. დიაგონალური კუმულაცია, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის პოტენციალის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებას თურქეთიდან. ამასთან, ქართველი და თურქი მეწარმეების მიერ ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობით, დიაგონალური კუმულაცია წაახალისებს ინოვაციებს და შექმნის ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.
ფორუმის ფარგლებში ასევე წარიმართა საუბარი საქართველოში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე. გაიმართა B2B შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის კომპანიებს შორის, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი ინვესტიციებით ან/და ერთობლივი საწარმოების შექმნით, დიაგონალური კუმულაციისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის კონტექსტში.
ფორუმს დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი მეჰმეთ მუში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აგრეთვე USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, საქართველოსა და თურქეთის კომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა.
-
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება!
გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ მედია საშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს საჰაერო ცის „უკანონო გამოყენების“ შესახებ, რომელიც დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა.
4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანიამ “ირან ეარ კარგომ” ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი - მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა სულ 10 წუთი დაჰყო. აღსანიშნავია “ირან ეარ კარგო” არ არის სანქცირებული კომპანია და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.
ტენდენციური, დაუზუსტებელი და გამიზნულად ცრუ ცნობების გავრცელებით გამორჩეულ საინფორმაციო საშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეპუტაციის შელახვის ნაცვლად, შეეძლოთ ამ ცნობების გადამოწმება და თავადაც ნახავდნენ, რომ ირანული ავიაკომპანია ხშირად ასრულებს რეგულარულ ფრენებს ევროპის მიმართულებით.
გავრცელებული ცნობების სიყალბეზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველო და სომხეთი ევროკონტროლის - ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არიან. ამ კონკრეტულ რეისზე, ისევე როგორც სხვა რეისებზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვა ევროკონტროლმა გასცა. შედეგად, აღნიშნული რეისი შესრულდა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით.
-
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრმა საზღვაო უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათშორისი სწავლება ჩაატარა
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრმა საზღვაო უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათშორისი სწავლება ჩაატარა. ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) უწყებათშორის სწავლებაში (JMOC TTX 2), რომელიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით გაიმართა.სწავლების მიზანი იყო საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოების, ინციდენტებზე რეაგირებისა და მართვის უწყებათშორისი შესაძლებლობების შეფასება, ასევე, საზღვაო ვითარების გაცნობიერების (MDA) შესაძლებლობების ანალიზი, JMOC-ის უწყებათშორისი ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების განხილვა, მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) და მასთან დაკავშირებული მასალების აღმოჩენა, აღკვეთა და საზღვაო სივრცეში მათ უკანონო გადაადგილებასთან ბრძოლის მეთოდების განხილვა.ტრენინგში აგრეთვე მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლები.სწავლება ჩატარდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, სასტუმრო "შერატონში" (ბათუმში), ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში. -
გურამ გურამიშვილი: საქართველოში საზღვაო ნაოსნობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის ჰიდროგრაფიული კატამარანის გადაცემისა და „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოცემული საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაციაში, რომელიც ფოთში, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურში ოფისში გაიმართა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსმა რევაზ ბაბილუამ, სს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კორეის რესპუბლიკის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში დაესუ ჩანგმა.
მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს ზღვაოსნობის დიდი ხნის ისტორია აქვს და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე ამ დარგის ყველაზე დიდი სიმბოლოების - შუქურების გამოსახვა ამის დასტურია.
„სიმბოლურია, რომ მარკის პრეზენტაცია იმართება ფოთის შუქურის სიახლოვეს, რომელიც 1864 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. მარკაზე ასევე დატანილია სოხუმისა და ბათუმის შუქურებიც, რომლითაც ჩვენ გვინდოდა აქცენტი საქართველოს საზღვაო ისტორიაზე გაგვეკეთებინა.
თუმცა ჩვენ დღეს ასევე აღვნიშნავთ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს - საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჰიდროგრაფიულ კატამარანზე, რომელიც კორეაში დამზადდა და ქართულ მხარეს გადმოეცა" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
კატამარანი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მრავალსხივიანი ექოლოტით, რომელიც ზღვის სიღრმეების აზომვას მაღალი სიზუსტით ახდენს, რაც სანავიგაციო რუკების შექმნისათვის აუცილებელი კომპონენტია და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი გარანტორია.
სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით 2020 წლის დეკემბრიდან საქართველოში ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის დანერგვის პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიას კორეულმა მხარემ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია, საქართველოს პორტები აღიჭურვა ძვირადღირებული ოკეანოგრაფიული ტექნიკით, ასევე ჩატარდა ერთობლივი კვლევები, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალი გადამზადდა კორეის რესპუბლიკის ოკეანოგრაფიულ სააგენტოში.
რაც შეეხება საფოსტო მარკას „საქართველოს საზღვაო შუქურები“, ის „საქართველოს ფოსტამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. სამივე შუქურას დღეს უკვე მინიჭებული აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოში საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობის ხაზგასმის და საქართველოს როგორც საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ეკონომიკის სამინისტრო
ბიზნეს ნიუსი
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...
ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ და ოზგურ იუჯელმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო
2023 წლის 3 მაისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტო...
იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის
31 მაისის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელ...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2023 ნახევარფინალის...