დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2023 12:06

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა.

საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების მიხედვით, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ. 

„აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს  შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. 

მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან, კატართან და ა.შ.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა. 

წაკითხულია 108 ჯერ

Related items

  • საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

    საქართველოს მთავრობამ, თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის თაობაზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 1 მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

    ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

    100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს.

    ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.

  • თურქეთში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი გამოიყო

    საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო.

    განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში შვეიცარიის მიერ შეტანილი გრძელვადიანი წვლილის მნიშვნელობას.
    გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში არაერთი შვეიცარიული კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს შვეიცარიელი მეწარმეებისთვის.
    მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. 
    ასევე აღინიშნა 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის, როგორც მედიატორის ფუნქციის მნიშვნელობა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • ბრიტანეთის ტერიტორიიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

    ბრიტანეთის ტერიტორიიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    Boeing 747-ის ტიპის სარაკეტო თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Virgin Orbit-ს, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კორნუოლიდან აფრინდა.

    მოგვიანებით რაკეტა თვითმფრინავს ატლანტის ოკეანის თავზე მოშორდა და აალდა.

    თუმცა, Virgin Orbit-მა საკითხთან დაკავშირებით Twitter -ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იყო ანომალია, რამაც ხელი შეუშალა რაკეტას ორბიტაზე გასვლაში.

    თვითმფრინავი კი კორნუოლში დაბრუნდა, როგორც დაგეგმილი იყო.

    მისია წარმატებული რომ ყოფილიყო, ბრიტანეთი იქნებოდა იმ 9 ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელმაც კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტაზე გააგზავნა.

  • ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.

    საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2023 წლის 25 მარტამდე კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შესრულდება.

    სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მიანიჭა.

    China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, „კოვიდ-19“-ის ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო, 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური